ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების აქტიურ გადამოწმებას იწყებს. სარჯველაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანია, სახელმწიფო რესურსები მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გადანაწილდეს, ვისაც დახმარება რეალურად სჭირდება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოვიდპანდემიის შემდეგ ქვეყანაში მოქმედებდა მორატორიუმი, რის გამოც ოჯახების მონიტორინგი პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. ამან გამოიწვია ისეთი „ანომალიური შემთხვევების“ დაგროვება, როდესაც შემწეობას იღებენ მაღალი შემოსავლისა და ძვირადღირებული ქონების მქონე პირები.
დღეის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 000-მდე ოჯახი, რაც ჯამში დაახლოებით 1.3 მილიონ პირს აერთიანებს. აქედან უშუალოდ ფინანსურ შემწეობას 185 000-ზე მეტი ოჯახი იღებს, ხოლო ამ დახმარებით მოსარგებლე მოქალაქეთა საერთო რაოდენობა 710 000-ს შეადგენს.
სარჯველაძის განმარტებით, ბაზაში ფიქსირდებიან ოჯახები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა მორატორიუმის გამო სტატუსს კვლავ ინარჩუნებენ. მინისტრმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა:
-
ოჯახები, რომელთაც ბოლო 3 თვეში რამდენიმე ათეული ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
-
ბენეფიციარები, რომლებმაც ბოლო ერთ წელში ძვირადღირებული ავტომანქანები (მათ შორის 2024-2025 წლის გამოშვების) შეიძინეს.
-
პირები, რომელთაც რამდენიმეასეულათასიანი საბანკო სესხები აქვთ აღებული.
„სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ეკუთვნის. ბაზა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან“, — აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში შემოწმდებიან. ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად განისაზღვრა უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000 ლარიანი შემოსავლის მიღება.
პარალელურად, იგეგმება სისტემის დახვეწა და შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ბაზებით მანიპულირება და პოლიტიკური სპეკულაციები. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მონაცემების გაყალბებისგან, რადგან პროცესი მკაცრი კონტროლის ქვეშ წარიმართება.
წყარო: BM.GE

