ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ სიმსივნის ზრდის აქამდე უცნობი მექანიზმი გამოავლინა. კვლევის მიხდვით, სიმსივნური უჯრედები ზრდის სტიმულირებისთვის ახლომდებარე სენსორულ ნეირონებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.
სიმსივნეში შეღწეული ეს ნერვული დაბოლოებები ტვინს უგზავნიან სპეციალურ სიგნალს, რომელიც საპასუხოდ თრგუნავს იმუნური სისტემის დამცავ აქტივობას უშუალოდ დაავადების კერაში. ეს მექანიზმი კიბოს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ორგანიზმის ბუნებრივ ბარიერებს და შეუფერხებლად გავრცელდეს.
მეცნიერებმა ფილტვის კიბოს მქონე თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ ამ ნერვული ჯაჭვის გაწყვეტას დრამატული ეფექტი აქვს. როდესაც გენური ინჟინერიის მეთოდით აღნიშნული სენსორული ნეირონები „გათიშეს“, სიმსივნის ზრდის ტემპი 50%-ზე მეტით შემცირდა.
მეცნიერების ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ნერვული სისტემა კიბოს განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და მის ბლოკირებას მკურნალობის სრულიად ახალი პერსპექტივის შექმნა შეუძლია.
ამ პროცესის შესწავლა აქამდე სირთულეს წარმოადგენდა ნეირონების უნიკალური სტრუქტურის გამო, რადგან მათი დნმ და რნმ მოთავსებულია უჯრედის სხეულში, რომელიც სიმსივნისგან საკმაოდ დაშორებულია, კერაში კი მხოლოდ ბოჭკოვანი დაბოლოებები აღწევს.
შესაბამისად, ტრადიციული ბიოფსიით ნეირონების გენეტიკური აქტივობის სრული სურათის მიღება შეუძლებელი იყო, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, დაენახათ, თუ როგორ მოქმედებს კიბო გადარჩენის მიზნით ნერვულ სისტემასთან მიმართებაში.
წყარო: Nature

