ცნობილი შემსრულებლების ახალი ალბომების გამოსვლა ფატალურ ავტოავარიებს 15%-ით ზრდის: ჰარვარდის კვლევა

გააზიარე

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მეცნიერების კვლევის მიხედვით, ცნობილი შემსრულებლების ახალი ალბომების პრემიერის დღეებში აშშ-ში ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევები საშუალოდ 15.1%-ით იმატებს. ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს საჭესთან ყურადღების გაფანტვის საფრთხეებზე.

მეცნიერებმა შეისწავლეს 2017-2022 წლებში გამოშვებული 10 ყველაზე პოპულარული ალბომის რელიზის თარიღები (რომლებსაც Spotify-ზე ერთ დღეში მოსმენების რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდათ), მათ შორის ტეილორ სვიფტის Midnights, დრეიკის Scorpion და ჰარი სტაილსის Harry’s House. მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ დღეებში აშშ-ში ტოპ-200 სიმღერის სტრიმინგის მოცულობა 43%-ით იზრდებოდა. როდესაც მეცნიერებმა ეს მონაცემები ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების ეროვნულ რეესტრს შეადარეს (კვირის დღეების, სეზონურობისა და უქმეების გათვალისწინებით), დადგინდა, რომ ალბომების გამოსვლის დღეებში საგზაო კატასტროფებს საშუალოდ 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც სხვა ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით 15.1%-იანი ზრდაა.

კვლევის წამყვანი თანაავტორის, დოქტორ ვიშალ პატელის (Vishal Patel) განმარტებით, ახალი ალბომის ჩართვა საჭესთან მხოლოდ თითის ერთ დაჭერას არ მოითხოვს — ეს არის ძიების პროცესი: ტელეფონის განბლოკვა, აპლიკაციის გახსნა, ალბომის მოძებნა, სიმღერების სიის გადათვალიერება და სასურველი ტრეკის არჩევა, რაც მძღოლის ყურადღებას ეკრანზე რამდენიმე წამით სრულად იპყრობს. გარდა ამისა, უცნობი და ენერგიული მუსიკის მოსმენა ტვინისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, რაც მართვის ხარისხის გაუარესებას იწვევს. მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობის მატება განსაკუთრებით მაღალი იყო ახალგაზრდა და მამაკაც მძღოლებში, მათ შორის, ვინც მარტო მგზავრობდა ან ავტომობილში ჩაშენებული მულტიმედიური სისტემით სარგებლობდა.

ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევას აქვს თავისი შეზღუდვები: მონაცემები უშუალოდ ვერ ზომავს, იყენებდნენ თუ არა კონკრეტული ავარიის მონაწილეები ტელეფონს კატასტროფის მომენტში — ის მხოლოდ ეროვნულ დონეზე მუსიკის მოხმარების მკვეთრ ზრდასა და ავარიების სტატისტიკას შორის არსებულ კავშირს აჩვენებს. დოქტორ პატელის თქმით, სტრიმინგ პლატფორმებს შეუძლიათ მარტივი გაფრთხილება დაამატონ შეტყობინებებს, ხოლო მძღოლებს ურჩევს, მუსიკები მოძრაობის დაწყებამდე შეარჩიონ ან ეს დავალება გვერდით მჯდომ მგზავრს გადააბარონ.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები