back to top

რატომ აწუხებთ ადამიანებს კოვიდის გადატანის შემდგომაც ყნოსვითი დისფუნქცია?

გააზიარე

მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ინდივიდი, რომელმაც COVID-19 გადაიტანა, კვლავ განიცდის პოსტ-ინფექციურ სირთულეს: ყნოსვის შეგრძნების დაკარგვას (ანოსმია) ან დამახინჯებულ აღქმას (დიზოსმია). ეს სიმპტომატიკა, რომელიც ცნობილია, როგორც ყნოსვის დისფუნქცია (OD), ნათლად უსვამს ხაზს ვირუსის მნიშვნელოვან, მაგრამ ნაკლებად შესწავლილ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

COVIDOM-ის ინტერდისციპლინური გუნდის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Scientific Reports-ში, აჩვენა, თუ როგორ ახდენს COVID-19 გავლენას ამიგდალაზე – ტვინის სტრუქტურაზე, რომელიც კრიტიკულია ყნოსვითი ინფორმაციისა და ემოციური რეაქციების დამუშავებაში. ეს აღმოჩენები ახალ ცოდნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რატომ ნარჩუნდება ყნოსვის დისფუნქცია ინფიცირებიდან თვეების შემდეგაც, და შესაძლოა, განსაზღვროს პოსტ-COVID სინდრომის (Long COVID) თერაპიული მიდგომების მომავალი.

ანოსმია COVID-19-ის პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და კლინიკურად თვალშისაცემი სიმპტომი იყო. პაციენტთა უმრავლესობა ყნოსვით ფუნქციას რამდენიმე კვირაში აღიდგენდა, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს ეს ყნოსვითი დარღვევა თვეების ან უფრო ხანგრძლივი ვადითაც კი უგრძელდებოდა. აღნიშნულმა დისფუნქციამ შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე, ვინაიდან იწვევს კვებითი სიამოვნების დაქვეითებას და ნეგატიურად აისახება ზოგადად ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე.

კვლევის დეტალები:

კვლევაში ჩაერთო 61 მონაწილე COVIDOM კოჰორტიდან, რომლებიც გადანაწილდნენ ორ ჯგუფში: პირები ყნოსვის დისფუნქციით (პოსტ-COVID OD) და საკონტროლო ჯგუფში ისინი, რომლებსაც ყნოსვა სრულად აღდგენილი ჰქონდათ.

DTI (დიფუზურ-ტენზორული ვიზუალიზაცია) და მაღალი გარჩევადობის MRI-ის გამოყნებით შეფასდა, თეთრი ნივთიერების ტრაქტები იმ ნეიროანატომიურ სტრუქტურებში, რომლებიც მონაწილეობენ ყნოსვითი სიგნალების დამუშავებაში: ამიგდალა, piriform cortex და პუტამენი.

კვლევის თანახმად, ფრაქციული ანიზოტროპიის (FA) მაჩვენებელი (რომელიც ასახავს ნერვული ბოჭკოების სიმკვრივესა და ორგანიზებას) მნიშვნელოვნად მომატებული იყო მარცხენა ამიგდალაში ყნოსვის დისფუნქციის (OD) მქონე პირებში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. FA-ის მატება ჩვეულებრივ მიანიშნებს ნერვული ბოჭკოების გაძლიერებულ მიელინიზაციაზე ან უკეთეს ბოჭკოვან ორგანიზებაზე. ეს შეიძლება იყოს კომპენსატორული ნეიროპლასტიურობის (ტვინის ადაპტაციის) ნიშანი, რაც ყნოსვის დაკარგვას მოჰყვება.

თუმცა, აღნიშნული ცვლილების ინტერპრეტაცია რთულია: ის შეიძლება ასახავდეს ადაპტაციურ მექანიზმებს, რომლებიც აძლიერებენ კომუნიკაციას ამიგდალასა და ვენტრომედიალურ პრეფრონტალურ ქერქს შორის – რეგიონი, რომელიც ემოციებსა და შფოთვას აკონტროლებს. ამას ადასტურებს უარყოფითი კორელაცია FA-ის მაჩვენებლებსა და შფოთვის/დეპრესიის დონეს შორის (შეფასებული GAD-7 და PHQ-8 სკალებით): რაც უფრო მთლიანი და ორგანიზებულია ამიგდალას თეთრი ნივთიერება, მით ნაკლებად გამოხატულია ფსიქიატრიული სიმპტომები.

მეორე მხრივ, რადიალური დიფუზორობის (RD) მაჩვენებლები (რომელიც მიელინის გარსის მთლიანობას აფასებს) ასევე მომატებული აღმოჩნდა ყნოსვის დისფუნქციის (OD) მქონე ჯგუფის მარჯვენა ამიგდალაში. RD-ის მატება ტრადიციულად მიელინის გარსის დაზიანებას ან დემიელინიზაციას უკავშირდება.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევაში მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით, არაჰოსპიტალიზებული პაციენტები იყვნენ ჩართული, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს არ არის კლასიკური ნეიროდეგენერაციის ნიშანი. მათ ნაცვლად, ეს ცვლილება, შესაძლოა, ასახავდეს მიკროსტრუქტურულ რემოდელირებას, რომელიც სპეციფიკურია COVID-ის შემდგომი ყნოსვის დარღვევისთვის.

უფრო მეტიც, საშუალო დიფუზორობის (MD) და ღერძული დიფუზორობის (AD) მაჩვენებლებმა მარცხენა ამიგდალაში გამოავლინა დადებითი კორელაცია ყნოსვის დისფუნქციის ხანგრძლივობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ყნოსვის პრობლემა, მით უფრო პროგრესირებს ამ რეგიონის ნერვულ ბოჭკოებში მიკროსტრუქტურული ცვლილებები.

ამიგდალა, რომელიც პირველად ყნოსვით ქერქთან არის დაკავშირებული და მჭიდრო კავშირი აქვს piriform cortex-თან, უმნიშვნელოვანესია ყნოსვითი ინფორმაციის დამუშავებისთვის. დიფუზორობის ამ მაჩვენებლების ცვლილებამ შესაძლოა დაარღვიოს ინფორმაციის ნაკადი ყნოსვით და ემოციების მარეგულირებელ ნეირონულ წრედებში. ეს დარღვევა, სავარაუდოდ, აფექტური (ემოციური) და სენსორული სიმპტომების მიზეზია „ხანგრძლივი COVID“-ის დროს.

საერთო ჯამში, ეს ცვლილებები მიუთითებს ვირუსით ინფიცირების შემდგომ რთულ პროცესზე. კერძოდ, ამიგდალას თეთრი ნივთიერების მიკროსტრუქტურაში ერთმანეთს ერწყმის ადაპტაციური და პოტენციურად დამაზიანებელი ცვლილებები. ეს აღმოჩენები ხაზს უსვამს ამიგდალას “მოწყვლადობას” და მის ნეიროპლასტიკურ რეაგირებას გახანგრძლივებულ სენსორულ დეპრივაციაზე (ყნოსვის დაკარგვაზე).

ყნოსვის დისფუნქციის (OD) გამომწვევი ცერებრალური ცვლილებების გააზრება კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს სამიზნე თერაპიული ინტერვენციების შესამუშავებლად. კვლევის შედეგები აზუსტებს გახანგრძლივებული ყნოსვითი დარღვევების ნეიროპათოლოგიურ საფუძველს, რითაც ხელს უწყობს ახალი დიაგნოსტიკური მეთოდებისა და სამკურნალო საშუალებების დანერგვას.

წყარო: nature – scientific reports



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები