ქართველი კარდიოლოგები საერთაშორისო ასპარეზზე: გამოწვევები და მიღწევები

გააზიარე

მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური კონგრესი.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით ტრადიციულად მოეწყო ქართული კუთხე, სადაც წარიმართა სესია კარდიო-ონკოლოგიის შესახებ. მიმართულება შედარებით ახალია და აღსანიშნავია რომ საქართველოში გვაქვს დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, თუმცა, კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და კარდიოონკოლოგიის საკითხებზე ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი გოგიშვილმა და კარდიოლოგმა თამარ გაფრინდაშვილმა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესზე განიხილეს კონკრეტული შემთხვევები, მათივე კლინიკური პრაქტიკიდან კარდიო-ონკოლოგიის მიმდინარე პრობლემების ჭრილში – თუ რა სიძნელეები, მიღწევები და გამოწვევები გვაქვს კარდიოონკოლოგიის კუთხით საქართველოში.

სესიას ხელმძღვანელობდნენ ზვიად კერესელიძე და მარიამ ლომიძე.

29 აგვისტოს გაიმართა სესია თემაზე – „Beyond atherosclerosis: uncommon causes of acute coronary syndromes – get ready for the session“, ხოლო 31 აგვისტოს სესია – „Decoding STEMI: unusual mechanisms, missed diagnoses, and imaging-guided insights“, რომლის თავმჯდომარეს როლი დავიკავე და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. სესიებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კლინიკური შემთხვევების განხილვისას, აქტიური დისკუსია და პირადი საექიმო გამოცდილების ურთიერთგაზიარება მიმდინარეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ახალგაზრდა კარდიოვასკულური პროფესიონალების კომიტეტის მუშაობის ფარგლებში, ყოველდღიურად გვქონდა სამუშაო შეხვედრა კონგრესის მიმდინარეობის თაობაზე.

განსაკუთრებით საამაყოა ქართველი კარდიოლოგების მზარდი ინტერესი და აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით მომავალ პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს.

მარიამ ლომიძე – ჩაფიძის გულის ცენტრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მდივანი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კარდიოვასკულურ პროფესიონალთა კომიტეტის წევრი



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები