ტიტანის ხელოვნური გული: ახალი ეპოქა გულის უკმარისობის მკურნალობაში

გააზიარე

გულის უკმარისობა მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში, რასაც ემატება შეზღუდული თერაპიული ვარიანტები და დონორი ორგანოების მწვავე დეფიციტი. მიუხედავად ამისა, გულის ტრანსპლანტაცია კვლავ ინარჩუნებს “ოქროს სტანდარტის” სტატუსს გულის უკმარისობის ტერმინალური სტადიის სამკურნალოდ, თუმცა გლობალურად წლიურად მხოლოდ 6,000-მდე გულის გადანერგვაა შესაძლებელი. მექანიკური ცირკულატორული დამხმარე მოწყობილობები (BiVACOR TAH-ის მსგავსი) კი უზრუნვლეყოფს პაციენტთა მდგომარეობის სტაბილიზაციას დონორი ორგანოს მოლოდინის პერიოდში.

ტიტანის ხელოვნური გული შექმნა ბიოსამედიცინო ინჟინერმა, დოქტორ დენიელ ტიმსმა. ჩვეულებრივი მექანიკური ტუმბოებისგან განსხვავებით, BiVACOR იყენებს მაგნიტზე მცურავ მბრუნავ ნაწილს (როტორს) – როგორც მის ერთადერთ მოძრავ მექანიზმს. ეს ახალი დიზაინი განაპირობებს ხანგრძლივ გამძლეობას და ნაკლებად აზიანებს სისხლის უჯრედებს. ამ კონსტრუქციის წყალობით, მიიღწევა უწყვეტი სისხლის მიმოქცევა, რაც სრულად ანაცვლებს გულის ორივე პარკუჭის ფუნქციას.

ავსტრალიელი პაციენტი (ექვსი პაციენტიდან ერთ-ერთი) გაეწერა საავადმყოფოდან და დონორი გულის ტრანსპლანტაციამდე დამოუკიდებლად განაგრძობდა ცხოვრებას ახლომდებარე რეზიდენციაში. ეს არის პირველი კლინიკური შემთხვევა, როდესაც პაციენტმა დატოვა კლინიკა ტიტანის ხელოვნური გულით და მასთან ერთად იცხოვრა 100 დღის განმავლობაში. ადრეული პაციენტები ამ მოწყობილობით მხოლოდ სტაციონარში იმყოფებოდნენ.

BiVACOR-ისა და მსგავსი მოწყობილობების წარმატება მიანიშნებს მათ დიდ შესაძლებლობაზე, გარდაქმნან გულის უკმარისობის მართვა. ინოვაციური დიზაინის წყალობით, მოწყობილობა ასევე წარმოადგენს მუდმივი მკურნალობის ალტერნატივას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ტრანსპლანტაციის კრიტერიუმებს (მაგალითად, ასაკის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო). 

ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილები, მაგრამ სიფრთხილით ეკიდებიან ტექნოლოგიას, რადგან ის კლინიკური კვლევების საწყის ეტაპზეა. ჯერ კიდევ გაურკვეველია მოწყობილობის გრძელვადიანი ფუნქციონირება, პაციენტების საბოლოო კლინიკური შედეგები და მისი ფინანსური ღირებულება. თუმცა, მიღებული დადებითი შედეგები საშუალებას იძლევა გაფართოვდეს კლინიკური ცდები და ფართოდ დაინერგოს მექანიკური გულის შემცვლელები კლინიკურ პრაქტიკაში.

წყარო: Bivacor



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები