წონის კლებისა და ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის სფეროში ახალი პერსპექტივა ჩნდება. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი ყოველდღიური აბი, სახელწოდებით ორფორგლიპრონი (orforglipron), შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე არსებული მსგავსი ტაბლეტები.
ახალი მედიკამენტი აქამდე ცნობილი პრეპარატებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა: კვლევების მიხედვით, მან წონის კლების მხრივ უკეთესი შედეგი აჩვენა, პაციენტებმა ერთი წლის განმავლობაში სხეულის წონის საშუალოდ 6-8% დაიკლეს, რაც ამჟამად ბაზარზე არსებული ანალოგიური აბების მაჩვენებელს აღემატება.
გარდა ამისა, მისი მიღება ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან ტაბლეტი არ საჭიროებს უზმოზე დალევას და მისი მიღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. წონის კლებასთან ერთად, პრეპარატმა სისხლში შაქრის დონის უფრო ეფექტური კონტროლიც დაადასტურა.
ექსპერტების აზრით, აბების ფორმა რევოლუციურია, რადგან მათი შენახვა და გამოყენება ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ინექციების. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრეპარატს ახასიათებს გვერდითი მოვლენებიც, ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, რის გამოც ზოგიერთმა პაციენტმა მკურნალობის შეწყვეტა ამჯობინა.
პრეპარატი ამჟამად აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) განხილვის პროცესშია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ეფექტური აბები მომავალ ათწლეულში დიაბეტისა და ჭარბი წონის მკურნალობის მთავარ მეთოდად იქცევა.
წყარო: The Lancet

