როცა შეუძლებელი სრულიად ჩვეულებრივია — რას აკეთებს ჩვენი ტვინი სიზმრის დროს

გააზიარე

წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ღამე თქვენი ტვინი ფილმს იღებს.

სცენარს თვითონ წერს, მსახიობებად თქვენს ნაცნობებს იყენებს, ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოგონებებს აერთიანებს და ფიზიკის კანონებსაც დიდად არ დაგიდევთ.

შეიძლება ბავშვობის სახლში იყოთ, მაგრამ იქ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც მაშინ საერთოდ არ გყავდათ ნანახი. შემდეგ ოთახიდან გახვიდეთ და სრულიად სხვა ქალაქში აღმოჩნდეთ. ადამიანი, რომელსაც ელაპარაკებით, უცებ სხვად გადაიქცეს, თქვენ კი ამაში განსაკუთრებული ვერაფერი დაინახოთ.

ჩემთვის სიზმრების ყველაზე უცნაური მხარე ყოველთვის სწორედ ეს იყო. არა ის, რომ შეუძლებელი რაღაცები ხდება, არამედ ის, რომ იმ მომენტში ამ შეუძლებლობას თითქმის არასდროს ვაყენებთ ეჭვქვეშ.

სანამ გვძინავს, აბსურდი რეალობაა.

რატომ აკეთებს ამას ტვინი?

როცა სიზმარი ღმერთების გზავნილი იყო

ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას ადამიანები მეცნიერების გაჩენამდე ათასობით წლით ადრე ცდილობდნენ.

ძველ ეგვიპტეში სიზმრებს ღვთაებრივ გზავნილებად და მომავლის ნიშნებად აღიქვამდნენ. ჩვენამდე მოღწეულია ძველეგვიპტური ტექსტიც, რომელსაც დღეს “სიზმრების წიგნს” უწოდებენ. მასში სხვადასხვა სიზმარია აღწერილი და მითითებულია, რა არის კარგი და რა ცუდი ნიშანი.

სიზმრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ანტიკურ საბერძნეთშიც. ჰომეროსის ტექსტებში, რომლებიც კრისტოფერ ნოლანის “ოდისეას” მოლოდინში კიდევ ერთხელ მოექცა ფართო ყურადღების ცენტრში, სიზმარი შეიძლება ღმერთების მიერ ადამიანისთვის გაგზავნილი შეტყობინება ყოფილიყო.

დრო გადიოდა და ნელ-ნელა სიზმრის უფრო ბუნებრივი ახსნის მცდელობებიც გამოჩნდა.

არისტოტელე სიზმრებს ადამიანის შეგრძნებებსა და სხეულში მიმდინარე პროცესებს უკავშირებდა და მათი ასახსნელად ღვთაებრივი ჩარევა აუცილებელ პირობად აღარ მიაჩნდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. სიზმრის მიზეზის ძებნა ზებუნებრივი სამყაროდან თავად ადამიანისკენ გადმოვიდა.

ამ ისტორიაში ერთი რამ განსაკუთრებით მომწონს. ძველ ეგვიპტელს, ჰომეროსის ეპოქის ბერძენსა და ადამიანს, რომელიც დღეს ძილის ლაბორატორიაში EEG-ის ელექტროდებით წევს, ერთმანეთისგან ათასობით წელი აშორებთ. მიუხედავად ამისა, გაღვიძების შემდეგ სამივეს შეიძლება ერთი და იგივე კითხვა გაუჩნდეს: რა იყო ეს?

შეიცვალა მხოლოდ ის, თუ სად ვეძებთ პასუხს. ოდესღაც სიზმრის ახსნას ღმერთებში ეძებდნენ, დღეს კი მის კვალს მძინარე ტვინში ვაკვირდებით.

და მაინც, ათასობით წლის შემდეგ მთავარ კითხვაზე საბოლოო პასუხი კვლავ არ გვაქვს.

რატომ გვესიზმრება?

ერთი პასუხის ნაცვლად ვეცდები რამდენიმე საინტერესო ჰიპოთეზა განვიხილო.

მოგონებები, რომლებიც ერთმანეთს ერევა

დღის განმავლობაში ტვინი უზარმაზარ ინფორმაციას იღებს. ვხედავთ ადამიანებს, ვკითხულობთ, ვმუშაობთ, ვსწავლობთ, რაღაც გვიხარია, რაღაც გვაღიზიანებს და უამრავ ისეთ დეტალსაც ვამჩნევთ, რომელსაც რამდენიმე წუთში უკვე ვეღარ გავიხსენებთ.

დაძინებით ამ ინფორმაციის დამუშავება არ წყდება. შესაბამისად, ძილი მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია. ამ დროს ტვინში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც მოგონებების გამყარებას, გამოცდილების დამუშავებასა და ახალი ინფორმაციის უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

ალბათ, ამიტომ სიზმრებშიც ხშირად ჩვენი რეალური ცხოვრების ფრაგმენტები ხვდება. ოღონდ ტვინი მოგონებებს ვიდეოჩანაწერივით არ იმეორებს.

ჩემს სიზმრებზე დაკვირვებისას ხშირად მიფიქრია, რომ მათი უცნაურობა ცალკეულ დეტალებში კი არა, ამ დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებაშია. ადამიანები და ადგილები ნაცნობია, ზოგჯერ ემოციაც კარგად ვიცი, საიდან მოდის, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ამბავი გამოდის, რომელიც არასდროს მომხდარა.

თითქოს ტვინი დღის განმავლობაში დაგროვილ მასალას იღებს, ნაწილებად შლის და ღამით სრულიად სხვა თანმიმდევრობით აწყობს.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ გვხვდება სიზმრებში ასეთი უცნაური ნაზავი ნაცნობისა და სრულიად უცხოსი.

რატომ არ გვიკვირს არაფერი?

და, აი, აქ ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვა ჩნდება. რატომ გვჯერა ამ ყველაფრის?!

სიზმარში საზღვრები თითქმის არ არსებობს. შეიძლება უცებ სხვა ქალაქში აღმოჩნდეთ, ადამიანი სხვად გადაიქცეს ან სრულიად შეუძლებელი რამ მოხდეს და მაინც ყველაფერი ჩვეულებრივად მოგეჩვენოთ.

ფრენა დავიწყეთ? რა პრობლემაა!

ოთახი უცებ ქუჩად გადაიქცა? გავაგრძელოთ, მშვენიერი ქუჩაა!

ადამიანი, რომელსაც ველაპარაკებოდით, ახლა სხვა ადამიანია? არც ეს არის განსაკუთრებული პრობლემა, მასთან საუბარიც საინტერესოა!

სიფხიზლეში მსგავსი რამ მაშინვე დაგვაეჭვებდა. სიზმარში კი მოვლენების ლოგიკურ თანმიმდევრობასა და რეალობას ისეთივე სიმკაცრით აღარ ვამოწმებთ.

REM ძილის დროს ტვინის სხვადასხვა სისტემა განსხვავებულად მუშაობს. ემოციებსა და მეხსიერებასთან დაკავშირებული რეგიონები საკმაოდ აქტიური შეიძლება იყოს, მაშინ როდესაც ზოგიერთი უბანი, რომელიც სიფხიზლეში დაგეგმვას, თვითკონტროლსა და კრიტიკულ შეფასებაში მონაწილეობს, განსხვავებული აქტივობის რეჟიმშია.

შედეგად ვიღებთ ძალიან ცოცხალ გამოცდილებას სამყაროში, რომლის წესებიც ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს.

სწორედ ეს შეიძლება ნაწილობრივ ხსნიდეს, რატომ ვიღებთ სიზმრის აბსურდულ მოვლენებს ასე მარტივად. ტვინი ქმნის ემოციურად დამაჯერებელ სამყაროს, მაგრამ ის სისტემები, რომლებიც სიფხიზლეში რეალობის შემოწმებასა და წინააღმდეგობების აღმოჩენაში გვეხმარება, იმავე რეჟიმში აღარ მუშაობს.

სხვა სიტყვებით, სიზმარი საკმარისად რეალურია იმისთვის, რომ დავიჯეროთ, ჩვენი შინაგანი სკეპტიკოსი კი ამ დროს ბოლომდე ფხიზლად არ არის.

ემოციები ძილშიც მოგვყვება

თუ დღის განმავლობაში რაღაცაზე ძალიან ნერვიულობდით, ეს განცდა შეიძლება სიზმარშიც გამოგყვეთ.

საინტერესო ისაა, რომ სიზმარი აუცილებელი არაა რეალურ მოვლენას იმეორებდეს. შეიძლება სამსახურში რთული დღე გქონდათ, სიზმარში კი საერთოდ გამოცდაზე აგვიანებდეთ. მოვლენები განსხვავებულია, მაგრამ ემოციური ფონი იგივე რჩება. შფოთვა, დაძაბულობა, უხერხულობა ან კონტროლის დაკარგვის განცდა შეიძლება სრულიად ახალ სცენარში აღმოჩნდეს.

ამიტომ მეცნიერები სწავლობენ შესაძლებლობას, რომ სიზმრები ემოციური გამოცდილების დამუშავებასთანაც იყოს დაკავშირებული. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სიზმარში აუცილებლად დაფარული შეტყობინება უნდა ვეძებოთ.

სიზმარი როგორც სიმულატორი

არსებობს კიდევ ერთი, განსაკუთრებით საინტერესო იდეა და უნდა ვაღიარო, ის ჩემი ფავორიტია!

გაგკიდებიათ ვინმე სიზმარში? დაგიკარგავთ გზა? დაგიგვიანიათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე? ან აღმოჩენილხართ სიტუაციაში, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობთ?

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, სიზმარი შეიძლება ერთგვარი სიმულატორი იყოს. ე.წ. საფრთხის სიმულაციის ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ ტვინი უსაფრთხო გარემოში ათამაშებს საფრთხის შემცველ სიტუაციებს. თითქოს რეალური ცხოვრებისთვის ვარჯიშობს.

ამ იდეის უფრო ფართო ვერსიები სოციალურ სიტუაციებსაც მოიცავს. თანამედროვე ცხოვრებაში საფრთხე ყოველთვის მტაცებლისგან გაქცევა არ არის. კონფლიქტი, უარყოფა, უხერხულობა, მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება ან სხვა ადამიანების შეფასებაც შეიძლება ძლიერი ემოციური გამოცდილება იყოს.

შესაძლოა, მძინარე ტვინი მსგავსი სცენარების მოდელირებასაც ახდენდეს.

იდეა ნამდვილად მიმზიდველია. საწოლში უსაფრთხოდ ვწევართ, ტვინი კი ამასობაში ათასგვარ კატასტროფაში გვახვევს, რათა მათთან გამკლავება გამოვცადოთ.

სიზმრებს მხოლოდ REM-ის დროს არ ვხედავთ

გაგებული გექნებათ, რომ სიზმრებს ყველაზე ხშირად REM ძილს ვუკავშირებთ, ფაზას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი თვალების სწრაფი მოძრაობაა.

ამის მიზეზიც არსებობს. REM-ის დროს სიზმრები საშუალოდ უფრო გრძელი, ცოცხალი, ემოციური და უცნაურია.

მეორე მხრივ, გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, სიზმრები მხოლოდ REM-ის დროს არ გვხვდება.

ლაბორატორიაში, როდესაც ადამიანებს ძილის სხვადასხვა ფაზაში აღვიძებენ და მაშინვე ეკითხებიან, რა ხდებოდა მათ გონებაში, ისინი სიზმრისეულ ან სხვა ძილისეულ გამოცდილებას სხვა ფაზებიდანაც აღწერენ.

ამიტომ ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს “მე საერთოდ არ მესიზმრება”, სინამდვილეში უბრალოდ სიზმრებს ვერ იმახსოვრებდეს.

სად მიდის სიზმარი გაღვიძების შემდეგ?

ეს ალბათ ბევრს გამოგიცდიათ. იღვიძებთ და რამდენიმე წამის განმავლობაში მთელი სიზმარი გახსოვთ. იცით, სად იყავით, ვინ იყო თქვენთან და რა ხდებოდა.

შემდეგ რაღაც ნაწილი ქრება… კიდევ რამდენიმე წუთში შეიძლება მხოლოდ ერთი სცენა დაგრჩეთ. ცოტა მოგვიანებით კი ზოგჯერ მხოლოდ ის გახსოვთ, რომ რაღაც დაგესიზმრათ.

ეს სიზმრების კიდევ ერთი თვისებაა, რომელსაც ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. ზოგჯერ გაღვიძებისთანავე ვცდილობ სიზმარი თავიდან ბოლომდე გავიხსენო და თითქმის ვგრძნობ, როგორ მეკარგება.

ალბათ, დამეთანხმებით, ეს კარგი შეგრძნება ნამდვილად არ არის… თითქოს რამდენიმე წუთის წინ სადღაც მართლა იყავით, ახლა კი ის ადგილი სამუდამოდ გშორდებათ. ჯერ საუბრები ქრება, შემდეგ ადამიანები, ბოლოს კი მხოლოდ ერთი კადრი ან ემოცია რჩება.

სიზმრის გახსენებაზე გავლენას ახდენს ისიც, როდის და როგორ ვიღვიძებთ. თუ სიზმრის დროს ან მალევე გაგვეღვიძა, მისი დამახსოვრების შანსიც უფრო მაღალია.

ამიტომ შევთანხმდეთ, “არ მახსოვს” და “არ მესიზმრა” ერთი და იგივე არ არის.

და მაინც, რისთვის გვჭირდება სიზმარი?

ათასობით წლის წინ ადამიანს შეიძლებოდა ამ კითხვაზე საკმაოდ “ზუსტი” პასუხიც ჰქონოდა. სიზმარი რაღაცას აუწყებდა, აფრთხილებდა ან მომავალზე მიანიშნებდა.

დღეს ბევრად მეტი ვიცით ტვინის შესახებ და, პარადოქსულად, პასუხი უფრო გართულდა.

შესაძლოა, სიზმარი მეხსიერებას უკავშირდებოდეს;

შესაძლოა, ემოციების დამუშავებაში მონაწილეობდეს;

შესაძლოა, სხვადასხვა სიტუაციის სიმულაციას ემსახურებოდეს;

ან შეიძლება სიზმარს საერთოდ არ ჰქონდეს ერთი კონკრეტული ფუნქცია და ის უბრალოდ იმ პროცესების შედეგი იყოს, რომლებიც მძინარე ტვინში ისედაც მიმდინარეობს.

პირადად მე სწორედ ეს გაურკვევლობა მომწონს ყველაზე მეტად. სიზმარი იმდენად ჩვეულებრივი გამოცდილებაა, რომ მასზე თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია საუბარი. ამავე დროს, მეცნიერებას ჯერ კიდევ არ შეუძლია ზუსტად გვითხრას, რატომ არსებობს ის.

გვახსოვდეს, ყოველ ღამე, როდესაც გარესამყაროსგან დროებით ვითიშებით, ტვინი მუშაობას აგრძელებს. ის ქმნის სივრცეებს, ადამიანებსა და ისტორიებს. ერთმანეთში ურევს მოგონებებს, ემოციებსა და სრულიად წარმოსახვით მოვლენებს. რამდენიმე წუთის განმავლობაში კი ამ ყველაფერს შეიძლება ისეთივე რეალობად აღვიქვამდეთ, როგორც სამყაროს, რომელშიც გაღვიძების შემდეგ ვბრუნდებით.

დილით ეს სამყარო ქრება და მისგან ხშირად მხოლოდ რამდენიმე კადრი გვრჩება.

ასე იკარგება უამრავი გენიალური ისტორია და კადრი. ვინ იცის, რამდენი შესანიშნავი სცენარი გადაუღია ჩვენს ტვინს, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში სამუდამოდ დაგვავიწყდა.

ალბათ, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს სცენარისტი და რეჟისორი, რომელსაც თავისი საუკეთესო ნამუშევრების უმეტესობა თვითონაც არ ახსოვს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები