18 ნოემბერი ოფიციალურად სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ევროპული დღეა. თარიღი ევროპის საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ისეთ მგრძნობიარე და მძიმე თემაზე, როგორიცაა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია.
საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობა უკვე წლებია პრობლემად რჩება, რადგან წლების განმავლობაში გადაუჭრელია პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, დანაშაულების სათანადოდ გამოვლენის, გამოძიების პრობლემები და კოორდინირებული პოლიტიკის გამოწვევები. გამოწვევაა ბავშვობის ასაკში ქორწინება, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა, თუმცა კვლავ გავრცელებულ პრაქტიკად რჩება – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022-2024 წლების განმავლობაში ჯამში სულ 21 ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ორივე მშობელი არასრულწლოვანი – 15-17 წლის ასაკის იყო. ამავე წლებში კი სულ 1 229 არასრულწლოვანი დედა აღირიცხა.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმის ჯამში 176 შემთხვევა გამოვლინდა ან გადამისამართდა სახელმწიფო უწყებებში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ბავშვების მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სტატისტიკის წარმოება საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება:
„ქვეყანაში კვლავ არ არსებობს არც ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობისა და გამოვლენილი შემთხვევების ერთიანი მონაცემი, არც ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება. მიუხედავად ამისა, გარკვეული ინდიკატორებით შესაძლებელია წარმოდგენის შექმნა ძალადობის მასშტაბზე. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის, სექსუალური ექსპლუატაციის, ჯამში 176 შემთხვევა გამოვლინდა / გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. ამავე წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი,“ – ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები და სახალხო დამცველის აპარატისა და საია-ს შეფასება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში საკითხი მწვავედ დგას და როგორც პრევენციული ზომები, ასევე აღსრულება და მსხვერპლთა მხარდაჭერა გაძლიერებას საჭიროებს.
როდის და რატომ დაწესდა 18 ნოემბერს სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ევროპული დღე?
თარიღი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით დაწესდა და პირველად 2015 წლის 18 ნოემბერს აღინიშნა. ინიციატივა ემყარება ლანზაროტის კონვენციას (ევროპის საბჭოს კონვენცია ბავშვთა დაცვის შესახებ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან), რომელიც ძალაში 2010 წელს შევიდა. მთავარი მიზანია, დაინგრეს „დუმილის კედელი“ და ტაბუ, რომელიც ამ თემას გარს აკრავს. საზოგადოებასა და ოჯახებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ ნიშნები და დაიცვან ბავშვები. ხელი შეეწყოს პრევენციულ მექანიზმებს, მსხვერპლთა დახმარებასა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ დევნას.
ამ დღის ფარგლებში ევროპის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობა იგეგმება და ხორციელდება. კერძოდ, ტარდება საინფორმაციო კამპანიები და ქვეყნდება პუბლიკაციები; მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებითა და საჯარო სივრცეებით ვრცელდება ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციაზე ორიენტირებული მასალები; სკოლებსა და ბავშვთა ცენტრებში ტარდება სპეციალური ღონისძიებები, რომელთა მიზანია ბავშვებისათვის ასაკობრივად ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება პირადი საზღვრების, უსაფრთხოებისა და „არას“ თქმის კულტურის შესახებ. ფართოდ გამოიყენება ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული სპეციალური სახელმძღვანელოები და მულტიპლიკაციური ფილმები (მაგალითად, ცნობილი საბავშვო კამპანია „კიქო და ხელის გული“). ასევე, ეწყობა პროფესიული შეხვედრები პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სამართალდამცავებისა და მედპერსონალისთვის ძალადობის ნიშნების დროული ამოცნობისა და რეაგირების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
ევროპის მასშტაბით 18 ნოემბრის აქტივობების ორგანიზატორები არიან ევროპის საბჭო, სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
საქართველოში 18 ნოემბერი ევროპის ქვეყნების მსგავსი მასშტაბით არ აღინიშნება, თუმცა იმის ფონზე, რომ შემთხვევების სტატისტიკა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკა შემაშფოთებელია, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებისთვის უფრო ხმამაღლა ისმოდეს ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და სპეციალისტების ხმა. ამავდროულად, სახელმწიფო უწყებებმა მეტად გააძლიერონ თავიანთი ბერკეტები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ბავშვებისა და მოზარდების დაბალი ინფორმირებულობა, რამაც შეიძლება პრევენციისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს:
„საქართველოში ბავშვთა ინფორმირებულობა, მათი ასაკის შესაბამისად, ძალადობისა და უფლებების დაცვის საშუალებების შესახებ, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საგანმანათლებლო სისტემაში ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება (CSE) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სუსტად არის წარმოდგენილი. სკოლა ვერ აწვდის ბავშვებს და ახალგაზრდებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი გრძნობებისა და სხეულის, ძალადობის, ჯანსაღი ურთიერთობების და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც ბავშვებს და მოზარდებს შესაძლებლობას მისცემდა, ამოიცნონ შესაძლო ძალადობრივი ქცევა და განაცხადონ ამის თაობაზე,“ — ნათქვამია ანგარიშში, სადაც კანონმდებლობაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზეც არის ყურადღება გამახვილებული.
უფრო დეტალურად, საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენციისკენ მიმართული მექანიზმებისა ზოგადი ვითარების შესახებ საუბრობს ნანა ავალიანი – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი და კვლევების, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების აქტიური მონაწილე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მიმართულებით:
წყაროები: Ombudsman.ge

