ნეიროტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური გარდატეხა მოხდა. პარალიზებულმა პაციენტმა, ტვინში ჩანერგილი მიკროჩიპებისა და სპეციალური პროგრამის წყალობით, ხელით დამოუკიდებლად ჭამა, დალევა და საგნების შეგრძნება შეძლო. ნიუ-იორკელი კეიტ თომასი, რომელმაც 6 წლის წინ ცურვისას კისერი დაიზიანა და მხრებს ქვემოთ სრულად პარალიზებული იყო, სამწლიან კლინიკურ კვლევაში ჩაერთო, რომლის შედეგებიც ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
ფეინშტაინის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის (Feinstein Institutes for Medical Research) მეცნიერებმა, პროფესორ ჩად ბოუტონის ხელმძღვანელობით, თომასს ე.წ. „ორმაგი ნეირონული შემოვლითი გზა“ (double neural bypass) შეუქმნეს. სისტემა არა მხოლოდ კითხულობს ტვინის სიგნალებს მოძრაობის სურვილის შესახებ და გადასცემს მათ კიდურებს, არამედ ხელის მტევნებზე დამონტაჟებული სენსორების მეშვეობით უკუკავშირს აგზავნის უკან ტვინში. ამ ტექნოლოგიით კაცმა პირველად იგრძნო საკუთარი დის ხელის შეხება.
35-კვირიანი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, თომასს მარჯვენა ხელის ძალა 86%-ით, ხოლო მარცხენა ხელის — 62%-ით გაეზარდა. მანამდე მას ხელი სახესთანაც კი ვერ მიჰქონდა, ახლა კი დამოუკიდებლად შეუძლია ჭიქით წყლის დალევა. თუმცა, აღმოჩენის ყველაზე გასაოცარი ასპექტი ნეიროპლასტიურობა აღმოჩნდა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ამ ტექნოლოგიამ ნაწილობრივ აღადგინა პაციენტის ნერვული სისტემა.
ტვინისა და ზურგის ტვინის ერთდროული სტიმულაციის წყალობით, თომასს კიდურების მგრძნობელობა და მოტორიკა იმ დროსაც კი უნარჩუნდება, როდესაც აპარატი სრულიად გამორთულია. ეს მიღწევა იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში, ვისთვისაც ზურგის ტვინის ტრავმა აქამდე განაჩენი იყო.
წყარო: Nature

