თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელმა პრეპარატმა ალცჰაიმერის პროგრესირება 31%-ით შეანელა

გააზიარე

გლობალური კლინიკური კვლევის თანახმად, ახალმა მედიკამენტმა, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით მოქმედებს, ადრეული ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში კოგნიტიური უკუსვლა 31%-ით შეანელა. პრეპარატი AR1001 იმავე ოჯახს მიეკუთვნება და მოქმედების იმავე მექანიზმს იყენებს, რასაც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო ცნობილი მედიკამენტი — „ვიაგრა“.

მესამე ფაზის კლინიკური კვლევა, რომელშიც 13 ქვეყნის პაციენტები მონაწილეობდნენ, სამხრეთკორეულმა ფარმაცევტულმა კომპანია AriBio-მ ჩაატარა. შედეგები ბოსტონში, ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური კვლევების კონფერენციაზე წარადგინეს. AR1001 ფოსფოდიესთერაზა-5-ის (PDE5) ინჰიბიტორია. ის კონკრეტულ ფერმენტზე მოქმედებს, სისხლის ნაკადს აძლიერებს და ტვინის იმ უჯრედებს ასტიმულირებს, რომლებიც მეხსიერებასა და სწავლაზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერთა განცხადებით, კოგნიტიური უნარების დაქვეითების 31%-იანი შენელება იმ 604 პაციენტში დაფიქსირდა, რომლებიც ალცჰაიმერის სამკურნალოდ სხვა პრეპარატებს არ იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ პაციენტთა ფართო ჯგუფში, რომლებიც პარალელურად სხვა მედიკამენტებსაც მოიხმარდნენ, ტესტირებას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგი არ უჩვენებია.

ნეირომეცნიერები კვლევის შედეგებს „დამაიმედებელსა“ და „ძალიან პერსპექტიულს“ უწოდებენ. ედინბურგის უნივერსიტეტისა და Alzheimer’s Research UK-ის ექსპერტების შეფასებით, სტანდარტული თერაპიებისგან განსხვავებით, რომლებიც უშუალოდ ტვინში ამილოიდური ცილების დაგროვებას ებრძვის, AR1001 სრულიად ახალ მიდგომას გვთავაზობს. გარდა ამისა, ინტრავენური ინფუზიებისგან განსხვავებით, ის დღეში ერთხელ მისაღები აბის ფორმით გამოდის, რაც პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს. ტესტირების პროცესში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებიც ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი იყო.

მეცნიერები საზოგადოებას ხაზგასმით აფრთხილებენ, რომ ალცჰაიმერის სიმპტომების შესამსუბუქებლად უშუალოდ „ვიაგრას“ მიღება დაუშვებელია, რადგან AR1001 სპეციალურად ნეიროდეგენერაციული დაავადებისთვის განვითარდა. სანამ ახალი პრეპარატი კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგება, მას დამატებითი კვლევები და სამედიცინო მარეგულირებელი ორგანოების მკაცრი კონტროლის გავლა დასჭირდება.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები