როცა არჩევანის წინაშე დგები, მიჰყვე სხვების მიერ გაკვალულ გზას თუ შეცვალო ის, უმეტესობა მორჩილად ირჩევს პირველს. მხოლოდ ძალიან გაბედული ადამიანები ცვლიან წესებს. ნამდვილი ლიდერები არ ელოდებიან ხელსაყრელ დროს, ისინი თავად ქმნიან მას. ასეთი ლიდერია ექიმი ნათია ვაშაყმაძე, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ახალგაზრდა თავმჯდომარე.
ნათია ვაშაყმაძე 30 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, არ დალოდებოდა ცვლილებებს. ის რეზიდენტურიდან ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში და უკვე ფიქრობდა პლატფორმაზე, რომელიც ქართულ სამედიცინო სივრცეს, უფრო სწორედ კი, ქართველი ექიმებისა და მათი პაციენტების მომავალს შეცვლიდა.
შვიდი წლის შემდეგ, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია არ არის მხოლოდ პროფესიული გაერთიანება, ეს არის კავშირი ცვლილებებისთვის. სივრცე, სადაც ახალგაზრდა და გამოცდილ ექიმებს ერთმანეთის მოსმენა შეუძლიათ, ადგილი, სადაც მთავარი გმირი პაციენტია, და ყოველი ლექცია, სესია თუ დისკუსია, სწორედ მას ემსახურება.
ნათია ვაშაყმაძის ისტორია მხოლოდ ერთი ექიმის წარმატების ისტორია არ არის. ეს იმ ქალის ამბავია, რომელიც წინააღმდეგობებს არ შეუშინდა და ახალგაზრდა ასაკში გახდა ექიმების ახალი თაობის ლიდერი.
ამ ინტერვიუში ნათია გვიყვება იმ გზაზე, რომელიც თავად გაიარა. გზაზე, რომელმაც ასობით ექიმს უკვე გაუმარტივა ცოდნისკენ სვლა და რომელიც უფრო შთამბეჭდავი მიზნისკენ მიდის.
— ქალბატონო ნათია, როგორ გაჩნდა ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის შექმნის იდეა?
— ასოციაციის შექმნის იდეა რეზიდენტურიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მალევე გამიჩნდა. გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა, სადაც ექიმებს მიუკერძოებელ, ხარისხიან და სანდო სამედიცინო ინფორმაციას მივაწვდიდი. ასე გაჩნდა იდეა, რომელიც თავიდანვე გამოწვევებითა და სირთულეებით იყო სავსე. საქართველოში ახლახან დაბრუნებული 30 წლის ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და არ ვიცოდი, რამდენად სერიოზულად მიიღებდნენ ჩემგან ასეთ ამბიციურ განაცხადს უკვე ღვაწლმოსილი კოლეგები. ამაზე ვფიქრობდი, ვღელავდი, მაგრამ ამან ვერ შემაჩერა. რა თქმა უნდა, თავიდან მართლაც იყო სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ მე და ჩემი გუნდი ამას არ შევუშინდით. საბედნიეროდ, დამოკიდებულება მალე შეიცვალა. დაინახეს, რომ რეალურად შეიქმნა სივრცე, სადაც სხვადასხვა სპეციალობისა და გამოცდილების ექიმები ერთად ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ყველასათვის მნიშვნელოვან თემებზე, განვიხილავდით იმ სიახლეებს, რაც მედიცინაში ყოველწლიურად ხდება.
— ამ შეკრებების იდეა ხომ სწორედ საერთაშორისო, დასავლური და ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაა. თუმცა ამაზე არ გაჩერებულხართ…
— შემდეგი ეტაპი უკვე აშშ-ის და ევროპის თანამედროვე პროფესიული ლიტერატურის ქართულად თარგმნა და გამოცემა იყო. აშშ-სა და ევროპის თიროიდული ასოციაციების, აშშ-ს ენდოკრინული ასოციაციის, აშშ-ს დიაბეტის ასოციაციის ოფიციალური ნებართვით, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია რეგულარულად თარგმნის, აქვეყნებს და ექიმებს ურიგებს საერთაშორისო გზამკვლევებს ქართულ ენაზე. ეს გზამკვლევები ხელმისაწვდომია ჩვენი ასოციაციის ვებგვერდზეც. ბედნიერი ვარ და მეამაყება, რომ პაციენტებთან ურთიერთობისა და დიაგნოსტიკის დროს მათ ბევრი ქართველი ექიმი სამაგიდო გზამკვლევად იყენებს.

— ქალბატონო ნათია, საერთაშორისო ორგანიზაციები ახსენეთ და უნდა გკითხოთ, სრულიად ახალგაზრდა ექიმმა, ყოველგვარი რეგალიების და ცენზის გარეშე, როგორ მოიპოვეთ მათი ნდობა და მხარდაჭერა?
— მათ დაინახეს ჩვენი ენთუზიაზმი და სურვილი, რომ მათი ცოდნა და რეკომენდაციები ხელმისაწვდომი გამხდარიყო ქართველი ექიმებისთვის და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პაციენტებისთვის. ჩვენ სულ ხაზს ვუსვამდით, რომ ეს ინფორმაცია ქართველი ექიმებისთვის გვჭირდებოდა, რომ მათ დიდ ნაწილს, რომელთაც ინგლისური ენის ცოდნის მიუხედავად, ინგლისურად სამედიცინო ტექსტების დამუშავების ნაკლები გამოცდილება აქვთ, მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ ყველაზე თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურა. თქვენი პლატფორმიდანაც მადლობას ვუხდი უკლებლივ ყველა მათგანს. გამონაკლისის გარეშე ყველამ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოგვცა საავტორო უფლებები. მეტიც, აშშ-ის ენდოკრინულმა საზოგადოებამ 2022 წელს, როცა ჩვენ ვთარგმნეთ მათი ორი გზამკვლევი, გამოგვიყო სპეციალური გრანტი, რომ ქართულად ნათარგმნი წიგნები დაგვებეჭდა და ქართველი ექიმებისთვის გადაგვეცა. ერთი მათგანი შეეხებოდა ტრიგლიცერიდების დონის მომატებას სისხლში და მეორე, დისლიპიდემიის მართვას ენდოკრინული დაავადების მქონე პაციენტებში. ეს იყო საოცრად ამაღელვებელი მხარდაჭერა, რომელმაც უფრო მეტი სტიმული მოგვცა. დღესაც მათი მხრიდან სრულ ნდობას და უპირობო მხარდაჭერას ვგრძნობთ. ყოველთვის შეგვიძლია ვთხოვოთ და საავტორო უფლებები უსასყიდლოდ მოვიპოვოთ.
— რა წინა პირობები ჰქონდა ასეთ ნდობას და მხარდაჭერას?
— ალბათ ის, რომ ჩვენი გამოცემული წიგნები თუ ჩატარებული ღონისძიებები ყოველთვის თავისუფალი და დამოუკიდებელია სხვადასხვა ინდუსტრიის ჩარევისგან და მედიცინის ინტერესებს ასახავს. ეს ძალიან გვეამაყება. ყველა ღონისძიების შემდეგ ვატარებთ უკუკავშირის კითხვარს და ჩვენს აუდიტორიას ვეკითხებით, რა შთაბეჭდილება დარჩათ მათ, რამდენად პირნათელნი ვართ მათ წინაშე. ჩვენს ბოლო ღონისძიებაზე 97,8%-მა თქვა, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი ლექციები ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენისგან სრულად თავისუფალი იყო. აღიარების ასეთი მაღალი პროცენტი ევროპის ყველაზე სანდო და პრესტიჟულ ორგანიზაციებსაც შეშურდებათ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვამოწმებთ ყველა გამომსვლელს, რომ მათ მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული და ათასჯერ გადამოწმებული სამედიცინო ფაქტები გააცნონ საზოგადოებას.
— რა გამოცდილება შეგძინათ ამ შვიდმა წელმა, რა შეცვალეთ?
— ვცდილობთ, ყველაზე საინტერესო თემები ავარჩიოთ და მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენი ექიმების საჭიროებებს. მუდმივად ვიკვლევთ უკუკავშირს და ვთხოვთ რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის პასუხობს სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნებს. ფაქტობრივად, მათი სურვილების და ინტერესების ექოა. შეიცვალა პროგრამა და ფორმატი. მაქსიმალურად პრაქტიკული, კლინიკური რეკომენდაციებით გაჯერებული ლექციები გვაქვს. ვუყვებით იმას, რაც პრაქტიკოს ექიმს უშუალოდ პაციენტთან ურთიერთობისას სჭირდება. მეცნიერებას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ასეთ შეკრებებზე მხოლოდ სამეცნიერო წიაღსვლები არაა საკმარისი. ჩვენს შეკრებებზე აქტიურად განვიხილავთ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს. ექიმებს რეალური ადამიანების სამედიცინო ისტორიებს ვაცნობთ და მაგალითებით ვაჩვენებთ, როგორ მოიქცნენ სწორად: მაგ, ასეთი და ასეთი პაციენტი შემოვიდა ამა თუ იმ ჩივილებით, როგორ ვუმკურნალეთ, სად დავუშვით შეცდომა და როგორი გამოსავალი დადგა. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დისკუსიებისთვის განკუთვნილი დრო, სესიების დამთავრების შემდეგ ყველა ექიმს აქვს კითხვების დასმის, დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება. ჩვენი მოწვეული სპიკერების რაოდენობა და ხარისხიც იზრდება. ამის პარალელურად, იზრდება დამსწრე საზოგადოების რაოდენობაც, ორმოცდაათი მონაწილით დავიწყეთ და წელს უკვე სამასზე მეტი ექიმი ესწრებოდა ჩვენს კონგრესს. მომავალ წელს უფრო მეტს ველოდებით.
— ალბათ, ყველა ღონისძიებას წინ უძღვის შიშიც და სიხარულიც…
— კონგრესის წინ მღელვარებამ და შფოთვამ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ვიცოდით, რომ ყველა გამორჩეულ ღონისძიებას ელოდა. სიხარულიც განსაკუთრებული იყო, მათი ნდობა რომ გავამართლეთ და მოლოდინს გადავაჭარბეთ. ესაა ჩვენი მოტივაცია და ჩვენი საწვავი, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მოვინდომოთ.
— საბედნიეროდ დღეს საქართველოში კარგი და ტიტულიანი ექიმების ვიზიტების ნაკლებობას არ ვუჩივით, მაგრამ ამ ფონზეც კი გამორჩეული სპიკერები გყავდათ. როგორ ახერხებთ მათ დათანხმებას?

— ახლა უკვე ძალიან იოლად. თავიდან მართლა ჭირდა მათი დარწმუნება, ახლა ძალიან აბედნიერებთ ჩვენი მოპატიჟება. მზად არიან, სხვა საქმეები გადადონ. მაგალითად, ჩვენი სპიკერი, პროფესორი ხუან კარლოს გალოფრე ესპანეთიდან, რომლის განრიგი ექვსი თვით ადრე ივსება და ჩვენი კონგრესის დღეებიც სრულიად შევსებული ჰქონდა პაციენტებით, მაინც ჩამოვიდა. მან სხვა დღეებში დაიმატა სამუშაო საათები, გადაწერა პაციენტები, მერე მანქანით იმგზავრა თავისი ქალაქიდან აეროპორტამდე, რომელიც სხვა ქალაქში იყო და კონგრესზე ჩამოფრინდა. ჩვენგან რომ გაფრინდა, იმავე დღეს კლინიკაში ისევ პაციენტები ელოდნენ. ჩვენი უცხოელი სპიკერები მეუბნებიან, რომ ამ შეხვედრებზე ჩვენც თქვენთან ერთად ვსწავლობთ და ვიზრდებითო. ერთიცაა, ისინი არა მარტო ექიმობითა და პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებით, კომუნიკაბელურობით, დამოკიდებულებითაც გამოირჩევიან. ჩვენი დიდი გულშემატკივრები არიან იმ გზაზე, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ და პირადად მე გავიარე, მომავალშიც მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
— ცალკე აღნიშვნის ღირსია თქვენი განსაკუთრებული სტუმარი გერი ჰემერი, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და ქარიზმატული სპიკერი, რომლის გამოსვლაც ერთგვარ შოუს ჰგავდა. მან შეძლო დარბაზის ისე აყოლიება, როგორც ეს, არა ექიმების შეკრებაზე, არამედ უფრო სხვა სახის ღონისძიებებზე ხდება… ქართველი ექიმებისთვის ესეც ახალი გამოცდილება იყო და მისი შეფასებაც, რომ საქართველოში მსოფლიო დონის შეკრება გაიმართა…
— სულ ახლახან გერი ჰემერი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, აშშ-ის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პირველი პირი იყო. ის და მისი გუნდი მსოფლიოში უამრავ დიდ კონფერენციას თუ შეხვედრას მართავს და ასეთი გამოცდილების მქონე სპიკერისგან საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ ლიდერობაში ტოლს არავის ვუდებთ, ყველაზე ემოციური იყო.
— ქალბატონო ნათია, თვალს ვადევნებდი თქვენს მოსამზადებელ ეტაპს, როგორ ცდილობდით ექიმების დაინტერესებას, მათ ჩართვას კონგრესის სამზადისში, როგორ შექმენით განსხვავებული მოლოდინი სპიკერებისა თუ თემების მიმართ, რაც ასევე უცხოა სამედიცინო საზოგადოებისთვის…
— ალბათ, დამეხმარა ისიც, რომ ძალიან მრავალმხრივი პროგრამა გვქონდა. გამომსვლელებს შორის იყვნენ ნუტრიციოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ლიპიდოლოგი, ეს არ იყო მხოლოდ ენდოკრინოლოგების შეხვედრა, ენდოკრინოლოგია ყველა სპეციალობასთან არის გადაჯაჭვული. ჰორმონები მართავენ ორგანიზმს და კავშირში არიან ყველაფერთან. აქ განხილული თემები აინტერესებს ყველას და ამიტომაც შედგა უწყვეტი კავშირი აუდიტორიასა და სპიკერებს შორის.
— ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელ თემებს მოჰყვა?
— აუცილებლად დავიწყებ თირკმელზედა ჯირკვლის სესიით, გამოვყოფდი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ორსულობისას და ასევე პაპილარული კარცინომების მართვას. ესაა საკითხები, რაზეც საერთო ჩამოყალიბებული აზრი მთელ მსოფლიოში არ არსებობს. ღია სადებატო თემებია და ამიტომ ძალიან ცხელი და საინტერესო. გენიალური ლექცია ჰქონდა პიტერ ლანსბერგს ინსულინრეზისტენტობასა და ლიპიდებზე, რომლებიც ერთი შეხედვით კარგად ნაცნობი თემებია, მაგრამ სრულიად ახალი რაკურსით წარმოჩენილი. ყველას გვეგონა, რომ პირველად ვისმენდით. მან განიხილა მექანიზმები, რაც საფუძვლად უდევს ინსულინრეზისტენტობას, ახალი მიდგომით „სპილო ოთახში“. რას ვგულისხმობ? იმდენად გავრცელებულია ინსულინრეზისტენტობა, სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები, რომ უკვე ვეღარც ვამჩნევთ, ისე მივეჩვიეთ, თითქოს ნორმად იქცა. არადა, ზუსტად ისაა უამრავი ქრონიკული დაავადების, მათ შორის დიაბეტის, სისხლძარღვოვანი პათოლოგიის, ონკოლოგიური დაავადებების, ნაადრევი სიკვდილის ხშირი მიზეზი მსოფლიოში და საქართველოშიც.
— კონგრესის შემდეგ ამ პრობლემის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება?
— ვფიქრობ ამ კონგრესის მერე ზოგადად ექიმების პრაქტიკა გაუმჯობესდება. ეს აჩვენა პოსტტესტირებამაც. ეს კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ ჩვენს თავს და ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგებს ვზომავთ. პრაქტიკოსი ექიმების პრე და პოსტტესტირება აჩვენებს გაუმჯობესებას. წელს ეს 28%-იანი გაუმჯობესება იყო, რაც ძალიან კარგი შედეგია და პირდაპირ აისახება პაციენტებზე.
— დიაბეტი ტიპი 2-ის გზამკვლევები და მართვის სტრატეგია მსოფლიოს მასშტაბით იცვლება. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო კონგრესზე. ექიმები, ვინც ამ კონგრესს ესწრებოდნენ, ხვალ და ზეგ ამ დაავადებების სამკურნალოდ პაციენტებს ბევრად თანამედროვე მკურნალობას დაუნიშნავენ?
— მიზანი ესაა. მე ვიმედოვნებ ყველა სესია საბოლოოდ ითარგმნება ექიმების კომპეტენციის ამაღლებაში. უნდა გამოვყო თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები და ახალი მიდგომები, მაგალითად, ალდოსტერონთან დაკავშირებული სიახლეები. კონგრესის მერე, ამ დღეებში გამოიცა ალდოსტერონიზმთან დაკავშირებული ახალი გზამკვლევი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც უშუალოდ ამ კონგრესის ერთ-ერთი სპიკერი გერი ჰემერი ხელმძღვანელობს. ის, რაც ამ დოკუმენტშია, ჰემერმა მის გამოცემამდე გააცნო ქართველ ექიმებს. უკვე გვაქვს მიმოწერა, რომ ის ვთარგმნოთ ქართულ ენაზე. ბევრი საინტერესო სიახლეა დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიმართულებით. მაგ, ახალი გზამკვლევით რეკომენდებულია, ჰიპერტენზიის მქონე ყველა პაციენტთან ჯერ პირველადი ალდოსტერონიზმი გამოირიცხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ჰიპერტენზიის მკურნალობა. ეს სრულიად ახალი მიდგომაა მთელ მსოფლიოში და საქართველოც პარალელურად დანერგავს მას. ასევე მოხდება ლიპიდოლოგიის, გაურკვეველი ეტიოლოგიის კვანძების, სიმსუქნის, დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2-ის, ოსტეოპოროზის, ფარისებრი ჯირკვლის თუ სხვა დაავადებების მართვის შემთხვევაში, ხანდახან კონგრესზე განხილული სიახლეები ჯერ გზამკვლევშიც არაა შესული და ჩვენ წინ ვუსწრებთ.
— მსოფლიო პანდემიად გამოცხადებული სიმსუქნე ახსენეთ, როგორია თქვენი შეფასება, ეს ცხოვრების წესია თუ ქრონიკული დაავადება და რა როლი აქვს მის განვითარებაში კულტურულ თავისებურებებს თუ ტრადიციებს. საქართველოში თუ ფიქრობთ მისი მართვის გზამკვლევის შექმნას?
— სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მართლა პანდემიასავით მოედო მსოფლიოს, განვითარებულ ქვეყნებსაც და განუვითარებელსაც. ესაა ჭარბი კალორიების და უმოძრაო ცხოვრების რეჟიმის შედეგი. ის ცხოვრების არაჯანსაღი წესის შედეგია, მაგრამ საბოლოო ჯამში სერიოზული ქრონიკული არაგადამდები დაავადებაა. რაღაც მონაცემებია, რომ შეიძლება ცოტა გადამდებიც იყოს, იმიტომ, რომ მსუქან ადამიანებთან მყოფი სხვა ადამიანებიც გარკვეულწილად მათ ცხოვრების რეჟიმს იზიარებენ და მათაც უჩნდებათ ეს პრობლემა. ასე რომ, სიმსუქნე ინფექციასავით არ ვრცელდება, თუმცა ცხოვრების ჩვევები ვრცელდება. სიმსუქნეს სერიოზული აღქმა და მიხედვა სჭირდება პაციენტების, საზოგადოების და ექიმების მხრიდანაც. არსებობს სიმსუქნის მკურნალობის საერთაშორისო წესები, რომელსაც ჩვენ მივყვებით, თუმცა ქართულად ჯერ არ გვითარგმნია. თუ ცხოვრების წესის შეცვლა არასაკმარისია და მხოლოდ ამ გზით სიმსუქნის დამარცხება შეუძლებელია, მას მედიკამენტოზური მკურნალობაც სჭირდება. საბედნიეროდ ასეთი მკურნალობა არსებობს და გამოუვალ შემთხვევაში ბარიატრიული ოპერაციაც შესაძლებელია. კულტურულ ტრადიციებს რაც შეეხება, ჩვენთან ე.წ. „აბდომინური სიმსუქნე“ ერთგვარ ნორმადაც ითვლება, ესაა სწორედ „სპილო ოთახში“.
— ქალბატონო ნათია, როგორ გრძნობთ თავს ლიდერი ქალის როლში?

— ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაც ღირებულს ქმნი. ჩემი საწვავია, როცა იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, რისიც მჯერა და ვიცი, რომ დადებითი გავლენის მომტანია. სასიამოვნოა, ყოველდღიურად იმ შეგრძნებით გაღვიძება, რომ მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ გარემო. უკვე აღარ მაქვს მოდუნებისა და გაჩერების უფლება. სულ სიახლის ძიებაში ვარ. სერიოზული გეგმები მაქვს: პირველი, ესაა ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტლის ე.წ. ჯიბის პროტოკოლი, „როგორ ვმართოთ ჰიპერგლიკემია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში”, რომელიც ამ პროტოკოლის შემქმნელმა მიხაილ ზილბერმინტმა გადმოგვცა საჩუქრად, და რომელსაც აუცილებლად მოვიწვევთ მომავალ წელს კონგრესზე. წელს კიდევ ორი გზამკვლევი უნდა გამოვცეთ. პირველად თქვენ გაგიმხელთ, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ჩვენი ასოციაცია გამოსცემს წიგნს. ესაა რამდენიმეწლიანი სერიოზული პროექტი. წიგნი უკვე ნათარგმნია და რედაქტირებაც დასრულებულია, საავტორო უფლება გვაქვს და მალე დავბეჭდავთ „დაბერების ენდოკრინოლოგია დიაგრამებსა და სურათებში“, რომელიც ძალზე პრესტიჟული სამედიცინო გამომცემლობის „ელსევიერის” ძალიან ძვირად ღირებული წიგნია. მერვე კონგრესი მომავალ წელს უფრო მასშტაბური და აუცილებლად სამდღიანი იქნება, რადგან მივხვდით, რომ ასეთი ინტერესის ფონზე ორი დღე არაა საკმარისი. ვგეგმავთ პაციენტების ჩართვას, ვორქშოპის მოწყობას, დებატების დამატებას იმ საკამათო თემებზე, რაც ექიმებში მწვავე დისკუსიას იწვევს. კიდევ გვაქვს სხვა გეგმებიც, მაგრამ საიდუმლოდ შევინახავ მომავალ წლამდე.
— როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
— ვმუშაობ სადოქტორო თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვსწავლობ სელენიუმის, მიკროელემენტ სელენის როლს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციებში. ჩემი მხარდამჭერი და ხელმძღვანელია ხუან კარლოს გალოფრე. საინტერესო წინასწარი მონაცემები გვაქვს, დაახლოებით წელიწად-ნახევარში დასრულდება ეს პროექტი. ვგეგმავ “ჰელსიკორში” ენდოკრინოლოგიის განყოფილება გავაფართოო და აქტიური საგანმანათლებლო სივრცე შევქმნა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. ჯერჯერობით ესაა, მაგრამ ახალი პროექტები კიდევ იქნება.
ავტორი: ეკა სარია

