2020 წლის სექტემბერში, 37 წლის ატიკამეკი[1] ქალი და შვიდი შვილის დედა ჯოის ეშაკუანი ძლიერ ტკივილებთ შევიდა ჟოლიეტის კლინიკაში, კვებეკში[2]. მას გული აწუხებდა და ამას მკაფიოდ ეუბნებოდა სამედიცინო პერსონალს. თუმცა კლინიკაში შესვლის პირველივე წუთებიდან მას “ნარკოდამოკიდებული პაციენტის” იარლიყი მიაწებეს. როცა ტკივილმა მოიმატა და პერსონალი მის ტანჯვას უგულებელყოფდა, ჯოისმა საკუთარი მდგომარეობის ტრანსლირება Facebook-ით დაიწყო.
ვიდეოში ის ტკივილისგან ქანცგაწყვეტილი ჩანს, ხოლო ექთნები დასცინიან: „რა სუსტი ხარ“, – ეუბნება ერთ-ერთი. „გეყოფა სისულელე, მორჩი! რას იფიქრებენ შენი შვილები, რომ ასე გხედავენ?“ – ამბობს მეორე.
ჯოისი გულის იშვიათი დაავადებისგან გამოწვეული ფილტვის შეშუპებით გარდაიცვალა. შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კლინიკის თანამშრომლები მისი ტკივილების ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით ახსნას ცდილობდნენ, არ დაუჯერეს სიმპტომებს და დიაგნოზიც მცდარი დაუსვეს. იგი რეანიმაციაში გვიან გადაიყვანეს – როცა უკვე ძალიან გვიანი იყო.
სთხოვეთ ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერ ქვეყანაში, დაფიქრდეს, ყოველთვის თანაბრად ექცევა თუ არა სხვადასხვა პაციენტს, და თითქმის უცვლელად ერთსა და იმავე წინსწრებით პასუხს მიიღებთ: „რა თქმა უნდა!“
სწორედ იგივენაირი პასუხი მივიღეთ მე და თინამ[3], როდესაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით, ექიმებისთვის ვატარებდით ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ინკლუზიური ჯანდაცვის შესახებ, აქცენტით პაციენტთან კომუნიკაციაზე.
სურათი რადიკალურად შეიცვალა, როდესაც იმავე ექიმებმა წინასწარგანწყობების ტესტი შეავსეს. ტესტი აფასებდა მათ წინასწარგანწყობას ხუთ თემასთან მიმართებით: ეთნიკურობა, გენდერი, სექსუალობა, შეზღუდული შესაძლებლობები და ასაკი. გულწრფელობის ხელშესაწყობად, თავიდანვე განემარტათ ექიმებს, რომ ტესტი მხოლოდ თვიშემეცნებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყვნენ ვალდებული შედეგები გაეხმოვანებინათ. ტესტის შედეგებმა ისინი გააოცა და დააფიქრა. მათ აღმოაჩინეს, რომ თეთრი ხალათებისა და კლინიკური რუტინის მიღმა, ხშირად იმალება გაუცნობიერებელი წარმოდგენები პაციენტის სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბის, გარეგნობის ან თუნდაც მისი წონის შესახებ.
„არავინ არ აღიარებს საქართველოში, განსაკუთრებით ექიმები, რომ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შეიძლება არასათანადოდ ვეპყრობოდეთ, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს. ძალიან მიხარია, რომ სკეპტიკურად განწყობილმა ექიმებმა აღმოაჩინეს ჩვენი პროფესიის ხარვეზები. მე მჯერა, რომ ეს ტრენინგი თვალს აუხელს ბევრს და ამიტომ მას უნდა დაესწროს ყველა, ვისაც პაციენტთან აქვს შეხება” – ექიმი, ბათუმის საქალაქო საავადმყოფო (VIAN).
იმ წამს, როცა ექიმი აცნობიერებს, რომ შეიძლება განსხვავებულად გრძნობდეს თავს ქალის მიმართ, რომელსაც სხეული ტატუებით აქვს დაფარული, ან მამაკაცის მიმართ, რომელიც ხანდაზმულია და ძნელად ხსნის თავის პრობლემას, ილუზია ობიექტურობის შესახებ იბზარება – და იხსნება კარი ცვლილებისკენ.
ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი ცუდი ადამიანია. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანია – როგორც ყველა ჩვენგანი და შესაბამისად, ექვემდებარება არაცნობიერ მიკერძოებებსა და კოგნიტურ შეზღუდვებს, რომელსაც ქცევით მეცნიერებაში ევრისტიკებს ვუწოდებთ.
ქცევითი მეცნიერების ფუძემდებლის, დანიელ კანემანისა და მისი კოლეგისა და მეგობრის ამოს ტვერსკის მრავალწლიანი კვლევის წყალობით, დღეს ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის გადაწყვეტილებები იშვიათად ეყრდნობა ცივ გონებრივ გაანალიზებას. კანემანის ცნობილი თეორიის მიხედვით, ჩვენს აზროვნებას ორი სისტემა მართავს: სისტემა 1 – სწრაფი, ავტომატური, ინტუიციური და ემოციური; და სისტემა 2 – ნელი, გააზრებული და რაციონალური. იმის გათვალსიწინებით, რომ ჩვენ ტვინს საშუალოდ დღეში 35 000 – მდე გადაწყვეტილების მიღება უწევს, გადაწყვეტილებების უმრავლესობა სწრაფად და ენერგიის დაზოგვით სისტემა 1 -ის მიერ მიიღება. ის ხშირად ეყრდნობა ე.წ. კოგნიტურ შემოკლებულ გზებს – ევრისტიკებს, რაც, მიუხედავად მათი ეფექტურობისა, სისტემატურად იწვევს შეცდომებსა და მიკერძოებულ აღქმას. ხშირად სწორედ ამ გზით ყალიბდება არაზუსტი წარმოდგენები, რომლებიც სამედიცინო გადაწყვეტილებებშიც კი აღწევენ.
ალბათ თქვენთვისაც ნაცნობია ევრისტიკის გავლენა. ზოგჯერ ჩვენ მას ვუწოდებთ ინტუიციას, ვარაუდს ან საღ აზრს – “ზურგის ტვინით ვგრძნობ” – ნაცნობია, არა? ევრისტიკის გვერდითი ეფექტი არის ის, რომ ჩვენ ყველანი „ვიტანჯებით“ კოგნიტური მიკერძოებით. კოგნიტური მიკერძოება გულისხმობს რაციონალური მსჯელობიდან გადახრის სისტემატური აზროვნების მოდელს, რომლის დროსაც სხვა ადამიანებისა და სიტუაციების შესახებ დასკვნების გამოტანა შესაძლებელია ალოგიკური გზით მოხდეს. შეგრძნებების თავისებური აღქმით, ადამიანები ქმნიან საკუთარ „სუბიექტურ სოციალურ რეალობას“. ინდივიდის მიერ კონსტრუირებულმა სოციალურმა რეალობამ კი (და არა ობიექტურმა ფაქტორებმა), შეიძლება განსაზღვროს მათი ქცევა სოციალურ გარემოში.
ჯანდაცვის სფეროში, მრავალი სამეცნიერო წყარო მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს იმპლიციტურ მიკერძოებას[4], რომელიც ასევე “არაცნობიერი მიკერძოების” (unconscious bias) სახელით არის ცნობილი. ეს მიკერძოება, მიუხედავად იმისა, რომ თვალით უხილავია, რეალურ და გაზომვად გავლენას ახდენს პაციენტის მოვლასა და მომსახურებაზე.
იმპლიციტური მიკერძოება განსაზღვრულია, როგორც დამოკიდებულება ან ინტერნალიზებული სტერეოტიპი, რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს ინდივიდის აღქმაზე, ქმედებებზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე და ხშირად ხელს უწყობს ადამიანების არათანაბარ მოპყრობას რასის, ეთნიკური, ეროვნების, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა მახასიათებლების საფუძველზე. იმპლიციტური მიკერძოებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს პაციენტებს.
მიკერძოება საზღვრებს არ ცნობს.
იმპლიციტური მიკერძოება არ შემოიფარგლება მხოლოდ უხარისხო სისტემებით ან არაკვალიფიციური პერსონალით. ის ისევე ადვილად ყვავის მაღალგანვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში, როგორც არასაკმარისად დაფინანსებულ კლინიკებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრიმინაცია, სტიგმა და მიკერძოება ჯანდაცვის არათანაბარი შედეგების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია[5]. განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობისთვის, როგორიცაა ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები და LGBTQ+ პირები.
მრავალი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სპეციალისტები, მათ შორის ექიმები, ექთნები და მედიცინის სტუდენტები, ზოგადი პოპულაციის მსგავსად, ავლენენ რასობრივი/ეთნიკური მიკერძოების სუსტიდან ზომიერამდე დონეს. ეს მიკერძოებები არ არის ცალკეული შემთხვევები; ისინი სისტემურია და შეძენილია განმეორებითი კულტურული ზემოქმედების შედეგად.
2015 წელს, ამერიკული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ჟურნალში (AJPH) გამოქვეყნებულ და ფართოდ ციტირებულ სისტემატურ მიმოხილვაში[6], რომელმაც 15 სხვადასხვა კვლევა გაანალიზა, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების უმრავლესობას ქვეცნობიერად უფრო დადებითი განწყობა აქვს თეთრკანიანი პაციენტების მიმართ და შედარებით უარყოფითი დამოკიდებულება უმცირესობების წარმომადგენლებისადმი, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობები (პრო-თეთრკანიანი და ანტი-უმცირესობათა მიკერძოება). ამ მიკერძოებებს მნიშვნელოვან გავლენა აქვს კლინიკურ გადაწყვეტილებებზე, პაციენტთან ურთიერთობაზე, მკურნალობის დაცვასა და ჯანმრთელობის შედეგებზეც კი.
აღნიშნული მიგნებები შეესატყვისება 2021 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ მიმოხილვასაც, რომელმაც გლობალურ დონეზე დააფიქსირა მსგავსი იმპლიციტური მიკერძოებები რასის, სქესის, სხეულის ზომისა და ასაკის მიმართ[7].
მიკერძოება მხოლოდ ინდივიდუალური კი არა, სტრუქტურულია
იმპლიციტური მიკერძოება მოქმედებს უფრო ფართო ინსტიტუციურ და სოციალურ სტრუქტურებში, რომლებიც განაგრძობენ უთანასწორობის განმტკიცებას. როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ბიოსამედიცინო ინფორმატიკისა და სამედიცინო განათლების დეპარტამენტის მკვლევარი პროფესორი, ჯენის ა. საბინი წერს: „მიკერძოებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციული პრაქტიკა მხოლოდ პაციენტის მოვლას და სამედიცინო განათლების გარემოს არ აზიანებს – ის ასევე ზღუდავს პერსონალის მრავალფეროვნებას და კვლევითი დაფინანსების განაწილებას.“
2023 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო სტატიების შეფასებაზე გავლენას ახდენდა იმ ქვეყნის წარმომავლობაც, სადაც კვლევა ჩატარდა (გლობალური სამხრეთი vs გლობალური ჩრდილოეთი) რაც ცხადყოფს, რომ მიკერძოება ვრცელდება კლინიკური პრაქტიკის ფარგლებს გარეთაც და ახდენს გავლენას ცოდნის გენერირებასა და პოლიტიკის პრიორიტეტებზე.[8]
მიკერძოება ფართოდ გავრცელებულია და ხშირად პრაქტიკის პროცესშიც ხდება მისი დასწავლა
ერთმა საკვანძო კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ის მედიცინის სტუდენტების თითქმის 49%-მა განაცხადა, რომ ხელმძღვანელი ექიმებისგან შავკანიანი პაციენტების შესახებ უარყოფითი კომენტარები მოისმინეს. დროთა განმავლობაში, ამ სტუდენტებს მეოთხე კურსისთვის უფრო გაღრმავებული ჰქონდათ რასობრივი მიკერძოება, ვიდრე პირველ კურსზე[9]. ფაქტობრივად, კლინიკური კულტურის ფარგლებში მიკერძოება არამხოლოდ მოთმინებით მიიღება, არამედ თაობიდან თაობას გადაეცემა.
მაგალითად, 2016 წლის კვლევით დგინდება, რომ სტენტირებაზე გადამისამართება თეთრკანიან პაციენტებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე შავკანიანებში. მიზეზი: „შავკანიანებს განათლება აკლიათ და ფიზიკური აქტივობით არ დაკავდებიან ოპერაციის შემდგომ. ამიტომ უსარგებლო იქნება.“
და ეს მხოლოდ რასას არ ეხება. კვლევები აღწერს სისტემურ მიკერძოებას ჭარბწონიანი ადამიანების, ქალების, შშმ პირთა, მიგრანტებისა და სიღარიბეში მცხოვრები პაციენტების მიმართ[10].
2015 წლის კვლევით დგინდება, რომ ჭარბწონიანი პაციენტებში ჩივილების ძირითად მიზეზად ჭარბი წონა სახელდება და ხშირია არასრულყოფილი დიაგნოსტირება.
საქართველოშიც, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს ხშირად არასწორად ახასიათებენ, როგორც „არამოტივირებულებს“ ან „დაუმორჩილებლებს“ – არაოფიციალურად, პოლიტიკის დონეზე არა, არამედ იმ იმპლიციტური ვარაუდების საფუძველზე, რაც გავლენას ახდენს მათ სრულყოფილ დიაგნოსტირებაზე და პატივისცემით მოპყრობასა და კომუნიკაციაზე[11].
სად ვლინდება მიკერძოება ყველაზე ხშირად კვლევების თანახმად:
- ტკივილის უგულებელყოფა რასისა და სქესის მიხედვით
ქალების ჩივილი ქრონიკულ ტკივილზე უფრო ხშირად არის იგნორირებული, ვიდრე კაცების. მიზეზი – სტერეოტიპი, რომ ქალი უფრო ემოციურია და უფრო მგრძნობიარე, შესაბამისად, ჩივილიც უსაფძვლოა.
საავადმყოფოში ქალების გარდაცვალების ალბათობა გულის შეტევის შემდეგ15-20% ით უფრო მაღალია, შფოთვის, სტრესის ან „ატიპიური სიმპტომების“ მიკერძოებით “ნაკარნახევი” არასწორი დიაგნოზის გამო.
შავკანიანი პაციენტები, განსაკუთრებით კი შავკანიანი ქალები, ხშირად აღნიშნავენ, რომ ტკივილის აღწერისას მათ არ უჯერებენ. კვლევების თანახმად, სამედიცინო პერსონალი სისტემურად აფასებს შავკანიანი პაციენტების ტკივილს რეალურზე ნაკლებად, რაც იწვევს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების არასაკმარის დანიშვნას, ჩარევის დაგვიანებას ან სიმპტომების მინიმალიზებას.
აშშ-ში შავკანიანი ქალები 3–5-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების მიზეზით, ვიდრე თეთრკანიანი ქალები – არა ბიოლოგიის გამო, არამედ მიკერძოების, სტრესის და სისტემური დისკრიმინაციის შედეგად.
- მიკერძოება კომუნიკაციისას და მოსმენის ნაკლებობა
ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად აწყვეტინებენ სიტყვას ან არ ალაპარაკებენ პაციენტებს, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მაგალითად, პაციენტები, რომელთაც ინგლისური ენა არასრულყოფილად იციან ან აქვთ განსხვავებული აქცენტი, ხშირად აღიქმებიან როგორც ნაკლებად ინტელექტუალურები ან დანიშნული მკურნალობის გაგების უუნარონი.
„ექიმები ბევრად უფრო ხშირად აწყვეტინებდნენ სიტყვას არათეთრკანიან პაციენტებს და იშვიათად მიმართავდნენ პაციენტზე ორიენტირებულ კომუნიკაციის სტანდარტებს. შედეგად, პაციენტებს ნაკლებად ჰქონდათ განცდა, რომ მათ მოუსმინეს.“
- დაშვებები მკურნალობის დაცვის უნარიანობის შესახებ
სამედიცინო პერსონალი ხშირად აკეთებს დაშვებას, რომ გარკვეული ჯგუფები – ხანდაზმულები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები ან მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ბოშა პაციენტები, ნაკლებად დაიცავენ მკურნალობის გეგმას. ამგვარმა მიკერძოებულმა შეხედულებამ შეიძლება გააუარესოს მომსახურების ხარისხი და სიღრმე.
„იმპლიციტური მიკერძოება ექიმებში ხშირად აჩენს ეჭვს პაციენტის სანდოობისა და მკურნალობისადმი ერთგულების თაობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება. შედეგად, პაციენტს შეიძლება ნაკლები დიაგნოსტიკური ტესტი ჩაუტარდეს ან ნაკლებად ინტენსიური მკურნალობა დაენიშნოს.“
- მიკერძოება სამედიცინო დოკუმენტაციაში
მიკერძოება ვლინდება არა მხოლოდ მკურნალობის პროცესში, არამედ სამედიცინო ჩანაწერებშიც, სადაც მაგალითად არათეთრკანიან პაციენტებზე ხშირად გამოიყენება დამაკნინებელი და სტიგმატიზებული ტერმინები (მაგ.: „განუვითარებელი“, „გიჟი“, „ნემსის მაძიებელი“), მაშინაც კი, როდესაც კლინიკური მაჩვენებლები თეთრკანიან პაციენტების მაჩვენებლების იდენტურია.
„შავკანიანი პაციენტების შესახებ სამედიცინო ჩანაწერებში უფრო ხშირად გვხვდება ნეგატიური აღწერილობები, რაც შემდგომში სხვა ექიმებზეც ახდენს გავლენას და შესაძლოა, გავლენა იქონიოს გრძელვადიანი მკურნალობის გადაწყვეტილებებზე.“
- უთანასწორობა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებებში
თეთრკანიანი მოზარდი, რომელიც შფოთვას განიცდის, შეიძლება სწრაფად გადამისამართდეს თერაპიაზე, მაშინ როცა არათეთრკანიანი ან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოზარდი, იმავე სიმპტომებით შეიძლება შეაფასონ როგორც „დაუმორჩილებელი “ ან ქცევითი აშლილობის მქონე. სიმპტომების ინტერპრეტაცია ხშირად იცვლება პაციენტის რასის ან სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.
ეს რეალური მაგალითები გვახსენებს, რომ იმპლიციტური მიკერძოება არ ნიშნავს ცუდ განზრახვას, ის ავტომატური ასოციაციების და სისტემური ტენდენციების შედეგია, რაც გავლენას ახდენს პაციენტის გამოცდილებაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე და ჯანმრთელობის შედეგებზე.
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმპლიციტური მიკერძოების შესამცირებლად?
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ძალისხმევა არ „გვაშორებს“ მიკერძოებას სამუდამოდ, გამიზნული ტრენინგი ამაღლებს ცნობიერებას, აუმჯობესებს უნარებს და ახალისებს პაციენტზე ორიენტირებულ ქცევას.
2025 წლის მეტა-ანალიზი, რომელიც მასაჩუსეტსის გენერალურi ჰოსპიტალისა და ურბანული ინსტიტუტის თანამშრომლობით მომზადდა და 55 კვლევის შედეგებს აერთიანებს, აჩვენებს, რომ:
- პროგრამების 96%-მა გააუმჯობესა კლინიცისტთა ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება მიკერძოების ამოცნობის მიმართ;
- მიღწევებს შორის იყო უკეთესი კომუნიკაცია, თვითშემეცნების გაზრდა და მიკერძოების მართვისას უფრო მეტი კომფორტი;
- ეს შედეგები თანმიმდევრული იყო ექიმების, ექთნების, სტუდენტების, მკვლევრებისა და კლინიკური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით, როგორიცაა ონლაინ მოდულები, სემინარები და რეფლექსიური სესიები[12].
თუმცა, პროგრამების უმეტესობა არ ზომავდა პაციენტის ჯანმრთელობის შედეგებზე გრძელვადიან გავლენას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია უფრო სიღრმისეული ინვესტირება ზემოქმედების შეფასებაში.
დაბოლოს,
მიკერძოება ადამიანურია. ჯანდაცვა ჰუმანური უნდა იყოს.
ექიმი ადამიანია, რომელსაც უწევს მოქმედება სისტემაში, სადაც წახალისებულია სწრაფი აზროვნება, სტერეოტიპებზე დაფუძნებული იმპულსები და იერარქიული ნორმები. თუმცა, განკურნება შეუძლებელია ნდობის დარღვევის შემთხვევაში. ნდობა კი, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, ემპათიას, პატივისცემასა და პაციენტის როგორც სრულფასოვანი ადამიანის აღქმას ემყარება.მიკერძოება არ არის ნაკლი, რისიც უნდა შეგრცხვეს. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორო და შეძლებისდაგვარად შეცვალო ან შეამცირო.
[1]იგივე კრი – ალგონკინების ჯგუფის ინდიელი ხალხი კანადასა და აშშ-ში. მათი რაოდენობა კანადაში 200 ათასზე მეტია და უდიდეს აბორიგენულ ერს წარმოადგენს.
[2] https://www.theguardian.com/world/2021/oct/06/joyce-echaquan-coroner-indigenous-systemic-racism-death
[3] თინათინ სტამბოლიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, ქცევის დიზაინერი, BISC Partners-ის აღამასრულებელი დირექტორი
[4] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5333436/
[5] World Health Organization (2023). Addressing stigma and discrimination in health systems. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/stigma-and-discrimination
[6] Hall, W. J., et al. (2015). Implicit Racial/Ethnic Bias Among Health Care Professionals and Its Influence on Health Care Outcomes: A Systematic Review. American Journal of Public Health, 105(12), e60–e76. https://doi.org/10.2105/AJPH.2015.302903
[7] Gopal, D. P., et al. (2021). Implicit bias in healthcare: clinical practice, research and decision making. Future Healthcare Journal, 8(1): 40–48. https://doi.org/10.7861/fhj.2020-0233
[8]https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC10749034/#:~:text=Citations%20over%20a%202%2Dyear,often%20perceived%20as%20lower%20quality.&text=The%20preference%20even%20among%20Global,North%20journals%20is%20thus%20unsurprising.&text=The%20numerical%20advantage%20of%20Global,must%20claim%20centrality%20by%20itself’.
[9] https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC4907959/#:~:text=Our%20pedagogy%20may%20be%20undermining,and%20risks%20of%20the%20augenblick.
[10] Gopal, D. P., et al. (2021). Implicit bias in healthcare: clinical practice, research and decision making. Future Healthcare Journal, 8(1): 40–48. https://doi.org/10.7861/fhj.2020-0233; Lokugamage, A. (2020). Cultural safety in maternity care: A model to reduce disparities. BMJ Global Health.; Boge et al. (2020). Gender recognition bias in clinical settings. BMJ Open.
[11] UNICEF Georgia. (2023). Assessment of access to health services for persons with disabilities. https://www.unicef.org/georgia/reports/access-healthcare-persons-disabilities
[12] Walker, T., et al. (2025). Implicit Bias Training Has Positive Impacts on Health Care Workers’ Knowledge, Skills, and Attitudes. Urban Institute / Massachusetts General Hospital.

