პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკის ელიტარულ უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით კი ჰარვარდის უნივერსიტეტს შორის გამწვავებული პოლიტიკური დავა საფრთხის ქვეშ აყენებს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამეცნიერო და სამედიცინო კვლევებს, რომლებიც ათწლეულებია ამერიკული ინოვაციების აქსელერატორია.
ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც უნივერსიტეტებს ლიბერალურ მიკერძოებასა და ანტისემიტიზმში ადანაშაულებს, ფედერალურ დაფინანსებას იყენებს როგორც ბერკეტს, რათა დაწესებულებებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება აიძულოს. ჰარვარდი, პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე, აკადემიურ თავისუფლებაზე დაყრდნობით უარს ამბობს ადმინისტრაციის ზედამხედველობაზე, რის საპასუხოდაც თეთრმა სახლმა ამ უნივერსიტეტისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი გრანტი გაყინა.
დაფინანსების გაყინვამ ჰარვარდის ასობით ლაბორატორიის მუშაობა შეაფერხა. კიბოს მკვლევარმა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ლუდვიგის კიბოს ცენტრის დირექტორმა, ჯოან ბრაგემ (Joan Brugge), განაცხადა, რომ გასულ გაზაფხულზე მისი გრანტები “შეწყდა” მიუხედავად იმისა, რომ იგი ძუძუს კიბოს განვითარების ყველაზე ადრეული ნიშნების აღმოჩენაზე მუშაობდა. მისი კვლევა მიზნად ისახავდა ისეთი მკურნალობის მეთოდის შემუშავებას, რომელიც კიბოს პრევენციას მოახდენდა.
“არასოდეს წარმომედგინა, რომ კიბოზე ფოკუსირებული კვლევა გაუქმდებოდა მიზეზის გამო, რომელიც არ იყო დაკავშირებული კვლევის ხარისხთან, არამედ ეხებოდა ჰარვარდში მრავალფეროვნებისა და ანტისემიტიზმის საკითხებს,” – განაცხადა ბრაგემ.
ბრაგეს თქმით, ამის შემდეგ ის უმეტეს დროს ალტერნატიული დაფინანსების მოძიებაში ატარებს, რათა ლაბორატორია შეინარჩუნოს.
აპრილში ჰარვარდმა მთავრობას უჩივლა. სექტემბერში ფედერალურმა სასამართლომ ჰარვარდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაფინანსების გაყინვა უკანონოდ ცნო. მოსამართლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ “ანტისემიტიზმი იდეოლოგიურად მოტივირებული თავდასხმისთვის გამოიყენა”.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მუშაობს “შეთანხმებაზე ჰარვარდთან, რომელიც უნივერსიტეტს ანგარიშს მოსთხოვს სამოქალაქო უფლებების უხეში დარღვევებისა და დისკრიმინაციისთვის,”.
ჰარვარდის პროფესორები აქცენტს აკეთებენ იმ მიღწევებზე, რაც ფედერალური დაფინანსებით გახდა შესაძლებელი, ისინი ამბობენ: “გსურთ, რომ ალცჰაიმერი განკურნებადი დაავადება გახდეს? გსურთ კიბოს მკურნალობა ბავშვებისთვის? ყოველივე ეს კვლევების დაფინანსების გარეშე შეუძელებელი იქნება”
ექსპერტები აფრთხილებენ ამერიკულ საზოგადოებას, რომ ფედერალური გრანტების გაცემის პოლიტიზება ანელებს ინოვაციებს და ქმნის პრეცედენტს, როდესაც სამეცნიერო კვლევის ხარისხზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღის წესრიგი ხდება.
წყარო: CBS

