2040 წლისთვის კიბოს შემთხვევები გაორმაგდება

გააზიარე

60-ზე მეტი ბრიტანული საქველმოქმედო ფონდი გაერთიანდა კამპანიაში One Cancer Voice, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, პრიორიტეტად აქციოს კიბოს პრევენცია და ადრეული აღმოჩენა.

სტატისტიკური გათვლებით, ინგლისში 2040 წლისთვის 6 მილიონზე მეტი ახალი კიბოს შემთხვევაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ ორ წუთში კიბოს ახალი დიაგნოზი დაისმება. მათ შორის, ექიმები ყველაზე ხშირად 1მლნ-ზე მეტ პროსტატის კიბოს დიაგნოზს დასვამენ, რასაც მცირედ ჩამორჩება ძუძუს და ფილტვის კიბოს შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულებში გაორმაგდა, შემთხვევების ასეთი მასშტაბური ზრდა სერიოზულ ტვირთად შეიძლება გადაიქცეს ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემისთვის.

პრევენცია და ადრეული დიაგნოზი ამ კონტექსტში არა მხოლოდ პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ ჯანდაცვის სისტემაზე არსებული ზეწოლის შესამცირებლადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Cancer Voice მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას, დააწესოს ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მიზნები, გაამკაცროს პრევენციული პოლიტიკა თამბაქოს კონტროლის და სიმსუქნის პრევენციის კუთხით, გააუმჯობესოს სკრინინგის პროგრამები, გაზარდოს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაში და გაზარდოს პაციენტების წვდომა კლინიკურ კვლევებზე.

მსგავსი მოწოდებები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არ ისმის. ევროკომისიის “Europe’s Beating Cancer Plan” მიზნად ისახავს 2025 წლისთვის მოსახლეობის 90%-ზე მეტის ჩართვას ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგში.

აშშ-ის Cancer Moonshot პროგრამა, ასევე ფოკუსირებულია ადრეულ დიაგნოსტიკაზე და სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია WHO-ს გლობალური ინიციატივები (მაგ., ძუძუს კიბოს პროგრამა) ეროვნულ მთავრობებს ასევე მოუწოდებს მეტი რესურსი გამოყონ სკრინინგზე.
პანკრეასის კიბოს საქველმოქმედო ორგანიზაციები (Pancreatic Cancer UK) დიდი ბრიტანეთშიც კი ცალკე კამპანიით მოითხოვენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა გახდეს მთავრობის პრიორიტეტი, რადგან სწორედ დაგვიანებული აღმოჩენა უკავშირდება ამ დაავადების მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

საერთო სურათი ნათელია: კიბოს მზარდი ტვირთის ფონზე, მთელს მსოფლიოში სამეცნიერო საზოგადოებები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ერთხმად მოუწოდებენ მთავრობებს, პრევენცია და ადრეული დიაგნოზი სტრატეგიული პრიორიტეტად აქციონ.
კიბოს შემთხვევების ზრდა არა მხოლოდ ინგლისის, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ პროცესში არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც კიბო მეორე ყველაზე გავრცელებული სიკვდილის მიზეზია. ამასთან, საქართველოში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა კიბოს სკრინინგის და ადრეული დიაგნოზის მაჩვენებელი, რაც მკურნალობის ეფექტურობას ამცირებს და სიკვდილიანობის რისკს ზრდის.

ამ მონაცემების ფონზე, სკრინინგი, პრევენცია, ადრეული დიაგნოზი და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა კიბოს ტვირთი მინიმუმამდე დავიდეს და პაციენტებს სიცოცხლის უკეთესი ხარისხი ჰქონდეთ.

წყარო: Thetimes

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები