საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ გლობალურ ასპარეზზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე — The One Show, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, ანო გოგიჩაძე, წლის შემოქმედებით მარკეტერად (Creative Marketer of the Year) დასახელდა.
ეს სპეციალური ჯილდო პროფესიონალებს ბიზნესში კრეატივის მამაცური გამოყენებისა და განსაკუთრებული კულტურული ზეგავლენისთვის ენიჭებათ.
ანო გოგიჩაძეს უმაღლესი ჯილდო გადაეცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ (Birds Never Forget to Fly), რომელიც PSP-სთვის სააგენტო Playmakers-მა შექმნა. კამპანია, რომელიც თავისუფლებისა და გამძლეობის შესახებ ჰყვება, პატიმრობაში მყოფ რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილთან და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა.
The One Show-ს ფესტივალზე, რომელსაც ორგანიზაცია The One Club for Creativity 50 წელზე მეტია მართავს, აღნიშნულმა კამპანიამ, სპეციალური პრიზის გარდა, კიდევ 6 ნომინაციაში მოიპოვა აღიარება — ბრენდს 2 ბრინჯაოს ფანქარი (Bronze Pencil) და 4 საპატიო დიპლომი (Merit Award) გადაეცა.
„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სარეკლამო ნამუშევრად იქცა. მას უკვე მოპოვებული აქვს პრიზები ისეთ გავლენიან ფესტივალებზე, როგორებიცაა ADCE, Clio Awards, Ad Black Sea და EPICA. ამ წარმატებების შედეგად, საერთაშორისო შემოქმედებით რეიტინგში სააგენტო Playmakers-მა ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო PSP-მ მსოფლიო ბრენდების რეიტინგში მე-18 პოზიციით ისეთ გიგანტებს გაუსწრო, როგორებიცაა McDonald’s და Heineken.
წყარო: BM.GE

