ახალი ეპოქა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში: FDA-ს ინოვაციური იმპლანტი

გააზიარე

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა SetPoint System, პირველი ნეიროიმუნური მოდულაციის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია საშუალო და მძიმე რევმატოიდული ართრიტის (RA) მქონე ზრდასრულებისთვის.

მოწყობილობა გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებზეც ეფექტურად არ მოქმედებს მკურნალობის სხვა მეთოდები, მაგალითად, DMARD მედიკამენტები.

აღნიშნული იმპლანტირებადი მოწყობილობა ზემოქმედებს ელექტრული სტიმულაციით ნერვზე. მისი მიზანია ორგანიზმის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო და იმუნო-აღდგენითი რეაქციების გააქტიურება.

FDA-ს გადაწყვეტილება ეფუძნება კვლევას, რომელშიც 242 პაციენტი მონაწილეობდა. კვლევის მთავარი ამოცანა შემდეგნაირად განისაზღვრა: პაციენტებს სამ თვეში სიმპტომები მინიმუმ 20%-ით უნდა შემცირებოდათ, რაც წარმატებით შესრულდა კიდეც. 

აღსანიშნავია, რომ ეს გაუმჯობესება 12 თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ერთი წლის შემდეგ, პაციენტების სამი მეოთხედი კვლავაც არ საჭიროებდა მკურნალობის სხვა მეთოდებს: ბიოლოგიურ ან სინთეზურ DMARD მედიკამენტებს.

„FDA-ს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ნეიროიმუნური მოდულაციის პოტენციალს, როგორც ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის ახალ, ინოვაციურ საშუალებას“ — აღნიშნა მარკ რიჩარდსონმა, მედიცინის დოქტორმა და RESET-RA კვლევის ხელმძღვანელმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

პაციენტებმა გართულებების გარეშე გადაიტანეს მოწყობილობის ამბულატორიული იმპლანტაციის პროცედურა. სერიოზული გვერდითი ეფექტების მაჩვენებელი ძალიან დაბალი – 1.7% იყო. საგულისხმოა, მოწყობილობას იმპლანტაციის შემდეგ ავტომატურად შეუძლია უზრუნველყოს თერაპია 10 წლის განმავლობაში.

წყარო: empr

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები