ვენური თრომბოემბოლიის დაგვიანებული დიაგნოსტიკა

გააზიარე

ვენური თრომბოემბოლია (VTE), მათ შორის ფილტვის ემბოლია (PE) და ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაა, რომლის დროსაც 23%-მდე პაციენტი იღუპება დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში. მდგომარეობის დროული იდენტიფიკაცია და მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა არასპეციფიკური სიმპტომატიკის გამო პირველად ჯანდაცვაში მისი დიაგნოსტიკა რთულდება. ამ დრომდე ამბულატორიულ პირობებში არ არსებობდა სტანდარტიზებული მეთოდები დიაგნოსტიკური დაგვიანების ეფექტური მონიტორინგისთვის.

DOVE eCQM

Mass General Brigham-ისა (MGB) და Penn State Health-ის (PSH) მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა შექმნა DOVE eCQM (ვენური თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკური დაგვიანების ელექტრონული საზომი). ეს ინოვაციური ხელსაწყო იყენებს ელექტრონული ჯანმრთელობის ჩანაწერებიდან (EHR) მოპოვებულ მონაცემებს, რათა VTE დიაგნოსტიკაში არსებული ყველა შეფერხება სრულყოფილად გამოავლინოს.

DOVE eCQM ორ ძირითად ეტაპად მუშაობს:

სტრუქტურირებული მონაცემების ანალიზი: EHR-ის სპეციალური ალგორითმი ამუშავებს კოდირებულ მონაცემებს (მაგალითად, ICD დაავადებათა კოდები, CPT სკანირების შეკვეთები და მედიკამენტების, კერძოდ, ანტიკოაგულანტების ჩანაწერები), რათა VTE შემთხვევები ზუსტად აღმოაჩინოს.

არასტრუქტურირებული მონაცემების ანალიზი (NLP): ეს სპეციალური პროგრამა ამოწმებს პირველადი ჯანდაცვის ვიზიტების ჩვეულებრივ, ტექსტურ ჩანაწერებს (რომელიც არ არის კოდებით აღნიშნული).  პროგრამა ეძებს VTE-სთვის დამახასიათებელ 29 სიმპტომს (მაგალითად, ფეხის ტკივილი ან შეშუპება), რომლებიც თავისუფალი ტექსტის სახითაა დოკუმენტირებული ექიმის მიერ.

ამ ორი მეთოდის (სტრუქტურირებული კოდები + თავისუფალი ტექსტი) შერწყმით, DOVE eCQM-ს შეუძლია დაადგინოს „ინდექს ვიზიტი“ – როდესაც პაციენტმა პირველად მიმართა ექიმს VTE-ის სიმპტომებით. შემდეგ სისტემა ზომავს, რამდენი დრო გავიდა ამ კონსულტაციიდან ოფიციალურ დიაგნოზამდე. დიაგნოზი დაგვიანებულად ითვლება, თუ ის ინდექს ვიზიტიდან 24 საათიდან 30 დღემდე პერიოდში დაისვა. ვინაიდან ხელსაწყო ითვალისწინებს არაკოდირებულ ტექსტსაც, ის უფრო ზუსტია, ვიდრე ტრადიციული სისტემები, რომლებიც მხოლოდ დიაგნოზის კოდებს ეყრდნობოდნენ.

შემაშფოთებელი კლინიკური შედეგები

DOVE eCQM შემოწმდა ორ სრულიად განსხვავებულ კლინიკურ სისტემაზე (MGB-ში Epic და PSH-ში Oracle/Cerner – სხვადასხვა EHR პროგრამები), რითაც მისი ფართო გამოყენების შესაძლებლობა დადასტურდა.

შედეგები შემაშფოთებელია: დიაგნოსტიკური დაგვიანების მაჩვენებლები მაღალი იყო – 79.4%MGB-ში და 82.4% PSH-ში (თუ დაგვიანებად 24 საათზე მეტს ჩავთვლით). დაგვიანების მთავარი მიზეზი პრაქტიკოსი ექიმის მიერ სიმპტომების არასწორი ინტერპრეტაცია აღმოჩნდა, კერძოდ, VTE-ს ნიშნების სხვა ქრონიკული დაავადებებისთვის მიწერა.

დაგვიანებული დიაგნოზი პირდაპირ ზრდის სიკვდილიანობას: MGB-ის მონაცემებით, დიაგნოზის შეფერხების შემთხვევაში, პაციენტებს 30 დღის განმავლობაში ლეტალობის რისკი 3-ჯერ ჰქონდათ გაზრდილი. გარდაცვლილ პაციენტებში ხშირად ფიქსირდებოდა VTE-ის ყველაზე საშიში ფორმა, ფილტვის ემბოლია (PE).

მიუხედავად კვლევის შეზღუდვებისა (როგორიცაა EHR მონაცემებზე დამოკიდებულება და ასიმპტომური შემთხვევების ექსკლუზია), ეს ინოვაციური ინსტრუმენტი მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ამბულატორიულ პირობებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. სამომავლოდ დაგეგმილია მისი გამოყენება სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

წყარო: JAMA



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები