ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პერიფერიული ნერვების აღდგენის რევოლუციური მეთოდი დაამტკიცა. კომპანია Tissium-ის ინოვაციური მიდგომა, სახელწოდებით ნერვგიდი ( Nerve Guide), ტრადიციულ ქირირგიულ ნაკერებს წარსულში ტოვებს და ახალ ეპოქას იწყებს დაზიანებული ნერვების ჰიდროგელით მკურნალობაში. ეს არის უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს პროცედურას და ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს.
პერიფერიული ნერვების დაზიანების გამოწვევები და ტრადიციული მკურნალობის შეზღუდვები
პერიფერიული ნერვები ქმნიან რთულ ქსელს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის ყველა ნაწილის მუშაობისთვის. ისინი შეიძლება ტრავმის, ქირურგიული ჩარევის ან დიაბეტის შედეგად დაზიანდეს, რაც ხშირად იწვევს მგრძნობელობის სამუდამო დაკარგვას, მოძრაობის გაძნელებას, კუნთების ატროფიასა და ქრონიკულ, დამამძიმებელ ტკივილს. გამოწვევებთანაა დაკავშირებული ტრადიციული ქირურგიული მკურნალობა, რომელიც გულისხმობს დაზიანებული ნერვის ბოლოების მიკროქირურგიული ნაკერებით (სუტურებით) შეერთებას ან ნერვის გადანერგვას(სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ნერვის ფრაგმენტის გამოყენებით). ეს მეთოდები შრომატევადია, ქირურგისგან მოითხოვს უმაღლეს სიზუსტეს და მიკროსკოპით მუშაობას. გარდა ამისა, ნაკერების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვის დელიკატური ქსოვილის დამატებითი ტრავმა, ანთება, ნაწიბურების წარმოქმნა და არაოპტიმალური შედეგები.
ინოვაციური გადაწყვეტა: როგორ მუშაობს Nerve Guide
Tissium-ის Nerve Guide-ი ბიოთავსებად პოლიმერზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული ნერვის ეფექტურ აღდგენას. ორი ნერვის დაზიანებული ბოლო თავსდება სპეციალურად შექმნილ 3D ბეჭდვად კამერაში, რომელიც ბიორესორბირებადია (აღჭურვილია დეგრადირების და დროთა განმავლობაში ორგანიზმის დატოვების უნარით). ამის შემდეგ, სპეციალური ჰიდროგელი სითხის სახით შეჰყავთ დაზიანებულ ადგილზე, სადაც ის სინათლის ზემოქმედებით მყარდება და ფიქსირდება. ეს ქმნის დამცავ ჩარჩოს ნერვის სწორი რეგენერაციისთვის,ხელს უწყობს ადგილობრივი უჯრედების გამრავლებას და მნიშვნელოვნად ამცირებს დამატებითი ქსოვილური ტრავმებისა თუ ანთების რისკს.
Tissium-ის ხედვა და მომავალი პერსპექტივები
Tissium არის წამყვანი ბიოინჟინრული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია პოლიმერზე დაფუძნებული პლატფორმების შემუშავებაში. Nerve Guide მათი მრავალფუნქციური TissueSeal პლატფორმის მხოლოდ ერთ-ერთი აპლიკაციაა. კომპანია აქტიურად განაგრძობს კვლევას და განვითარებას იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში მათ ტექნოლოგიას გამოიყენებენ არა მხოლოდ ნერვების, არამედ სისხლძარღვების, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ქირურგიაშიც.

