უნაყოფობა რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 6-დან 1 ადამიანში გვხვდება. ის განისაზღვრება, როგორც დაორსულობის პრობლემა 12 თვის ან მეტი დროის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ. ამ დრომდე ამ მდგომარეობის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის საერთაშორისო სტანდარტები არათანმიმდევრული და ფრაგმენტული იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ გამოწვევის საპასუხოდ ისტორიაში პირველად, უნაყოფობის შესახებ ყოვლისმომცველი გაიდლაინი გამოაქვეყნა. დოკუმენტი მხარს უჭერს ხელმისაწვდომ, ხარჯთეფექტურ და მტკიცებულებებით გამყარებულ ფერტილურ სერვისებს, რითაც რადიკალურად გარდაქმნის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გლობალურ პერსპექტივას. ეს გაიდლაინი არის საკვანძო ეტაპი, ვინაიდან უნაყოფობა არ არის მხოლოდ “სამედიცინო პრობლემა”, არამედ თანასწორობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი, რაც მოითხოვს ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას გლობალურად.
პრევენცია: ცნობიერების ამაღლება და რისკების შემცირება
WHO-ის გზამკვლევის ქვაკუთხედი პრევენციაა, რომელიც გულისხმობს ფერტილობისა და უნაყოფობის რისკების შესახებ სრულყოფილ განათლებას. გაიდლაინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დროული, სანდო და კულტურულად ადაპტირებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის რეპროდუქციული ასაკის დადგომამდე და მის განმავლობაში. ძირითადი რისკფაქტორები მოიცავს: დედის ასაკს (advanced maternal age), სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს (STI) სათანადო მკურნალობის გარეშე, თამბაქოს აქტიურ მოხმარებას, სიმსუქნეს, სხვა ცხოვრების სტილთან და გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ფერტილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წყვილებსა და ინდივიდებს ეხმარება ეფექტურად დაგეგმონ ორსულობა და თავიდან აიცილონ უნაყოფობის ის შემთხვევები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.

გზამკვლევი ხელს უწყობს ცხოვრების წესის მართვის კონსულტირებას, როგორც კრიტიკულ პრევენციულ ინსტრუმენტს (დიეტა, ვარჯიში, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეწყვეტა). განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თამბაქოს მოხმარებაზე, მისი მავნე ზემოქმედების გამო როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ექიმებს ევალებათ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ორივე პარტნიორთან კონსულტაციას, სრულად დაიცვან კონფიდენციალურობა და აქტიურად ებრძოლონ არსებულ სტიგმებს, რათა პრევენცია მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
დიაგნოსტიკა: პაციენტზე ორიენტირებული შეფასება
WHO-ის დიაგნოსტიკური მიდგომა უპირველესად ითვალისწინებს ქალისა და მამაკაცის სრულყოფილ შეფასებას, ვინაიდან უნაყოფობა ხშირად მულტიფაქტორული პრობლემაა. ქალის შეფასება მოიცავს დეტალურ ანამნეზს, ფიზიკურ გასინჯვასა და არაინვაზიურ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, როგორიცაა ულტრასონოგრაფია ოვულაციის დასადასტურებლად, საშვილოსნოსა და ფალოპის მილების ვიზუალიზაციისთვის სონოჰისტეროგრაფიისა თუ ჰისტეროსალპინგოგრაფიის გამოყენებით. მამაკაცის შეფასებისას მნიშვნელოვანია სპერმოგრამა (Semen Analysis), რომელიც უნდა ჩატარდეს WHO-ის მკაცრად სტანდარტიზებული ლაბორატორიული პროცედურების მიხედვით, რაც სრულყოფს რეპროდუქციული, სექსუალური ისტორიისა და ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს.

გაიდლაინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დიაგნოსტიკურ ხარჯთეფექტურობას, რის გამოც რეკომენდებულია საფეხურებრივი ტესტირების პროტოკოლები (stepwise testing). ეს პროტოკოლები დაფუძნებულია კლინიკურ მონაცემებზე, რომელიც მიზნად ისახავს ინვაზიური და არასაჭირო კვლევების თავიდან აცილებას. დოკუმენტი ასევე აღიარებს უნაყოფობის მძიმე ემოციურ ტვირთს და მოითხოვს რუტინულ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე გარანტირებულ ხელმისაწვდომობას. რაც გადამწყვეტია, გზამკვლევი განსაკუთრებული სიფრთხილით განსაზღვრავს აუხსნელ უნაყოფობას, როგორც გამორიცხვით დიაგნოზს (Diagnosis of Exclusion). შესაბამისად, ეს დიაგნოზი მხოლოდ დეტალური გამოკვლევის შემდეგ ისმება მას შემდეგ, რაც უნაყოფობის ვერც ერთი ცნობილი სამედიცინო მიზეზი ვლინდება.

მკურნალობა: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები
მკურნალობის რეკომენდაციები ადაპტირებულია უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების მრავალფეროვნებასთან. ოვულატორული დისფუნქციის მართვისას, განსაკუთრებით პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით (PCOS) დაავადებულ ქალებში, პირველი რიგის თერაპიას წარმოადგენს ორალური აგენტები, კერძოდ, ლეტროზოლი ან კლომიფენის ციტრატი, ზოგიერთ შემთხვევაში მეტფორმინის დამატებით. გზამკვლევი მკურნალობის შერჩევის პროცესში აფასებს სარგებელს, პოტენციურ რისკებსა და პაციენტის მიერ თერაპიის მიმღებლობას (acceptability). დოკუმენტი აღიარებს ლეტროზოლის ხშირად უპირატეს ეფექტურობას, მაგრამ ამასთანავე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლომიფენის ციტრატი კვლავ შესაბამისი და გამართლებული არჩევანია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევებში.
ფალოპის მილების პათოლოგიის მართვის სტრატეგია ეფუძნება პაციენტის ასაკსა და დაავადების კლინიკურ სიმძიმეს. ქირურგიულ ჩარევას შეუძლია უზრუნველყოს უკეთესი გრძელვადიანი ორსულობის პროგნოზი იმ ქალბატონებში, რომლებსაც ფალოპის მილის მსუბუქი ან ზომიერი დაზიანება აღენიშნებათ. თუმცა, მძიმე პათოლოგიის ან უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის ხშირად ინ ვიტრო განაყოფიერებაა (IVF) პრიორიტეტული, უპირატესად იმ დროს როდესაც ასაკიდან გამომდინარე უმჯობესია ჩასახვა უმოკლეს დროში მოხდეს.
ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) მყარად ინარჩუნებს უმთავრესი თერაპიული მეთოდის სტატუსს, რაც მხარდაჭერილია მკაცრად განსაზღვრული მონიტორინგის პროტოკოლებით. ამ პროტოკოლების მთავარი მიზანია შეამციროს ისეთი პოტენციური გართულებების რისკი, როგორიცაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი და მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგომა.
გაიდლაინი თანაბარი სიზუსტითა და სიფრთხილით უდგება მამაკაცის უნაყოფობასაც. WHO აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ანტიოქსიდანტური დანამატების მოხმარება მოითხოვს მეტ მეცნიერულ მტკიცებულებებს რეკომენდაციების გაცემამდე. ვარიკოცელეს (სათესლე ჯირკვალში ვენების ვარიკოზული გაგანიერება) კორექცია (ქირურგიული ან ემბოლიზაციის გზით) შემოთავაზებულია იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ კლინიკურად დადასტურებული ვარიკოცელე და სპერმის დისფუნქციური (პათოლოგიური) პარამეტრები. ამასთან, გაიდლაინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მულტიდისციპლინური, კოორდინირებული მართვის აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას, მკურნალობის ხარჯთეფექტურობასა და სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
აუხსნელი უნაყოფობის მქონე წყვილებისთვის, გზამკვლევი უპირველეს ყოვლისა რეკომენდაციას უწევს “მოლოდინით მართვის” (Expectant Management) სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ცხოვრების წესის შესახებ კონსულტაციასა და მჭიდრო მონიტორინგს. წარუმატებელი ჩასახვის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპია საკვერცხის სტიმულაცია ინტრაუტერინულ ინსემინაციასთან (IUI) კომბინაციაში, ორალური მედიკამენტების გამოყენებით. IVF წარმოადგენს საბოლოო ვარიანტს ზემოთხსენებული მკურნალობის უეფექტობისას. გაიდლაინი მოითხოვს პაციენტთა ამომწურავ ინფორმირებას სარგებლის, დანახარჯებისა და რისკების შესახებ, რაც უზრუნველყოფს ერთიან, შეთანხმებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
სამომავლო პერსპექტივა
WHO-ის გზამკვლევი მიზნად ისახავს ფართომასშტაბიან იმპლემენტაციას გლობალურ და ეროვნულ ჯანდაცვის სტრუქტურებში, პროფესიულ ასოციაციებსა და პაციენტთა ორგანიზაციებში. მისი სრული ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია რეკომენდაციების ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებთან, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებსა და კულტურულ კონტექსტთან წარმატებულ ადაპტაციასთან.
WHO აღიარებს მნიშვნელოვან კვლევით ხარვეზებს – განსაკუთრებით მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკის მეთოდებში, მკურნალობის გრძელვადიან ეფექტებსა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სტრატეგიებში. რეპროდუქციული ტექნოლოგიების ევოლუცია, ფერტილობის შესანარჩუნებელი პროცედურები (Fertility Preservation) და მესამე პირის მონაწილეობით რეპროდუქციის ეთიკური და კლინიკური ასპექტები სამომავლოდ მოითხოვს გზამკვლევის სტრუქტურულ განახლებას/გაფართოებას. WHO მზადაა, რომ უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევების პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გაიდლაინი დარჩეს რელევანტური და სრულყოფილად პასუხობდეს როგორც პაციენტთა ცვალებად საჭიროებებს, ისე სამედიცინო სფეროს ევოლუციას.
წყარო: WHO

