ინოვაციური გელი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

გააზიარე

ძვლის სისუსტისა და მოტეხილობების მკურნალობის მეთოდებს ცვლის ინოვაციური გელი, რომელიც შვეიცარიაში, ლოზანის ტექნიკური უნივერსიტეტის (EPFL) მეცნიერებმა, შექმნეს. ეს გელი ამაგრებს ძვალსაც. კვლევა, რომელიც ჟურნალ Bone-ში გამოქვეყნდა,  ვენსან შტადელმანისა და დომინიკ პიოლეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გელის გამოყენება ახალი ნაბიჯია ამ დაავადების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ოსტეოპოროზი ძვლებს ასუსტებს და პაციენტებს მოტეხილობების საფრთხეს უზრდის.  კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ ჰიდროგელი, პრეკლინიკურ მოდელებში, მნიშვნელოვნად და სწრაფად ამკვრივებს ძვალს.

ინექციური ჰიდროგელის შემადგენლობა და მოქმედების პრინციპი

ჰიდროგელი შედგება ჰიალურონის მჟავისა და ჰიდროქსიაპატიტისგან, კერძოდ, სხეულის ბუნებრივი ლუბრიკანტისა და ძვლის მინერალისგან, რომელიც მის სიმტკიცეს განაპირობებს. ზოგ ვარიანტში დამატებულია ზოლედრონატი, ძლიერი ბისფოსფონატი, რომელიც ძვლის დაშლას აფერხებს. ეს ნაერთი ისეა შექმნილი, რომ ბაძავს ბუნებრივი ძვლის ქსოვილს და უზრუნველყოფს მიზნობრივ, ლოკალურ მკურნალობას.

კვლევის შედეგები ცხოველებზე

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევაში 36 ვირთხას, რომელსაც ოსტეოპოროზის მსგავსი ძვლის დაკარგვა აღენიშნებოდა, უტარებდნენ სისტემურ მკურნალობას (პარათირეოიდული ჰორმონი ან ალენდრონატი), ასევე ადგილობრივად შეჰყავდათ ჰიდროგელი. მიკრო-CT სკანირების შედეგებმა მე-8 კვირაში მკვლევრები გააოცა. მხოლოდ ჰიდროგელის ინექციებმა ძვლის მოცულობა 2.5–3.4-ჯერ გაზარდა. ზოლედრონატით გამდიდრებულმა ჰიდროგელმა (HA2-ZOL) კი, ძვლის სიმკვრივე ინექციის ადგილზე 4.8-ჯერაც გაზარდა, განსაკუთრებით სისტემური ანაბოლური მკურნალობის პარალელურად. მაქსიმალური ეფექტი უკვე 2–4 კვირაში შეინიშნებოდა, მაშინ, როცა ტრადიციულ წამლებს მსგავსი შედეგისთვის თვეები ან წლები სჭირდება (Pioletti, Stadelmann და სხვ., 2025).

ოსტეოპოროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი სისტემური და ნელია, რაც მკურნალობის პირველ თვეებში, პაციენტებს მოტეხილობის მაღალ რისკს უქმნის.  ახალი ჰიდროგელი კი, მინიმალურად ინვაზიური და სწრაფი გადაწყვეტილებაა. მისი გამოყენება შეიძლება დაუყოვნებლივ,  ტრავმის შემდეგ ან დიაგნოზის დასმისთანავე.

flowbone-ისა და EPFL-ის გუნდი უკვე ემზადება ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩასატარებლად. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჰიდროგელმა, შესაძლოა, რევოლუცია მოახდინოს მოტეხილობების პრევენციასა და ძვლის რეგენერაციაში.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: 

Pioletti, D. P. et al(2025). Combining systemic and local osteoporosis treatments: A longitudinal in vivo microCT study in ovariectomized rats. Bone, 192, Article 117373. 

École Polytechnique Fédérale de Lausanne (EPFL). (2025, January 28). An injectable hydrogel for local bone densification [Press release]. EPFL News. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები