16 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით უფასო სკრინინგის აქციები ამოქმედდა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ჩაიტარონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოკვლევები ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. პროგრამა მოიცავს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ კვლევებსა და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტი, აივ ინფექცია) დიაგნოსტიკას.
აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური მედპერსონალის მიერ ხორციელდება. სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რადგან ის დაავადებას ადრეულ ეტაპზე ავლენს, რაც მკურნალობის წარმატების შანსებს მკვეთრად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების შემდგომი მართვა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც სრულყოფილ დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობის დაფინანსებას. ასევე, სახელმწიფო პროგრამებით სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მკურნალობაც, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლო სერვისებზე ფართო წვდომას უზრუნველყოფს.

