წონის კლების პრეპარატებმა, შესაძლოა, ოსტეოპოროზისა და პოდაგრის განვითარების რისკი გაზარდოს

გააზიარე

ახალი კვლევის თანახმად, GLP-1 კლასის პრეპარატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება დიაბეტისა და წონის კლებისთვის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ოსტეოპოროზისა და ნიკრისის ქარის (პოდაგრის) განვითარების მომატებულ რისკთან.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პაციენტებში მცირე ტრავმების ფონზე მყესების გაწყვეტის შემთხვევები გახშირდა.

კვლევის ძირითადი მიგნებები

146,000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის სამედიცინო ისტორიის ანალიზმა აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების გამოყენება ძვლოვანი სისტემის დაზიანების გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, წონის კლების პრეპარატების მომხმარებელთა 4%-ს ოსტეოპოროზი განუვითარდა, რაც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით რისკის 30%-იან ზრდას გულისხმობს, ხოლო ძვლების დარბილების შემთხვევები (ოსტეომალაცია) ამ მედიკამენტების მიღების ფონზე თითქმის ორჯერ უფრო ხშირად დაფიქსირდა.

გარდა ამისა, კვლევამ ნიკრისის ქარის (პოდაგრის) განვითარების 12%-ით მომატებული საფრთხე გამოკვეთა. მეცნიერების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი წონის სწრაფი კლების პროცესში ორგანიზმში შარდმჟავის დონის დროებით მატებას უკავშირდება, რაც სახსრების ანთებითი პროცესების პროვოცირებას იწვევს.

რა იწვევს ძვლოვანი მასის კლებას?

მეცნიერები ამ მოვლენის რამდენიმე სავარაუდო მიზეზს განიხილავენ, რომელთა შორის უმთავრესი საკვები ნივთიერებების დეფიციტია: მადის მკვეთრი დათრგუნვის გამო, პაციენტები ხშირად ვერ იღებენ ძვლების სიმტკიცისთვის აუცილებელ კალციუმს, D ვიტამინსა და ცილებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი წონის სწრაფი კლებაა, როდესაც სხეულის მასა საგრძნობლად მცირდება, ჩონჩხზე მექანიკური დატვირთვა იკლებს, რაც ორგანიზმისთვის ერთგვარი სიგნალი ხდება, რომ ძვლოვანი სიმკვრივის შენარჩუნება ძველ დონეზე საჭირო აღარ არის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბიოლოგიური პროცესი ასტრონავტებსაც აღენიშნებათ უწონადობის პირობებში ხანგრძლივი ყოფნისას.

როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კვლევის შედეგები პრეპარატზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა. ექსპერტთა რეკომენდაციით, შესაძლო გართულებების შესამცირებლად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ვარჯიშები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას, ცილებისა და მიკროელემენტების ადეკვატური მიღება კვების მკაცრი მონიტორინგის ფონზე და მკურნალობის პროცესში ძვლოვანი მასის მდგომარეობის რეგულარული სამედიცინო კონტროლი.

წყარო: NBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები