თბილისი დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის IV ტრანსკავკასიურ საერთაშორისო კონგრესს (ITC2026) უმასპინძლებს

გააზიარე

28–30 მაისს, თბილისში, სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“-ში, დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის IV ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონგრესი – ITC2026 გაიმართება. სამდღიანი მასშტაბური ღონისძიება დარგის წამყვან სპეციალისტებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოს ექიმებს უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და გამოცდილების გასაზიარებლად გააერთიანებს.

კონგრესის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც თეორიულ სესიებს, ისე პრაქტიკულ ვორკშოპებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება ჭრილობის მოვლის პრაქტიკული ვორკშოპი. გარდა ამისა, დელეგატებისთვის მოეწყობა დერმატოსკოპიისა და დერმატოქირურგიის პრაქტიკული ტრენინგები.

სამეცნიერო სესიებზე სამედიცინო დერმატოლოგიის მიმართულებით ისეთ აქტუალურ თემებს განიხილავენ, როგორიცაა პედიატრიული დერმატოლოგია, დერმატოონკოლოგია, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები, სახის დერმატოზები და ფსიქოდერმატოლოგია. ცალკე პანელი დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის როლსა და მის ინტეგრაციას თანამედროვე დერმატოლოგიაში.

კონგრესის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ესთეტიკურ მედიცინას დაეთმობა. სესიებზე ყურადღება გამახვილდება ბიოსტიმულაციასა და რეგენერაციულ ესთეტიკაზე, ტოქსინებისა და ფილერების გამოყენების უახლეს მიდგომებზე, ინექციურ მეთოდებსა და ლაზერულ ტექნოლოგიებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უსაფრთხო პროტოკოლებზე, გართულებების მართვასა და მამაკაცის ესთეტიკაზე. ღონისძიებას დაასრულებს ექსპერტთა პანელური დისკუსია.

ITC2026 დარგის პროფესიონალებს ცოდნის გაღრმავების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. კონგრესზე რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაციის მიღება უკვე შესაძლებელია ღონისძიების ოფიციალურ პლატფორმაზე.

რეგისტრაციის ბმული

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები