ახალი კვლევის თანახმად, „ღამის ბუებს“ – ადამიანებს, რომლებსაც გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება ურჩევნიათ, შესაძლოა, ოფიციალურ საპენსიო ასაკამდე შრომისუნარიანობის შენარჩუნება გაუჭირდეთ.
ქრონოტიპი ორგანიზმის ძილისა და სიფხიზლის ბუნებრივი გრაფიკია. შესაბამისად, ბიოლოგიური საათის მიხედვით ადამიანები სამ ძირითად ჯგუფად იყოფიან: დილის (M ტიპი), შუალედურ და საღამოს (E ტიპი) ტიპებად.
ფინეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ საღამოს ქრონოტიპის მქონე საშუალო ასაკის ადამიანებს (40-იანი წლების შუა პერიოდი) 1.7-ჯერ უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ შრომისუუნარობის გამო პირველი პენსიის მიღების, ვიდრე მათ, ვინც დილით ადრე იღვიძებს („ტოროლებს“).
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საღამოს ტიპის ადამიანებში დილის ტიპის ადამიანებთან შედარებით ჯანმრთელობის უფრო ცუდი მდგომარეობა ამ ჯგუფში შრომისუუნარობის პენსიის ზრდის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. მათი ვარაუდით, საღამოს ტიპის ადამიანებში ჯანმრთელობის გაუარესების შედარებით მაღალი ალბათობა შესაძლოა ნაკლებად ჯანსაღ ჩვევებსა და შინაგანი ბიოლოგიური საათის დარღვევას უკავშირდებოდეს, რამაც შეიძლება ძილის პრობლემები გამოიწვიოს.
მეცნიერები დაეყრდნენ ხანგრძლივ, 1966 წელს დაწყებულ კვლევას, რომელშიც ფინეთის ორ ჩრდილოეთ პროვინციაში ამავე წელს დაბადებული ადამიანების 96% მონაწილეობდა. მონაწილეთა ქრონოტიპები 2012 წელს შეაფასეს, როდესაც მათ 46 წელი შეუსრულდათ.
ქრონოტიპის დასადგენად მონაწილეებს შემდეგი კითხვები დაუსვეს: რამდენად ადვილად იღვიძებდნენ დილით, რამდენად დაღლილები იყვნენ გაღვიძებიდან პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, როდის ერჩივნათ მუშაობა და მიიჩნევდნენ თუ არა თავს დილის თუ საღამოს ადამიანებად.
კვლევაში 5 679 ადამიანი მონაწილეობდა (2 597 კაცი და 3 082 ქალი). მათგან 253 კაცი (9.7%) და 381 ქალი (12.4%) საღამოს ტიპის ადამიანებად კლასიფიცირდნენ, 1 182 კაცი (46%) და 1 355 ქალი (44%) — დილის, ხოლო დანარჩენი — შუალედურ ტიპად.
12-წლიანი დაკვირვების პერიოდში შრომისუუნარობით გამოწვეულ პირველ პენსიაზე სულ 135 მამაკაცი და 249 ქალი გავიდა. საღამოს ტიპის მამაკაცების 8.3%-მა და ქალების 12.1%-მა მიიღო შრომისუუნარობის პენსია, მაშინ როცა დილის ტიპებში ეს მაჩვენებელი კაცებისთვის 5.0%-ს, ხოლო ქალებისთვის 7.2%-ს შეადგენდა.
კვლევის მიხედვით, 46 წლის ასაკში საღამოს ქრონოტიპის მქონე ადამიანებს მომდევნო 12 წლის განავლობაში შრომისუუნარობის გამო პირველი პენსიის მიღების 70%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე დილის ქრონოტიპის მქონე ადამიანებს. კავშირი „ღამის ბუობასა“ და შრომისუუნარობის პენსიის მიღების უფრო მაღალ რისკს შორის შენარჩუნდა მას შემდეგაც, რაც მკვლევრებმა განათლების დონე და პროფესიის ტიპი გაითვალისწინეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საღამოს ქრონოტიპის მქონე ადამიანების ჯანმრთელობა და მათი შესაძლებლობა, საპენსიო ასაკამდე გააგრძელონ მუშაობა, მდგრადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
თუმცა, კვლევა დაკვირვებითი იყო და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ მტკიცე დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.
წყარო:BMJ Group

