ობი – სოკოს გავრცელებული, ხილული ფორმაა, რომელიც ჩუმად ბუდობს ჩვენი სახლის კედლებში, აბაზანაში, ფანჯრის რაფებსა და სარდაფებში. ის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, სუნთქვის გაძნელება, ასთმა და სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. ობი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ალერგიული და იმუნოკონპრომიზებული პირებისთვის.
რა არის ობი და სად ბუდობს?
ობის სოკო კარგად მრავლდება ნესტიან და რთულად განიავებად გარემოში. იგი განსაკუთრებით ხშირია იმ ადგილებში, რომლებიც კონტაქტშია წყალთან, აქედან გამომდინარე მაღალი ტენიანობა ხშირად ობის გაჩენის მიზეზია. მაგალითად, მილების ირგვლივ სივრცეებსა და კედლის საფარის(“შპალერის”) ქვეშ დამალული ზონებში. აგრეთვე გავრცელებულია ისეთ სახლებში, სადაც წყალი ჟონავს, ან ერთხელ მაინც დატბორილა.
მართალია, ბევრი ობის სახეობა უსაფრთხოა და გამოიყენება მედიცინაში: მაგ. ანტიბიოტიკი პენიცილინი პირველად ობისგან მიიღეს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, განსაკუთრებით შავმა ობმა (Stachybotrys chartarum), შესაძლოა გამოიწვიოს: ცრემლდენა, სურდო, თვალების ქავილი, ხველა, სასუნთქი გზების გაღიზიანება და ასთმის გამწვავება.გრძელვადიანი ზემოქმედებისას: განწყობის დარღვევა, დეპრესია, სტრესი, შფოთვა და იმუნური ცვლილებები.
„ობის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება სასუნთქი გზების ნებისმიერ ნაწილში. ასთმის ან ალერგიის მქონე პაციენტებში რეაქცია განსაკუთრებით მძიმედ შეიძლება განვითარდეს.“ ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნიკასი. კვლევების მიხედვით, ბავშვებში, რომლებიც ობიან გარემოში ცხოვრობენ, ასთმის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იმატებს და 11%-ს შეადგენს, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომელთა საცხოვრებელი ობისგან თავისუფალია(7%).
როგორ ამოვიცნოთ ობის სოკო სახლში?
ობის სოკოს ხშირად სპეციფიკური, უსიამოვნო სუნი აქვს. ვიზუალურად შეიძლება წარმოადგენდეს მწვანე, შავ ან ნაცრისფერ ლაქებს. ყველაზე ხშირი ადგილებია მაგალითად აბაზანა, ფანჯრის კუთხეები, მაცივრის კარზე არსებული რეზინები, ასევე კონდინციონერების ირგვლივ. თუ სუნს გრძნობთ, მაგრამ ვერ ხედავთ ობს, ეცადეთ შეამოწმოთ დაფარული ადგილები, როგორიცაა, კედლების საფარის მიღმა, ავეჯის უკან ან კუთხეებში.
ობის უსაფრთხოდ და ეფექტურად მოსაშორებლად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) გვთავაზობს შემდეგ რეკომენდაციებს:
მცირე ზომის ობის მოსაშორებლად გამოიყენეთ: ჩვეულებრივი საპონი და წყალი, ან 1 ჭიქა თეთრეულის სარეცხი საშუალება (მათეთრებელი ქლორი) 4 ლიტრ წყალზე განზავებული.
საყურადღებოა, რომ ხსნარის გამოყენებისას დაიცვათ უსაფრთხოების წესები:
- არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ მათეთრებელი ქლორი ამიაკს ან სხვა ქიმიურ საწმენდს , რადგან წარმოიქმნება მომწამვლელი აირი.
- ატარეთ რეზინის ხელთათმანები, დამცავი სათვალე და ნიღაბი.
- გაანიავეთ ოთახი, გააღეთ ფანჯრებიმ და შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ვენტილაცია.
თუ ობი დიდია ან პრობლემის წყარო სისტემურია (მაგალითად, დატბორვა, მილების ავარია), უმჯობესია მიმართოთ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს დასახმარებლად.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის(CDC) რეკომენდაციით:
ობის სოკოს თავიდან ასაცილებლად საჭიროა ტენიანობის შენარჩუნება 50%-ზე დაბალ დონეზე, რაც შეიძლება მივიღოთ კონდიციონერის ან ჰაერის გამომშრობი მოწყობილობის გამოყენებით. აუცილებელია ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია , გამწოვები სამზარეულოსა და სველი წერტილებისათვის უნდა იყვნენ მიერთებული გარე ვენტილაციასთან, ხოლო სარეცხი მანქანის საშრობი ჰაერს გარეთ უნდა უშვებდეს.
გაჟონვის შემთხვევაში სახურავში, კედლებში ან მილებში საჭიროა დროული შეკეთება. წყალდიდობის შემდეგ კი სახლი სრულად უნდა გაშრეს 24–48 საათში. რეკომენდებულია საღებავებში ობის სოკოს საწინააღმდეგო დანამატების გამოყენება და აბაზანის რეგულარული წმენდა სადეზინფექციო საშუალებებით.
გარდა ამისა, დასველებული ხალიჩა და ავეჯი, რომელიც ვერ გაშრება სწრაფად, უნდა ამოიღოთ ან ჩაანაცვლოთ. სველი ადგილებში, მაგალითად სარდაფებსა და აბაზანებში, ხალიჩის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ობი შეიძლება იწყებოდეს როგორც პატარა შეუმჩნეველი პრობლემა, მაგრამ დროთა განმავლობაში იქცეს სერიოზულ საფრთხედ ჯანმრთელობისთვის. მისი დროული ამოცნობა, სწორად მოცილება და პრევენცია მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
წყარო:
Centers for Disease Control and Prevention

