ბოლო დროს, საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა: „ხელოვნური ინტელექტი წამართმევს სამსახურს?“ მსგავსი შიშები, რა თქმა უნდა, ახალი არ არის – საუკუნეების წინ, როცა ტექნოლოგიური პროგრესი შრომის ბაზარს შეეხო, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული პროცესი სამუშაო ადგილების მასობრივ დაკარგვას მოასწავებდა. ეს შიში, ანუ ტექნოფობია, დღესაც აქტუალურია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები შრომის ბაზრის სტრუქტურას არსებითად ცვლის.
ისეთი ინოვაციების სწრაფმა განვითარებამ, როგორიცაა ChatGPT და ხელოვნური ინტელექტის სხვა მოდელები, დებატები განაახლა და შფოთვა გააჩინა ისეთ სექტორებშიც კი, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვა, რომელიც ტრადიციულად ადამიანურ შრომას ემყარება.
თუმცა, ექსპერტები ამ ცვლილებებს უფრო ოპტიმისტურად უყურებენ. ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის მსგავსი ტექნოლიგიები მიზნად ისახავს პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას და არა მათ ჩანაცვლებას. 2030 წლისთვის, ჯანდაცვის სფეროს სამუშაო ბაზარი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი ფაქტორის გამო: მოსახლეობის დაბერება და ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება. ეს ცვლილებები არა მხოლოდ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, არამედ არსებულ პროფესიებსაც გარდაქმნის.
სხვა ინდუსტრიებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სექტორი სრულ ავტომატიზაციას ნაკლებად ექვემდებარება. ეს გამოწვეულია სფეროს უნიკალური ბუნებით, სადაც ადამიანური უნარები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მრავალი დავალება მოითხოვს ემპათიას, თანაგრძნობას და ეფექტურ კომუნიკაციას. მაგალითად, პაციენტისთვის მძიმე დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან მისი დამშვიდება, არის პროცესები, რომელთაც ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს შეასრულებს.
კვლევებიც ადასტურებს, რომ მომავალში ყველაზე მოთხოვნადი იქნება პროფესიები, რომლებიც მაღალ სოციალურ და ემოციურ ინტელექტს მოითხოვს. ამავე დროს, სამედიცინო სფერო საჭიროებს კომპლექსურ, კრიტიკულ აზროვნებას და გადაწყვეტილების რაციონალურად მიღების უნარს. მიუხედავად იმისა, რომ AI-ს შეუძლია უზარმაზარი მონაცემების დამუშავება და ზუსტი ანალიზის მოწოდება, საბოლოო, ნიუანსირებული გადაწყვეტილების მიღება, მორალური და ეთიკური დილემების გათვალისწინებით, ადამიანის პრეროგატივად რჩება.
როგორც The Health Foundation-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ავტომატიზაცია ეხება ცალკეულ ამოცანებს და არა მთლიან სამუშაოს. ცოტაა ისეთი სამედიცინო პროფესია, რომელიც მხოლოდ ავტომატიზებადი ამოცანებისგან შედგება. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტი და სხვა ტექნოლოგიები ექიმებს, ექთნებს და სხვა პერსონალს რუტინული სამუშაოსგან გაათავისუფლებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ყურადღება უფრო რთულ შემთხვევებზე და პაციენტთან უშუალო ურთიერთობაზე გადაიტანონ.
2030 წლისთვის ჯანდაცვის სფეროში მოთხოვნა გაიზრდება ისეთ პროფესიებზე, რომლებიც ჰიბრიდულ უნარებს მოითხოვს – ტექნოლოგიურ ცოდნასა და ადამიანურ კომპეტენციებს. მოსახლეობის დაბერება და ქრონიკული დაავადებების მართვის საჭიროება მოთხოვნას გაზრდის ექთნებზე და ექიმის ასისტენტებზე. ისინი სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ, რაც ექიმების ნაკლებობას ნაწილობრივ ავსებს.
U.S. Bureau of Labor Statistics-ის (BLS) მონაცემებით, აშშ-ში, 2022-2032 წლებში, ამ ორი პროფესიის მოთხოვნა საშუალოზე ბევრად სწრაფად გაიზრდება. ხანდაზმულთა უმრავლესობას ურჩევნია სიბერის საკუთარ სახლში გატარება, რაც პეროსანლური ზრუნვის ასისტენტებზე მოთხოვნას სწრაფად გაზრდის.
ჯანდაცვის მონაცემების უზარმაზარი მოცულობის გათვალისწინებით, გადამწყვეტი გახდება მონაცემთა მეცნიერებისა და ჯანდაცვის ინფორმატიკის სპეციალისტების როლი, რომლებიც გააანალიზებენ გენეტიკურ მონაცემებს და ელექტრონულ ჩანაწერებს, რათა შექმნან პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომები.
საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების გაღრმავება გაზრდის მოთხოვნას ფსიქოლოგებზე, ფსიქიატრებსა და თერაპევტებზე. ეს სფერო განსაკუთრებით დაცულია სრული ავტომატიზაციისგან, რადგან მისი საფუძველია ადამიანური ნდობა და ურთიერთობა. ტექნოლოგიების განვითარება ხელს უწყობს დისტანციური კონსულტაციების პოპულარობას, რაც მოთხოვნადს აქცევს ტელემედიცინის სპეციალისტებს
ზოგიერთი პროფესია არ გაქრება, არამედ გარდაიქმნება. ხელოვნური ინტელექტი ამ პროფესიონალებს რუტინული დავალებებისგან გაათავისუფლებს და მათ ფუნქციებს გააფართოებს. AI ვერ ჩაანაცვლებს, მაგალითად, რადიოლოგებსა და პათოლოგებს, ის გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები გაცილებით სწრაფად და ზუსტად აანალიზებენ სამედიცინო მონაცემებს (რენტგენი, ტომოგრაფია), რაც რადიოლოგებს საშუალებას მისცემს, ფოკუსირდნენ ყველაზე რთულ შემთხვევებზე.
ასევე, რუტინული ადმინისტრაციული დავალებები, როგორიცაა პაციენტების მონაცემთა შეყვანა და დანიშვნების დაგეგმვა, ავტომატიზებული იქნება. ეს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციულ პერსონალს, მეტი დრო დაუთმონ პაციენტთან პირდაპირ ურთიერთობას და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას.
ქირურგების შემთხვევაში, რობოტების გამოყენება ოპერაციებში უფრო და უფრო მუდმივი გახდება. ეს რობოტები ქირურგებს მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფენ, თუმცა გადამწყვეტი როლი მაინც ადამიანს რჩება, რომელიც რობოტს აკონტროლებს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
ტექნიკური ცოდნის გარდა, ჯანდაცვის მომავალი პროფესიონალებისთვის ყველაზე მოთხოვნადი იქნება ის უნარები, რომელთა იმიტაციასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს. ადამიანზე ორიენტირებული უნარები (ემპათია, თანაგრძნობა და ემოციური ინტელექტი) გადამწყვეტი იქნება, რადგან ტექნოლოგია მხოლოდ რუტინულ და ანალიტიკურ სამუშაოს შეასრულებს.
ასევე, ყველა ჯანდაცვის პროფესიონალს დასჭირდება ციფრული და მონაცემთა წიგნიერება, მათ შორის ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებთან და ტელემედიცინის პლატფორმებთან მუშაობის უნარი. კრიტიკული აზროვნება და უწყვეტი სწავლა კი წარმატების გასაღები გახდება, რადგან ჯანდაცვის სფეროში ცვლილებებს ექსპონენციალური ტემპი ექნება.
საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის სამუშაო ბაზარი არ შემცირდება, ის ტრანსფორმირდება. ავტომატიზაცია შეცვლის მრავალი სამუშაოს ბუნებას, მაგრამ ასევე შექმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც მოითხოვს ტექნიკური ცოდნისა და ადამიანური უნარების უნიკალურ ნაზავს. ასეთ დროს წარმატების გასაღები არის ადაპტაცია და ცვლილებების პროაქტიურად მიღება.

