31 ოქტომბერს თბილისში ბავშვთა ქირურგიის მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. სამედიცინო ღონისძიება, რომლის მთავარი თემა „თანამედროვე სტანდარტები და ინოვაციები ბავშვთა ქირურგიაშია“, ცნობილი ქართველი ექიმის, პროფესორ რამაზ კუტუბიძის ხსოვნას ეძღვნება. კონფერენცია „საქართველოს ბავშვთა ქირურგიის ასოციაციისა“ (GPSA) და სს „საქართველოს კლინიკების“ ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა ბავშვთა ქირურგიის უახლეს მიღწევებსა და ტექნოლოგიურ მიდგომებს აერთიანებს. შეხვედრაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგია, საყლაპავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიის ოპერაციული მკურნალობა, ნეირობლასტომის მართვა, ფილტვის რეზექცია და ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის კონტროლის თანამედროვე პროტოკოლები. ამასთან, სამუშაო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნეირომეცნიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ბავშვთა სამედიცინო პრაქტიკაში არსებულ ეთიკურ გამოწვევებს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ გამოცდილებასა და თანამედროვე პრაქტიკის შედეგებს გაუზიარებენ. ღონისძიებაზე დასწრების მსურველი სპეციალისტებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამისი პროცედურის გავლა ორგანიზატორების ოფიციალური ბმულის (https://tch-conference.clinics.ge/Home/tch) საშუალებითაა შესაძლებელი.
თბილისი, რუსთაველის გამზირი №13, “თბილისი მარიოტი”

