ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა III ფაზის ორმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ წონის კლების ახალი ექსპერიმენტული ინიექციური პრეპარატი, Retatrutide, ჭარბწონიან პაციენტებში მუხლის ოსტეოართრიტის ტკივილს ამცირებს.
კვლევებში, რომლებშიც ჯამში 1,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, პრეპარატის უმაღლესი დოზის მიმღებთა ორ მესამედს მუხლის ტკივილი მინიმუმ 50%-ით შეუმცირდა (პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი 38% იყო). ამავდროულად, პაციენტებმა სხეულის მასის დაახლოებით 25% დაიკლეს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
ბაზარზე არსებული GLP-1 კლასის პრეპარატებისგან (სემაგლუტიდი, ტირზეპატიდი) განსხვავებით, რომლებიც ერთ ან ორ რეცეპტორს უმიზნებს და წონის 10-20%-იან კლებას იწვევს, ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ის მიერ შექმნილი Retatrutide სამი სხვადასხვა ბუნებრივი ჰორმონის რეცეპტორს ააქტიურებს. კვირაში ერთხელ გასაკეთებელი ინიექცია, ტკივილისა და წონის კლების გარდა, არტერიულ წნევას, ლიპიდების დონესა და სისტემურ ანთებას ამცირებს.
ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორის, ტომას შნიცერის განმარტებით, ტკივილის შემცირების მთავარი ფაქტორი წონის კლების შედეგად მუხლებზე მექანიკური დატვირთვის მოხსნაა. მიუხედავად ამისა, ოსტეოართრიტის მართვის ფუნდამენტად კვლავ დიეტა და ფიზიკური აქტივობა რჩება, რადგან GLP-1 კლასის პრეპარატებს კუნთოვანი მასის კლება ახასიათებს, მუხლის სტაბილიზაციისთვის კი კუნთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
კლინიკური კვლევის მიღმა დარჩნენ პაციენტები, რომლებსაც სახსრის სრული ენდოპროთეზირება (ქირურგიული ჩანაცვლება) ესაჭიროებოდათ. მეცნიერებისთვის მთავარ უცნობ ფაქტორად რჩება, ანელებს თუ არა Retatrutide ოსტეოართრიტის პროგრესირებას იმდენად, რომ პაციენტმა ქირურგიული ჩარევა სამომავლოდაც თავიდან აირიდოს. დამატებით შესწავლას მოითხოვს პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მექანიზმი და მისი ეფექტიანობა ნორმალური წონის მქონე პაციენტებში, რადგან ტესტირება მხოლოდ ჭარბწონიან პირებზე ჩატარდა.
წყარო: MedicalXpress

