“ჭკვიანი ყელის სისტემა”: მოწყობილობა, რომელიც ეხმარება პაციენტს ხმა დაიბრუნოს

გააზიარე

წარმოიდგინეთ თხელი, ელასტიკური ყელსაბამი, რომელიც აღიქვამს ყელის უმცირეს ვიბრაციას და გამართულ სიტყვებად აქცევს დიზართრიის მქონე პაციენტის მეტყველებას. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა: ახალი კვლევის შედეგად შექმნილი „ჭკვიანი ყელის სისტემა“ შესაძლოა გახდეს კომუნიკაციის უნარის აღდგენის ახალი იმედი მათთვის, ვისაც ინსულტის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევების შედეგად მეტყველების უნარი დაუქვეითდა.

მეტყველების დარღვევა ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა და სტატისტიკურად ყოველი სამი პაციენტიდან ორს აღენიშნება. ამ შემთხვევების ნაწილი გარდამავალია, თუმცა რიგ პაციენტებს უწევთ მძიმე რეალობასთან ადაპტაცია და მეტყველების ხელმეორედ დასწავლა. მსგავსი პაციენტებისთვის, დიდი ხანია სხვადასხვა სახის ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებები გამოიყენება, მაგალითად, თვალის მოძრაობით მართვადი ეკრანები და იმპლანტირებადი ნეირომოდულატორები. თუმცა ეკრანები ხშირად მოუხერხებელია, ხოლო ოპერაციულად მოწყობილობის იმპლანტაცია, რიგ რისკებთანაა ასოცირებული.

ბოლო წლებში მეცნიერებმა დაიწყეს ე.წ. „მდუმარე მეტყველების ინტერფეისების“ შემუშავება – მოწყობილობების, რომლებიც ხმის გარეშე, მხოლოდ კუნთების მოძრაობით ან კანზე წარმოქმნილი მიკრო-ვიბრაციებით ამოიცნობს თუ რა სიტყვის თქმა სურს პაციენტს. სამწუხაროდ ამ ტექნოლოგიების უმეტესობა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს კითხულობს ან საჭიროებს შესვენებებს, რაც რეალურ საუბარს ართულებს.

ახალი კვლევა, რომელიც წარმოდგენილია arXiv-ის უახლეს ნაშრომში, ამ გამოწვევას პირდაპირ პასუხობს. ლონდონის სამედიცინო კოლეჯის და პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ხელოვნური ინტელექტით გამართული ტარებადი სისტემა, რომელიც რეალურ დროში ახდენს ყელის სენსორებიდან მიღებული მიკრო-სიგნალების დეკოდირებას და გარდაქმნის მათ ბუნებრივ, ემოციურად დატვირთულ მეტყველებად.

ამ საკითხზე უფრო დეტალურად სასაუბროდ გავესაუბრეთ მეტყველების თერაპევთ ეკატერინე ჭავჭავაძეს.

რა ტიპის მეტყველების დარღვევებს აწყდებით პაციენტებში ინსულტის შემდეგ? რით განსხვავდება აფაზია დისართრიისგან და როგორია მიდგომა თითოეული ავადობის დროს?

– მოგეხსენებათ, მეტყველება რთული ნერვკუნთოვანი პროცესია, რომელიც მოიცავს სუნთქვის, ფონაციის, რეზონაციის, არტიკულაციისა და პროსოდიის კოორდინირებულ მუშაობას. ნებისმიერი ამ ქვესისტემის დისფუნქცია ხმის, მეტყველების ბუნებრიობის, გარჩევადობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის პრობლემებს იწვევს.

ინსულტის შემდეგ მოსალოდნელია მეტყველების ისეთი დარღვევების განვითარება, როგორიცაა: აფაზია, დისართრია და აპრაქსია.

აფაზია არის მეტყველების ფორმირებასა და გაგებაზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ქერქის დაზიანების შედეგი, რომლის დროსაც ირღვევა ენის, როგორც ლინგვისტური ინსტრუმენტის სტრუქტურა: სიტყვების არტიკულაცია, ფრაზების კონსტრუირების პროცესი, ფონემების სინთეზი და ანალიზი, მიმართული მეტყველების გაგება. ტიპისა და სიმძიმის მიხედვით ზიანდება ყველა ენობრივი კომპონენტი: სემანტიკა, გრამატიკა, ფონოლოგია, სინტაქსი და მორფოლოგია, დარღვევები ვრცელდება როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაზე.

დისართრია მეტყველების ნეირომოტორული, გამტარი გზების, პერიფერიული ნერვების დაზიანების შედეგია; პაციენტები ინარჩუნებენ კოგნიტურ და ენობრივ უნარებს, მაგრამ ვერ ახერხებენ საჭირო სიჩქარით, ძალით, სიზუსტით, დიაპაზონით, ტონუსითა და ხანგრძლივობით საარტიკულაციო მოძრაობებს და მათ გაკონტროლებას. ძირითადად, ძნელია გარჩევა, რისი თქმა სურს პაციენტს, თუმცა შეუძლია სხვისი ზეპირი და წერითი მეტყველების სრულფასოვანი გაგება და ანალიზი.

აპრაქსია სამეტყველო პრაქსისის დარღვევაა, როდესაც პაციენტს უჭირს სამეტყველო მოძრაობის დაგეგმვა და განხორციელება. ისინი ძირითად პრობლემას აწყდებიან მეტყველების ინიციაციისას და ერთი ბგერიდან მეორეზე გადასვლისას, სიტყვის სტრუქტურისა და თანხმოვანკომპლექსთა წყობის მიხედვით უშვებენ განსხვავებულ შეცდომებს. მაგალითად: რომელიმე ფონემა ერთ კონტექსტში სწორად იგეგმება, სხვა კონტექსტში კი – არა. მეტყველების იზოლირებული აპრაქსია საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, იგი ჩვეულებრივ თან ერთვის ბროკას აფაზიას.

აფაზია კლინიკურად ფასდება ოთხი ძირითადი კრიტერიუმით. ესენია:

  1. მეტყველების დენადობა – სიჩქარე, სინტაქსური უნარები, წარმოთქმის თავისუფლება;
  2. ზეპირი და წერითი მეტყველების გაგება;
  3. საგნებისა და ობიექტების სახელდება;
  4. სიტყვებისა და ფრაზების გამეორება.

დისართრიისას მნიშვნელოვანია:

  1. ორალურ-მოტორული უნარების შეფასება;
  2. მეტყველების მდგენელების: სუნთქვის, ფონაციის, არტიკულაციის, რეზონაციისა და პროსოდიის სკრინინგი;
  3. მეტყველების პერცეპტული შეფასება, მდგენელთა ფუნქციობა, არსებული დეფიციტის დადგენა და შემდგომ პეროდში შედარება;
  4. მეტყველების გარჩევადობის შეფასება.

როგორც აფაზიის, ისე დისართრიის დროს ენისა და მეტყველების თერაპიის ძირითადი მიზანია:

  კომუნიკაციური უნარების აღდგენა – სტანდარტული, ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია;

  კომპენსატორული სტრატეგიების განვითარება;

  პაციენტის სწავლება კომუნიკაციის უზუნველსაყოფად, იზოლაციის შესამცირებლად და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

რა სახის დამხმარე მოწყობილობები ან ციფრული ტექნოლოგიებია ამჟამად ხელმისაწვდომი მეტყველების თერაპევტებისთვის დისართრიის სამკურნალოდ? რამდენად მარტივად შეუძლიათ პაციენტებს მათი გამოყენება?

– დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები, მაგალითად, სმარტფონების სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებიც დისართრიის მქონე პაციენტებს მეტყველების ტემპის, ხმისა და რიტმის კონტროლის საშუალებას აძლევს; ვიყენებთ მეტყველების სინთეზატორების, ციფრული დიქტოფონების, სამეტყველო გენერატორებისა და ვირტუალურ-არტიკულატორული თერაპიის შესაძლებლობებს.

უკანასკნელ ხანს, მეტყველების თერაპიის პროცესში, სულ უფრო აქტიურად ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს პერსონალიზებული და ადაპტური თერაპიის უზრუნველყოფით; შესაძლებელია აგრეთვე მეტყველების ავტომატური ანალიზი, დისართრიული პაციენტის მეტყველების თავისებურების, თერაპიული პროცესის შედეგების ობიექტურად შეფასება, თერაპიული სისტემების კორექცია და გართულება.

ახალი ნეირონული მოდელები ხმის რეკონსტრუქციითა და სინთეზით უზრუნველყოფს პაციენტის დისართრიამდელი ხმის აღდგენას, რაც მას პიროვნული იდენტობისა და მისთვის დამახასათებელი ბუნებრივი მეტყველების დაბრუნების საშუალებას აძლევს.

მათთვის ძლიერი მხარდაჭერაა ვირტუალურად შექმნილ რეალობაში, მამოტივირებელ გარემოში სამეტყველო პრაქტიკა, როდესაც პაციენტებს ვირტუალურ სოციალურ გარემოში (კაფე, აფთიაქი, კლინიკა, სუპერმარკეტი, ოფისი) ახლად შეძენილი სამეტყველო უნარების გამოცდის საშუალება ეძლევათ. კვლევები ადასტურებს, რომ ამგვარი თერაპია გარკვეულწილად ამცირებს მეტყველების ბუნებრიობის აღდგენის პროცესს.

COVID-19-ის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ტელერეაბილიტაციამ და ტელეთერაპიებმა, როდესაც თერაპევტი დისტანციურად აფასებს პაციენტის სამეტყველო პარამეტრებსა და მიღწეულ შედეგებს.

არსებობს აგრეთვე ნეიროსამეტყველო პროთეზები, რევოლუციური მიმართულება – BCI-ტექნოლოგია, რომელიც ნეირონულ აქტივობას მეტყველებად და ტექსტად აქცევს.

ყველა ამ მეთოდსა და ტექნოლოგიას, საფუძვლიანი და კვალიფიციური დასწავლის შედეგად, პაციენტები წარმატებით იყენებენ დისართრიის სხვადასხვა, ზოგჯერ საკმაოდ მძიმე ფორმის დროსაც კი.

ბოლო წლებში მეტყველების რეაბილიტაციის სფეროში ჩნდება ინოვაციური ტექნოლოგიები – დაწყებული ტვინის იმპლანტირებადი ნეიროინტერფეისებით, დამთავრებული არაინვაზიური ტარებადი მოწყობილობებით, როგორიცაა „ჭკვიანი ყელსაბამი“. როგორ შეაფასებდით მსგავს ტექნოლოგიათა პოტენციალს ინსულტის შემდეგ დისართრიის მქონე პაციენტებში მეტყველების აღსადგენად?

უახლოეს მომავალში „ჭკვიანი ყელსაბამი“ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მაშველ რგოლად იქცევა დისართრიის მქონე არაერთი პაციენტისთვის: ერთი მხრივ, მისი მარტივი  მოხმარების გამო, მეორე მხრივ კი, სტანდარტული არტიკულატორული მოძრაობების სტიმულაციასთან ერთად, მას მეტყველების ემოციური ფონის კორექციაც შეუძლია; ამას აქამდე არსებული მოწყობილობები ვერ უზრუნველყოფდა.

იმედს ვიტოვებ, უახლოეს პერიოდში, „ჭკვიანი ყელსაბამი“ ჩვენს ქვეყანაშიც გახდება ხელმისაწვდომი.

თქვენი აზრით, „ჭკვიანი ყელის სისტემა“ დისართრიის ნებისმიერი ფორმისას ეფექტიანი იქნება?

რთულია ამ ეტაპზე ცალსახა და უტყუარი პროგნოზის გამოთქმა, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, შერეული და ატაქსიური ფორმების დროს, როცა მეტყველება ნელი, დაძაბული, ნაზალური ელფერისაა, დარღვეულია პროსოდიული მხარე, „ჭკვიანი ყელსაბამი“ გაცილებით ეფექტიანი უნდა იყოს, დადებითი შედეგი მოსალოდნელია ჰიპერ და ჰიპოკინეტიკური ფორმების დროსაც.

რაც შეეხება სპასტიურსა და დუნე ფორმებს, რომელთა მიზეზი სახისა და ენისქვეშა ნერვების პარეზია და, იმავდროულად, აშკარაა დისფაგია და ღეჭვასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა „ჭკვიანი ყელსაბამი“ ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

როგორი ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე დგებიან პაციენტები, რომლებიც ინსულტის შემდეგ მეტყველების უნარს კარგავენ?

ინსულტისშემდგომ მეტყველების უუნარობას პაციენტები საკმაოდ მწვავედ განიცდიან, ურთიერთობების დროს წარმოქმნილი პრობლემები იწვევს შფოთსა და თვითშეფასების დაქვეითებას, შეგრძნებების, სურვილებისა და მოთხოვნების გამოხატვის შეზღუდვა კი გაღიზიანების, მძიმე დეპრესიისა და ზოგჯერ თერაპიაზე უარის თქმის მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ აფაზიისა და დისართრიისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეპრესიის ადრეული დიაგნოსტიკა, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების ემოციური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქიატრის, ნეიროფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის შეფასება და დროული მკურნალობა.

კვლევის შედეგები შთამბეჭდავია: „ჭკვიანმა ყელის სისტემამ“  ინსულტის შემდგომ მეტყველების დარღვევის მქონე პაციენტებში შეძლო სიტყვებისა და წინადადებების თითქმის უშეცდომოდ ამოცნობა — სიტყვების დადგენის სიზუსტემ 95%-ს გადააჭარბა, ხოლო წინადადებების შემთხვევაშიც მხოლოდ მცირე ცდომილება დაფიქსირდა. მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ აპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას თვეების შემდეგაც: საჭირო იყო მხოლოდ მცირე კორექტირება თითოეული პაციენტის უნიკალურ მოძრაობასთან შესაფერისად, რის შემდეგაც მეტყველების სიზუსტე კვლავ აღდგა.

ეს ტექნოლოგია განსხვავდება არსებული მოწყობილობებისგან არა მხოლოდ სიზუსტით, არამედ ემოციის აღქმითა და ბუნებრივი კომუნიკაციის შესაძლებლობით — ფაქტორებით, რომლებიც რეალურ დიალოგში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

პროექტი ჯერ მხოლოდ კვლევის ეტაპზეა, თუმცა მისი შედეგები აჩენს რეალურ იმედს, რომ მომავალში ინსულტის ან სხვა ნევროლოგიური დაზიანების შემდეგ მეტყველების აღდგენა აღარ იქნება მხოლოდ ხანგრძლივი თერაპიისა და ინტენსიური ვარჯიშის შედეგი.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები