ჟურნალმა TIME-მა კომპანია Cochlear-ის ახალი სისტემა, Nucleus Nexa, 2026 წლის საუკეთესო გამოგონებების სიაში შეიყვანა. მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა „ჭკვიანმა“ კოხლეარულმა იმპლანტმა აღიარება ჯანდაცვისა და ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში მოიპოვა.
აქამდე კოხლეარული იმპლანტების განახლება მხოლოდ გარე ხმოვანი პროცესორის შეცვლით ხერხდებოდა, თავად ჩანერგილი კომპონენტი კი ოპერაციის შემდეგ უცვლელი რჩებოდა. Nucleus Nexa ამ პრაქტიკას ცვლის: ინჟინრებმა განახლებადი პროგრამული უზრუნველყოფა (firmware) უშუალოდ იმპლანტში ჩააშენეს. შედეგად, პაციენტები სამომავლო ტექნოლოგიურ სიახლეებს როგორც გარე პროცესორის, ისე თავად შიდა იმპლანტის მეშვეობით, დამატებითი ქირურგიული ჩარევის გარეშე მიიღებენ.
„Nucleus Nexa-თი ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ ტექნოლოგიებს, არამედ ხვალინდელ შესაძლებლობებსაც პასუხობს. უშუალოდ იმპლანტში ჭკვიანი, განახლებადი სისტემის ინტეგრირება ტექნოლოგიის დროთა განმავლობაში განვითარების სრულიად ახალ გზებს ხსნის“, — აცხადებს Cochlear-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი დიგ ჰოვიტი.
TIME-ის რედაქტორებმა და კორესპონდენტებმა გამარჯვებულები ოთხი მთავარი კრიტერიუმით, ორიგინალურობით, ეფექტიანობით, მასშტაბურობითა და გავლენით, შეარჩიეს.
კომპანია Cochlear-მა 1981 წლიდან დღემდე სმენა 180-ზე მეტ ქვეყანაში 800 000-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნა და კვლევასა და განვითარებაში 3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარზე მეტი ჩადო.
წყარო: cochlear

