ტვინის არაინვაზიურმა სტიმულაციამ პარკინსონის დაავადებისას დეპრესია და აპათია მნიშვნელოვნად შეამცირა: კვლევა

გააზიარე

ჟურნალ Acta Neuropsychiatrica-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ტრანსკრანიალური მუდმივი დენით სტიმულაცია (tDCS) პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამოტორულ სიმპტომებს — დეპრესიასა და აპათიას. კორეის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის (Korea University College of Medicine) მეცნიერების მიერ ჩატარებული ეს ნაშრომი განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ კლინიკურ შეფასებაში ობიექტური მონიტორინგისთვის ჭკვიანი ტარებადი მოწყობილობები (Wearable technology) გამოიყენეს.

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომელსაც ტრადიციულ მოტორულ სიმპტომებთან (კანკალი, რიგიდულობა, შენელებული მოძრაობა) ერთად, ხშირად ახლავს არამოტორული გამოვლინებებიც — დეპრესია, შფოთვა და აპათია. ეს ფსიქოემოციური ფაქტორები პაციენტის ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს და დაავადების ეფექტურ მართვას აფერხებს. ტრანსკრანიალური მუდმივი დენით სტიმულაცია (tDCS) ნეირომოდულაციის არაინვაზიური თერაპიაა, რომელიც თავის კანზე მოთავსებული ელექტროდების მეშვეობით, დაბალი ინტენსივობის დენით ტვინის მიზნობრივი უბნების აქტივობას არეგულირებს. ვინაიდან პროცედურა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევასა თუ ანესთეზიას და მინიმალური დისკომფორტით ხასიათდება, ის ემოციური და კოგნიტური სიმპტომების სამართავად უსაფრთხო ალტერნატივად განიხილება.

კვლევის მიმდინარეობა და შედეგები

კვლევაში ჩაერთო 20 პაციენტი, რომლებსაც პარკინსონის დაავადებასთან ერთად დეპრესიული სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში tDCS-ის 10 სესია ჩაუტარდათ (კვირაში სამჯერ), სადაც სტიმულაცია ტვინის იმ უბნებზე იყო მიმართული, რომლებიც ემოციების რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. პარალელურად, პაციენტები ატარებდნენ ჭკვიან სამაჯურებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობასა (ნაბიჯების რაოდენობა) და ძილის რეჟიმს უწყვეტად აღრიცხავდა.

მონაცემებმა აჩვენა, რომ მკურნალობის შემდეგ პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა:

  • დეპრესიული სიმპტომები დაახლოებით 54%-ით შემცირდა;

  • შფოთვა შემცირდა 38%-ით;

  • აპათია (მოტივაციისა და ინტერესის დაკარგვა) გაუმჯობესდა 25%-ით;

  • მოტორული სიმპტომები კი დაახლოებით 35%-ით შემსუბუქდა.

აპათიის შემცირება, როგორც ფიზიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი

მნიშვნელოვანია, რომ ეს კლინიკური გაუმჯობესება პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახა. ტარებადი მოწყობილობების მონაცემებმა ცხადყო, რომ თერაპიის შემდეგ პაციენტების სპონტანური დღის ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა — ანუ ისინი კლინიკის გარეთ უფრო აქტიურები გახდნენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ აპათიის შემცირება (და არა უშუალოდ დეპრესიის კლება) იყო ყოველდღიური აქტივობის ზრდის ყველაზე ძლიერი წინაპირობა. მოტივაციის დაბრუნება პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ფიზიკურ აქტიურობასთან და ეს კავშირი ნარჩუნდებოდა პაციენტის ასაკისა თუ დაავადების ხანგრძლივობის მიუხედავად.

ავტორების განცხადებით, კვლევა მიუთითებს, რომ ტვინის არაინვაზიურ სტიმულაციას აქვს პოტენციალი, წარმატებით იქნას გამოყენებული როგორც უსაფრთხო და ეფექტური დამხმარე თერაპია. ამასთან, კლინიკურ პრაქტიკაში ჭკვიანი ტარებადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ექიმებს საშუალებას აძლევს, პაციენტის მდგომარეობა მხოლოდ კაბინეტში ვიზიტისას კი არა, მის ბუნებრივ გარემოშიც ობიექტურად შეაფასონ, რაც სამომავლოდ პერსონალიზებული მკურნალობის სტრატეგიების დანერგვას შეუწყობს ხელს.

წყარო: Cambridge

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები