გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ბაქტერიებთან ბრძოლის ეფექტური საშუალების დანერგვამ საზოგადოებაში ინფექციური დაავადებების სრული დამარცხების ილუზია შექმნა. იმ პერიოდში ნაკლებად სავარაუდო იყო იმის პროგნოზირება, რომ ეს მიღწევა ანტიბიოტიკორეზისტენტული „სუპერბაქტერიების“ ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს და ჩვენდა უნებურად მათ გადარჩენის მექანიზმების დახვეწაში „დაეხმარებოდა“.
პენიცილინის გამოჩენამ საფუძველი ანტიბიოტიკების ერას ჩაუყარა, რომელმაც მანამდე სასიკვდილო პათოგენები მართვად პრობლემებად აქცია. თუმცა, ამ მეცნიერულმა ტრიუმფმა ევოლუციური პროცესების არასათანადო შეფასება განაპირობა. ბაქტერიული სამყარო, თავისი ხანგრძლივი ისტორიით, გენეტიკური ადაპტაციისა და მონაცემთა მიმოცვლის უნიკალურ უნარს ინარჩუნებს.
ანტიბიოტიკების მასობრივმა გამოყენებამ ამ მიკროორგანიზმებს მკაცრი სელექციური პირობები შეუქმნა, რაც მდგრადი ფორმების გადარჩენასა და გავრცელებას უწყობს ხელს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ „ევოლუციის დაჩქარებული კურსი“, სადაც ბაქტერიებმა ანტიბიოტიკების მოქმედების ნეიტრალიზება და მათი მოლეკულური სტრუქტურის დაშლა “ისწავლეს”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2025 წლის ანგარიში ამ გლობალური კრიზისის კრიტიკულ ფაზას აღწერს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ კლინიკური გამოწვევებით; ამავდროულად, იგი გლობალურ ბიოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.

ანგარიშის თანახმად, მულტირეზისტენტული შტამების გავრცელება თანამედროვე მედიცინას იმ ეპოქაში აბრუნებს, სადაც მარტივი ბაქტერიული ინფექციაც კი შესაძლოა ფატალურ და გადაულახავ ბარიერად იქცეს.
ამ ფონზე გამოსავალი არა ახალი, უფრო აგრესიული ციტოტოქსიკური აგენტების ძიებაში, არამედ ბაქტერიული გენომის რადიკალურ რეკონსტრუქციაში მდგომარეობს. ამ პროცესში გადამწყვეტ ფუნქციას CRISPR-სისტემა ასრულებს. მას ბაქტერიის იმ გენეტიკური ინფორმაციის “წართმევა” შეუძლია, რომელიც მულტირეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
რატომ უნდა ვებრძოლოთ რეზისტენტობას დნმ-ის დონეზე?
ბაქტერიული რეზისტენტობა როგორც ქრომოსომული მუტაციებით, ისე გენების ჰორიზონტალური ტრანსფერით (პლაზმიდების გაცვლის გზით) ფორმირდება. ტრადიციული სტრატეგიები, ძირითადად, ახალი ფარმაკოლოგიური აგენტების სინთეზზე ან CRISPR-ნუკლეაზების მეშვეობით სამიზნე გენების ფრაგმენტაციაზეა ფოკუსირებული. თუმცა, სტანდარტული მეთოდოლოგია, რომელიც „დაჭერისა და განადგურების“ პრინციპს ეფუძნება, პლაზმიდების დიდი რაოდენობით ასლების პირობებში დაბალ ეფექტიანობას ავლენს.
არსებული გამოწვევის საპასუხოდ, UC San Diego-ს მკვლევართა ჯგუფმა „პროკარიოტული აქტიური გენეტიკის“ (Pro-AG) სტრატეგია შეიმუშავა. ამ სისტემაში CRISPR-ის კომპონენტები მხოლოდ სამიზნე გენის ამოჭრით არ შემოიფარგლებიან. ნაცვლად ამისა, ისინი დაზიანებულ ადგილას სპეციალურ გენეტიკურ ინსტრუქციას, „გიდი-კასეტას“, აშენებენ.
ეს ჩანაცვლება უწყვეტ, თვითგამრავლებად პროცესს წარმოშობს. როგორც კი ერთი პლაზმიდი ამ ახალ ინსტრუქციას მიიღებს, ის თავად პოულობს უჯრედში არსებულ სხვა, დაუზიანებელ პლაზმიდებს. შედეგად, სისტემა ავტომატურად ვრცელდება: ყოველი შესწორებული ასლი დანარჩენების რედაქტირებასა და მათში რეზისტენტობის კოდის განადგურებას იწყებს.
pPro-MobV
მეცნიერებმა სისტემის ყველა საჭირო კომპონენტი ერთ „გამშვებ“ პლაზმიდში გააერთიანეს. კვლევისას მათ ერთი კანონზომიერება აღმოაჩინეს: სისტემა ყველაზე ეფექტურად მაშინ მუშაობს, როდესაც უჯრედში „გამშვები“ პლაზმიდი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, ხოლო „სამიზნე“ პლაზმიდების რიცხვი – დიდია.
ეს ერთი შეხედვით პარადოქსული მოვლენა იმით იხსნება, რომ როდესაც უჯრედში მხოლოდ ერთი ან რამდენიმე „გამშვები“ პლაზმიდი ხვდება, ის მთელ თავის მოლეკულურ რესურსს გარშემო არსებული მრავალი „სამიზნე“ ასლის რედაქტირებაზე მიმართავს. ამ დროს სისტემა არ „იფანტება“ საკუთარი თავის კოპირებაზე და მთელ ენერგიას თვითგამრავლებადი კასეტის სწრაფ გავრცელებას ახმარს. შესაბამისად, რაც უფრო დიდია რაოდენობრივი სხვაობა მცირე „გამშვებსა“ და მრავალ „სამიზნეს“ შორის, მით უფრო სწრაფად და სრულყოფილად ახერხებს სისტემა ყველა პლაზმიდიდან რეზისტენტობის კოდის ამოშლას.
ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით შეიქმნა pPro-MobV, სპეციალური გადამტანი (ვექტორი), რომელსაც ბაქტერიების ფართო სპექტრში გავრცელება შეუძლია. მისი სტრუქტურა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:
მოლეკულური „მაკრატელი“: Cas9 ცილა და რეკომბინაციის სისტემა, რომელიც გენომის რედაქტირებაზეა პასუხისმგებელი.
სამიზნე „ნავიგატორი“: სპეციალური კასეტა (sgRNA), რომელიც სისტემას რეზისტენტობის კონკრეტული გენისკენ მიმართავს.
გადაცემის მექანიზმი: ფუნქციები, რომლებიც პლაზმიდს ერთი ბაქტერიიდან მეორეში გადასვლაში ეხმარება.
ეს სისტემა, ფაქტობრივად, „სასარგებლო ინფექციასავით“ მუშაობს: იგი ბაქტერიულ პოპულაციაში ვრცელდება და მათ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის უნარს გენეტიკურ დონეზე ართმევს.

სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად, მეცნიერებმა დონორი ბაქტერიები გამოიყენეს, რომლებმაც pPro-MobV ვექტორი იმ მიმღებ (რეციპიენტ) უჯრედებს გადასცეს, რომლებიც მანამდე ამპიცილინისადმი მდგრადობას ინარჩუნებდნენ. შედეგად, ამპიცილინზე რეზისტენტული ბაქტერიების რაოდენობა 1000-ჯერ შემცირდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ბაქტერიების ეს გენეტიკური „განიარაღება“ ორი განსხვავებული გზით ხორციელდება:
ინსერცია (ჩაშენება): სისტემა რეზისტენტობის გენს კი არ შლის, არამედ მის შუაგულში ახალ გენეტიკურ “ინსტრუქციას” აშენებს. ეს ჩანართი გენს ფუნქციას უკარგავს და ბაქტერიას წამლისადმი მგრძნობიარეს ხდის.
დელეცია (HBD – სრული წაშლა): მას შემდეგ, რაც Cas9 „მაკრატელი“ რეზისტენტობის გენს გაჭრის, ბაქტერიის საკუთარი აღდგენითი სისტემა ამ კოდს ზედმეტად მიიჩნევს. შედეგად, მიკროორგანიზმი თავადვე შლის რეზისტენტობის მთლიან მონაკვეთს, რითაც თავდაცვის მექანიზმს საბოლოოდ კარგავს.
ამ ტექნოლოგიის ყველაზე ინოვაციური მხარე პროცესის შექცევადობაა. HBD მექანიზმის წყალობით, შესაძლებელია არა მხოლოდ რეზისტენტობის გენის წაშლა, არამედ მოგვიანებით თავად იმ საინჟინრო კოდის (კასეტის) ამოჭრაც, რომელიც ბაქტერიაში ხელოვნურად ჩააშენეს. ეს ნიშნავს, რომ გენის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა სრულად ხერხდება.
ეს ფუნქცია პროცესს უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ გენეტიკური ცვლილებების გავრცელება გარემოში გაუთვალისწინებელ შედეგებს გამოიწვევს, მეცნიერებს პროცესის შეჩერება და ბაქტერიული დნმ-ის საწყის წერტილამდე დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
წყარო: nature

