ხელოვნური ინტელექტი (AI) უახლოეს მომავალში გლობალურად შეცვლის ჯანდაცვის სისტემებს. ფაქტია, ამ ტექნოლოგიის პოტენციალი უზარმაზარია. ის გააუმჯობესებს პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, გაამარტივებს მედიკოსების მუშაობას და გააფართოებს წვდომას სამედიცინო სერვისებზე.
თუმცა, ამ უზარმაზარი შესაძლებლობების პასუხისმგებლობით გამოყენებისთვის, ჯანდაცვის სისტემებში ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს მიდგომები ინოვაციების დანერგვის, განვითარებისა და რეგულირების მიმართულებით.
ექსპერტების თქმით, რეგულაციების მოქმედი მოდელები, რომლებიც სტატიკური ტექნოლოგიებისთვისაა შექმნილი (მაგალითად, მედიკამენტები), ვერ უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ცვალებადი და დინამიური ბუნების ეფექტურ მართვას.
AI სისტემები მათი დანერგვის შემდეგაც ვითარდება, ამიტომ შედეგები ხშირად არაპროგნოზირებადია. ამასთან, არსებული მიდგომებით რთულია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა. ამ გამოწვევების გადასალახად საჭიროა უფრო მოქნილი, პარტნიორობაზე დაფუძნებული და გლობალურად შეთანხმებული მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება.
პასუხისმგებლიანი AI ჯანდაცვაში: ნდობის ფაქტორი და რისკების შემცირება
ჯანდაცვის სისტემები მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. იზრდება ხარჯები, მწვავდება კადრების დეფიციტი და სახეზეა ოპერაციული არაეფექტურობა. ეს პრობლემები სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს.
საპირისპიროდ, ხელოვნური ინტელექტი (AI) გვთავაზობს ძლიერ ინსტრუმენტებს კლინიკური გადაწყვეტილებების, სისტემის მდგრადობისა და დიაგნოსტიკა-მკურნალობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, მკაცრი კონტროლისა და ნდობის გარეშე, ამან შესაძლოა გაამწვავოს უთანასწორობა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ან გამოიწვიოს სხვა პრობლემები.
სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობით დაინერგოს და იყოს სანდო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჯანმრთელობის ცენტრმა და ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფმა, ერთობლივ ნაშრომში გამოკვეთეს სამი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ნდობის გასამყარებლად. ეს პრიორიტეტებია:
- ტექნიკური წიგნიერების გაძლიერება: აუცილებელია მარეგულირებლების, ინოვატორებისა და ჯანდაცვის ლიდერების ტექნიკური ცოდნის ამაღლება. ეს მათ საშუალებას მისცემს, კრიტიკულად შეაფასონ AI-ს გადაწყვეტილებები და შეძლონ მათი უსაფრთხო ინტეგრაცია სისტემაში.
- მარეგულირებელი ჩარჩოების ადაპტირება: საჭიროა დაინერგოს ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა მარეგულირებელი „სენდბოქსები“ (ე.წ საცდელი გარემო ინოვაციებისთვის მათ დანერგვამდე), ბაზრის შემდგომი მეთვალყურეობა და ტექნოლოგიური პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის მონიტორინგი.
- საჯარო-კერძო თანამშრომლობის ხელშეწყობა: გადამწყვეტია ერთობლივი ძალისხმევა შეფასების სტანდარტებისა და მონიტორინგის სისტემების შესაქმნელად, რომლებიც ინოვაციების დანერგვას და პაციენტების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფენ.
AI-ის რეგულირების გლობალური გამოწვევები: განსხვავებული მიდგომები და ჰარმონიზაციის აუცილებლობა
ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარების პირობებში, ქვეყნები მის რეგულირებას სხვადასხვა მიდგომით ცდილობენ, რაც გლობალური ტექნოლოგიური სივრცის გაყოფას იწვევს. ეს განსხვავებები ხელს უშლის AI ტექნოლოგიების უფრო ფართოდ გავრცელებას და აფერხებს ინოვაციის სრული პოტენციალის გამოყენებას.
AI-ს რეგულირების მიდგომები ქვეყნების მიხედვით:
- ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტს ანიჭებს ინოვაციასა და ბაზრის კონკურენტუნარიანობას, რაც ხელს უწყობს AI ტექნოლოგიების თავისუფალ განვითარებას.
- ევროკავშირი, თავის მხრივ, რეგულაციებზე დაფუძნებულ გზას ირჩევს. 2024 წლის მარტში მიღებული ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონი (EU AI Act), განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მაღალი რისკის მქონე AI აპლიკაციებზე, რომლებიც, მაგალითად, ჯანდაცვის სექტორზეა გათვლილი და აწესებს შესაბამის რეგულაციებს. ეს ტექნოლოგიის განვითარებას აფერხებს.
- ევროკავშირის სტანდარტებს ემხრობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სხვა წევრი ქვეყნების უმრავლესობა.
- განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით სამხრეთის რეგიონებში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. ამ ქვეყნებს ხშირად აკლიათ მარეგულირებელი რესურსები, რაც ართულებს AI-ის ეფექტური მართვისა და ზედამხედველობის სისტემების დანერგვას.
საგულისხმოა, რომ ხისტი რეგულაციებიც აფერხებს ინოვაციების განვითარებას, რაც ამცირებს ბაზრის ეფექტურობას. ამან შესაძლოა გააძლიეროს უთანასწორობა AI-ის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის მხრივ.
ცალსახაა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სრულად გამოყენებისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. ეს გაამარტივებს საერთო სტანდარტების შემუშავებას და განვითარებადი ქვეყნებისთვის საჭირო რესურსების მიწოდებას. მხოლოდ ასეთი გლობალური თანამშრომლობითაა შესაძლებელი ყველასთვის AI-ის სრული პოტენციალის ათვისება.
ინოვაციური მიდგომები გამოწვევების დასაძლევად
„საცდელი გარემო“ (სენდბოქსი) არის კონტროლირებადი სივრცე, სადაც ინოვატორები ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, მარეგულირებელი ორგანოების ზედამხედველობით, ცდიან და ამოწმებენ.
მაგალითად, 2024 წელს დიდმა ბრიტანეთმა, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA), წამოიწყო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს AI-ის, როგორც სამედიცინო მოწყობილობის (AIaMD), ზედამხედველობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო საცდელი გარემოს შექმნის გზით. ეს მიდგომა ეხმარება ტექნოლოგიების ვარგისიანობის შეფასებასა და მათ უსაფრთხო დანერგვას.
შემდგომი კონტროლი უზრუნველყოფს, რომ AI სისტემები უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობდნენ მათი დანერგვის შემდეგაც. მაგალითად, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) შექმნა სისტემები, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ AI-ით აღჭურვილი სამედიცინო მოწყობილობების მონაცემებს.
სახელმძღვანელო ინსტრუქციებზე დაფუძნებული მიდგომები აძლიერებს და ავითარებს არსებულ კანონმდებლობას და გთავაზობს უფრო მოქნილ, დეტალურ წესებს განვითარებადი ტექნოლოგიების სამართავად, თანაც ისე, რომ ინოვაცია არ შეფერხდეს. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს ინოვაციას, იცავს პაციენტებს და ავსებს იმ ხარვეზს, რაც სტატიკურ რეგულაციებსა და ხელოვნური ინტელექტის დინამიურ ბუნებას შორის არსებობს.
სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის მნიშვნელობა
ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი როლი აქვს საჯარო და კერძო პარტნიორობას (PPP).ეს პროცესი აერთიანებს შესაძლებლობებს და ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას.
ინიციატივები, როგორიცაა „ჯანმრთელობის ხელოვნური ინტელექტის კოალიცია“ (CHAI) და „სანდო და პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის ქსელი“ (TRAIN), იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია თანამშრომლობას სტანდარტების ჰარმონიზაცია და AI-ის ეთიკური გამოყენების ხელშეწყობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობაც. ისინი არა მხოლოდ ჯანდაცვის AI ტექნოლოგიების მთავარი შემქმნელები არიან, არამედ აქტიური პარტნიორებიც – მონაწილეობენ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში, ტესტირებასა და მუდმივ მონიტორინგში.
AI-ის სრული პოტენციალის რეალიზაციის გზა
ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული პოტენციალის გამოსაყენებლად მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის საკმარისი. ის მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს:
- ჯანდაცვის ლიდერების გადამზადება: აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს კარგად ესმოდეთ AI-ის შესაძლებლობები და შეზღუდვები, რომ სწორად შეაფასონ და გამოიყენონ ეს ტექნოლოგია.
- საკანონმდებლო ხედვების პრაქტიკულ ინსტრუმენტებად ქცევა: კანონები და რეგულაციები უნდა გარდაიქმნას პრაქტიკულ სახელმძღვანელოებად და ინსტრუმენტებად, რომ მათი გამოყენება გამარტივდეს.
- საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ინტეგრირება: ამ პროცესში აუცილებელია საზოგადოებრივი და კერძო სექტორის პარტნიორობა, რაც უზრუნველყოფს AI სისტემების უწყვეტ შეფასებასა და გაუმჯობესებას.
ფაქტია, ხელოვნურ ინტელექტს (AI) შეუძლია ყველაფერი შეცვალოს და სამედიცინო სერვისები გააუმჯობესოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ AI-ის განვითარებას გონივრულად მივუდგეთ. თუ არ იქნება მკაფიო წესები და სათანადო კონტროლი, არსებობს რისკი, რომ AI-იმ გამოიწვიოს პრობლემები. კერძოდ, რესურსების უსამართლო გადანაწილება ან ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება, რაც ავნებს როგორც პაციენტებს, ისე – მთელ სისტემას.
რისკებისგან თავის დასაცავად და AI-ის სრული პოტენციალი გამოსაყენებლად, აუცილებელია დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობა. კერძოდ, სახელმწიფოს, კერძო სექტორის, სამედიცინო სპეციალისტებისა და პაციენტების ერთობლივი მუშაობა. ამასთან, საჭიროა გამჭვირვალობა, რომ AI სისტემების მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება გასაგები იყოს ყველასთვის. მნიშვნელოვანია ადაპტირებაც და მოქნილი რეგულაციები თუ მიდგომები.
მხოლოდ ასე შეძლებს ხელოვნური ინტელექტი მოლოდინების გამართლებას – გააუმჯობესებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, გაამყარებს ჯანდაცვის სისტემას და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის.
წყარო: მომზადებულია World Economics Forum-ზე დაყრდნობით

