ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სტიგმა და დისკრიმინაცია ხშირად იმაზე უფრო დიდ ბარიერად იქცევა, ვიდრე უშუალოდ დაავადების სიმპტომები. ამ გლობალური გამოწვევის საპასუხოდ, GIMPHA 2026-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მნიშვნელოვანი მოხსენება წარადგინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ბიუროს კონსულტანტმა ჯეისონ მაურერმა. მან აუდიტორიას გააცნო ახალი პრაქტიკული სახელმძღვანელო – “WHO Mosaic Toolkit”, რომელიც Lancet-ის კომისიის მოწოდების საფუძველზე, გამოცდილების მქონე პირებისა და დარგის პროფესიონალების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა და მიზნად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ასოცირებული სტიგმის დაძლევას ისახავს. საგულისხმოა, რომ ეს გზამკვლევი, სხვა ენებთან ერთად, უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც.
ჯეისონ მაურერმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა სტიგმის შემცირების სამ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრინციპს, რომელიც ნებისმიერი ანტისტიგმა კამპანიის საფუძველი უნდა გახდეს. ესენია ინკლუზიური პარტნიორობა, სოციალური კონტაქტი და იმ ადამიანების ლიდერობა ან თანალიდერობა, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირადი გამოცდილება (Lived experience) აქვთ. პრინციპი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ გულისხმობს ამ ადამიანების ჩართვას პროცესში საწყისი ეტაპიდანვე, ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას, რადგან მათი მრავალფეროვანი გამოცდილება დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია.
მოხსენებაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოციალური კონტაქტის სტრატეგიებზე, რაც სტიგმის შემცირების ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნევა. ეს მიდგომა მიზნად ისახავს წინასწარგანწყობების მსხვრევას, მითების გაქარწყლებას და საერთო ადამიანური იდენტობის განცდის შექმნას, რაც შეიძლება განხორციელდეს როგორც ვირტუალურად, ისე პირისპირ შეხვედრებით. სოციალური კონტაქტის „აქტიურ ინგრედიენტებად“ WHO-ს კონსულტანტმა დაასახელა პერსონალური ისტორიების გაზიარება, ხანგრძლივი ინტერაქციის შესაძლებლობები, ჯგუფებს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა, თანაბარი სტატუსი, საერთო მიზნისკენ სწრაფვა და, რაც მთავარია, „ჯერ ადამიანი“ (Person-first) ენობრივი ფორმების გამოყენება.
ანტისტიგმა აქტივობების დასაგეგმად გზამკვლევი ოთხეტაპიან ციკლს გვთავაზობს. პირველი ნაბიჯია მიზნების იდენტიფიცირება და განსაზღვრა, რაც გულისხმობს იმის გააზრებას, თუ ვინ განიცდის სტიგმას, ვინ ახდენს მის ტირაჟირებას და რა უნდა შეიცვალოს. მეორე ეტაპი მოიცავს დაგეგმვასა და მომზადებას, სადაც განისაზღვრება აქტივობის მასშტაბი, ადამიანური თუ ფინანსური რესურსები და მონიტორინგის სისტემა. მესამე ეტაპია პროექტის გაშვება და სწავლება, სადაც უმავალესი ყურადღება ეთმობა მონაწილეთა უსაფრთხოებას, რისთვისაც გამოიყენება სპეციალურად გადამზადებული პირები დისკრიმინაციის აღსაკვეთად, ფიზიკური უსაფრთხო სივრცეები, „უსაფრთხო სიტყვები“ და კრიზისზე რეაგირების გეგმები. აქვე მნიშვნელოვანია პიროვნული გამოცდილების გაზიარების (Disclosure) დონეების მართვა, რათა ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, თავისი ისტორიის რა ნაწილს გაასაჯაროებს. მეოთხე, დასკვნითი ეტაპია რეფლექსია და წინსვლა, რაც მიღებული გამოცდილების გაანალიზებასა და მის შემდგომ მასშტაბირებას გულისხმობს, რადგან რეალური გავლენა იზომება არა მხოლოდ ციფრებით, არამედ ადამიანური ისტორიებით.
მოხსენების დასასრულს, ჯეისონ მაურერმა წარმოადგინა მოქმედებისკენ მოწოდება და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავს პოლიტიკის, გარემოსდაცვით, ფინანსური რესურსების, ჯანდაცვის, სამართლებრივ და სოციალურ ასპექტებს, სადაც მედიასაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. მისი თქმით, მთავარი პრინციპია პროცესების სიმარტივე, არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენება და ლოკალურ კონტექსტზე მორგება. თითოეული აქტივობა, მიუხედავად მისი მასშტაბისა, ქმნის საერთო დიდ „მოზაიკას“, რომელიც აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დისკრიმინაციის საბოლოოდ დასაძლევად.

