back to top

ულტრაბგერითი ტექნოლოგია ტვინის დაავადებების სამკურნალოდ

გააზიარე

კუინზლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ულტრაბგერითი და თანამედროვე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებს. აპარატი რეალურ დროში აჩვენებს, თუ როგორ ხვდება მედიკამენტი ტვინში.

ეს სამეცნიერო მიღწევა, რომელიც ჟურნალ Controlled Release-ში გამოქვეყნდა, შესაძლოა, რევოლუციური აღმოჩნდეს ნეიროდეგენერაციული დაავადებების, კერძოდ, ალცჰაიმერისა და პარკინსონის მკურნალობაში.

ინოვაციური მოწყობილობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს უკეთ შეისწავლონ, როგორ მოქმედებს მედიკამენტოზური და ულტრაბგერითი მკურნალობა ცალკეულ უჯრედებზე. ეს მეთოდი სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ გვერდი აუაროს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჰემატოენცეფალური ბარიერი დამცავი მექანიზმია, რომელიც ხელს უშლის მედიკამენტების უმეტესობას მოხვდეს ტვინში. როგორც დოქტორი პრანეშ პადმანაბჰანი განმარტავს, „ჰემატოენცეფალური ბარიერი ხელს უშლის წამლების დაახლოებით 98–99%-ს ტვინში შეღწევაში“.

ეს მოწყობილობა მეცნიერებს ეხმარება შეაგროვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემთ, შექმნან უსაფრთხო და ეფექტური ულტრაბგერითი პროტოკოლები ტვინის დაავადებების სამკურნალოდ.

ტექნოლოგიის საფუძველი არის სონოპორაცია – მეთოდი, რომელიც აერთიანებს ულტრაბგერას და საინექციო მიკრობუშტებს.

როდესაც ულტრაბგერითი ტალღები ამ მიკრობუშტებს ხვდება, ისინი ვიბრაციას იწყებენ. ეს ვიბრაცია ზეწოლას ახდენს ჰემატოენცეფალურ, ანუ ტვინის დამცავ ბარიერზე. ამის შემდეგ ბარიერში დროებითი, პატარა ფორები ჩნდება. ეს ფორები კი მედიკამენტებს საშუალებას აძლევს, შეაღწიონ ტვინში.

ეს მოწყობილობა, რომელზეც სპეციალისტები 5 წელი მუშაობდნენ, მათ საშუალებას აძლევს დააკვირდნენ როგორც უჯრედულ ცვლილებებს, ისე დამუშავებული უჯრედების რეაქციას და აღდგენის პროცესს. დაკვირვება შესაძლებელია ერთუჯრედიან და ერთმოლეკულიან დონეზეც.

დოქტორი პადმანაბჰანი აღნიშნავს, რომ „ამ ტექნოლოგიას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობაში, ტვინის სამიზნე რეგიონებში წამლის შეწოვის გაუმჯობესებით“. გარდა ამისა, მოწყობილობა იმედისმომცემია სხვა სფეროებისთვისაც, როგორიცაა კარდიოლოგია და ონკოლოგია, სადაც სონოპორაციას შეუძლია წამლის მიწოდების პროცესის გაუმჯობესება.

დღეს მცირე მოლეკულური წამლების მხოლოდ 1-2% აღწევს ტვინში. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ, ახალი მოწყობილობის გამოყენებით და პაციენტის უსაფრთხოების დაცვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას შეძლებენ.

წყარო: Controlled Releas

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები