თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი SMART Pediatrics 2 გაიმართა

გააზიარე

14 ნოემბერს, თბილისში, American Hospital Tbilisi-ის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი SMART Pediatrics 2 ჩატარდა. ღონისძიებამ საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი სპეციალისტები გააერთიანა, რომელთა მთავარი მიზანი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გაზიარება, პედიატრიული პრაქტიკის აქტუალური გამოწვევების განხილვა და საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ ექიმები, პედიატრები, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. სამეცნიერო პროგრამა თანამედროვე პედიატრიისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავდა: კვებით ალერგიასა და FPIES-ს, ბავშვთა სიმსუქნის მართვას, მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის როლს, ასევე გასტროენტეროლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ფსიქიატრიულ პრობლემებსა და ცხელების არაინფექციურ მიზეზებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა სიმსუქნის მართვის თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის GLP-1 რეცეპტორის აგონისტების გამოყენებას ბავშვთა ასაკში და ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებას. ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი და ის, თუ როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები კლინიკურ გადაწყვეტილებებს, დიაგნოსტიკასა და მომავალი ექიმების მომზადების პროცესს.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზეც. სპეციალისტებმა ისაუბრეს ფსიქიატრიული პრობლემების მზარდ გამოვლენაზე არა მხოლოდ მოზარდებში, არამედ სკოლამდელი ასაკის ბავშვებშიც. აღინიშნა, რომ ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები ადრეულ ასაკში ხშირად არასპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება, რაც ამოცნობას ართულებს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ადრეული შეფასება და ბავშვთა ფსიქიატრის დროული ჩართვა, რადგან დაგვიანებულმა მიმართვამ შესაძლოა პრობლემის მართვა გაართულოს.

სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობა საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდია, რადგან ქვეყანას ჰყავს ძლიერი პედიატრიული საზოგადოება, გამოცდილი კლინიცისტები და ახალგაზრდა ექიმები. SMART Pediatrics-ის მთავარი იდეაც სწორედ ამ პროფესიული პოტენციალის გაძლიერება და ორმხრივი დიალოგის ფორმატია, სადაც ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები კლინიკურ გამოცდილებას აზიარებენ და პაციენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ერთად ეძებენ.

ორგანიზატორებმა სამომავლო გეგმების ხუთი მთავარი მიმართულებაც წარადგინეს. ინიციატივა მოიცავს SMART Pediatrics-ის ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარებას, წლის განმავლობაში აკადემიის ფარგლებში უცხოელ ექსპერტებთან ონლაინ და ჰიბრიდულ საგანმანათლებლო შეხვედრებსა და კლინიკური ქეისების განხილვას. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო გაიდლაინების ქართულ რეალობასთან ადაპტაცია, ახალგაზრდა პედიატრების, რეზიდენტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ჩართულობის წახალისება მენტორობის პროგრამით და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების შესაქმნელად.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები