2025 წლის სექტემბრის ბოლო კვირა ავსტრიის დედაქალაქმა გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლა. ვენის ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის (EuSEM) მიერ და მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედი სპეციალისტები ესწრებოდნენ. საქართველოდან კონგრესში 6 დელეგატი ვმონაწილეობდით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი კვოტაა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფართო საგამოფენო სივრცე. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ სივრცეში არ იყო წარმოდგენილი ფარმაცევტული კომპანიების სარეკლამო მასალები, რაც ჩვენთვის საკმაოდ უჩვეულო იყო, საქართველოსგან განსხვავებით ევროპული მიდგომა იცავს სამეცნიერო ნეიტრალიტეტსა და ახდენს კომერციული გავლენის მინიმიზაციას.
სამაგიეროდ, დიდი ყურადღება დაეთმო ექოსკოპიური აპარატურის მწარმოებელთა გამოფენას. განსაკუთრებული ინტერესით აღიქმებოდა ჩინური წარმოების პორტატული ექოსკოპიური მოწყობილობები, განსაცვიფრებლად მცირე ზომითა და გრანდიოზული ფუნქციონალობით. თავად ექოსკოპიის აპარატში ჩამონტაჟებულია ხელოვნული ინტელექტის აპლიკაცია, რომელიც ექიმს ეხმარება მიღებული გამოსახულების ინტერპრეტაციაში, ასევე სხვადასხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გაზომვების ჩატარებაში. ასევე ამავე სტენდზე ექიმებს შესთავაზეს ტრენინგში მონაწილეობა, სადაც საშუალება გვქონდა ექსპერტების მეთვალყურეობის ქევშ ჩვენვე გაგვეკეთებინა ექოსკოპიური კვლევა ცოცხალ ადამიან-მოდელზე, რაც ძალიან საინტერესო და გამოცდილების მომცემი იყო.
სალექციო ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პაციენტთა უსაფრთხოებასა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტებში ხარისხის ამაღლებაზე. განიხილეს საკითხები, რომლებიც საქართველოში ასევე ძალიან აქტუალურია:
- პაციენტის ER-ში გატარებული დროის შემცირება;
- ინფექციის კონტროლი და ტრიაჟის ზონაში მოლოდინის დროის ოპტიმიზაცია;
- კონსულტანტებთან კოორდინაციის გაუმჯობესება;
- მედიკამენტურ შეცდომებთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
აღინიშნა, რომ სტატისტიკურად საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ER-ის ექიმის სამუშაო ცვლა 6 საათს არ აჭარბებს. თუმცა აღიარეს, რომ ამ სტანდარტის მიღწევა ჯერ კიდევ მომავლის ამოცანაა. ხაზი გაესვა ექთნებისა და პაციენტების თანაფარდობის მნიშვნელობას, როგორც ხარისხის ინდიკატორს:
- ობსერვაციის ზონაში — 1 ექთანი 3 პაციენტზე,
- რესუსციტაციის ზონაში — 1 ექთანი 2 პაციენტზე.
- საჭიროების შემთხვევაში კი აქტიურდება გუნდი, რომელიც საშუალოდ 7 მედიკოსისგან შედგება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო პნევმონიის მართვის ახალი მიდგომები. აღინიშნა, რომ ევროპაში, თუ პნევმონიის ეტიოლოგია PCR ტესტირებით ცალსახად დგინდება რომ ვირუსულია, ანტიბიოტიკოთერაპია აღარ ინიშნება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა აქაც მწვავე და მტკივნეულ პრობლემად დასახელდა. ამიტომ ექიმი ვალდებულია თითოეულ შემთხვევაში, ანტიბიოტიკის დანიშვნისას, დეტალურად დაასაბუთოს გადაწყვეტილება სამედიცინო ისტორიაში.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სურათული კვლევების ინტერპრეტაციის საკითხი. კონგრესზე არაეთი მოხსენება მიეძღვნა ER-ის ექიმების მიერ ER-შივე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების ინტერპრეტაციის საკითხს და ამაში შედის არა მარტო რენდგენოგრაფია, არამედ კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კვლევების პირველ ინტერპრეტაციაც, მიზანია, რომ ER-ში სრულად იყოს უზრუნველყოფილი ასეთი კვლევების ოპერატიული შეფასება. აღარაფერს ვამბობთ ექოსკოპიაზე, რომელიც სრულად ER-ის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში ტარდება, თუმცა იმასაც გაესვა ხაზი, რომ CT, X-RAY კვლევების ინტერპრეტაცია სრულმასშტაბოვნად უნდა იყოს შესაძლებელი გადაუდებელ დეპ-ში.
გადაუდებელი ნევროლოგიის სექცია რამდენადმე მწირად გამოიყურებოდა, ვინაიდან ეს ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო, დეტალურად მოვძებნე თითეული მომხსენებელი და პირველი მომხსენებელი, რომელიც ინსულტების მართვის საკითხებს იხილავდა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, სოციალურ მედიაში, სამედიცინო საიტებზე, საერთოდ ვერ ვიპოვე, საინტერესო იყო კანადელი ექიმის, Jeff Perry -ია მოხსენება წინა ცირკულაციის ინსულტების დროს Canadian TIA score ვალიდაციის თაობაზე, სამწუხაროდ ამავე სექციაში მოდერტორი უნდა ყოფილიყო ჯუდიტ ტინტინალი, რომელიც ყველა ერ-ის ექიმისათვის ცნობილია, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა კონგრესზე ჩამოსვლა.
საინტერესო იყო ER-ში ტკივილის მართვასთან დაკავშირებული ლექცია, რომელიც დებატების სტილში წარიმართა და კონკრეტუალდ მიეძღვნა ოპიოიდების გამოყენებას ერ-ში. დასკვნითი სახით ითქვა, რომ საუკეთესო სტრატეგია ბალანსის დაცვაა — აუცილებელი დოზირების, უსაფრთხოების და დამოკიდებულების რისკების გათვალისწინებით. ალტერნატიულ საშუალებებში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ დასახელდა პარაცეტამოლის ინტრავენური ინფუზია.
ევროპაში შეინიშნება ტენდენცია არამიზანმიმართული რადიოლოგიური კვლევების შემცირებისკენ, განსაკუთრებით თავბრუსხვევის შემთხვევებისას, სადაც ნეიროვიზუალიზაცია ყოველთვის არ არის აუცილებელი. შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკვე დაგეგმილია:
- 2025 წლის ნოემბერი – კანკუნი (მექსიკა) – გადაუდებელი მედიცინის საერთაშორისო კონფერენცია;
- 2026 წელი – ხორვატია – ევროპის გადაუდებელი მედიცინის საზოგადოების კონგრესი.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ასეთი ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა საკმაოდ გართულებულია, მით უმეტეს, ჩვენი რეგიონის ექიმებისთვის, დასწრებამდე მიზანშეწონილია შეფასდეს სალექციო თემატიკა, მომხსენებლები და პერსპექტიული networking-შესაძლებლობები. თუმცა, თუნდაც წელიწადში ერთხელ მსგავს მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა, უდავოდ ამაღლებს პროფესიულ ცოდნას, ავითარებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს უწყობს კარიერულ ზრდას.

