დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გადასცემს. კახა კალაძის განცხადებით, ახალი ცენტრი ბენეფიციარებს კომპლექსურ სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას შესთავაზებს, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის მართვა პაციენტებისა და მათი ოჯახებისგან ყოველდღიურ ძალისხმევას მოითხოვს, რის გამოც უწყვეტ სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვასა და სოციალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

