21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

გააზიარე

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის მთავარი თემაა „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ (#TogetherAgainstLoneliness). ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას იმ მტკივნეულ გამოცდილებაზე, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები ხშირად აწყდებიან.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს რეზოლუციით 2011 წლის 10 ნოემბერს ოფიციალურად დამტკიცდა. ამ თარიღს, 21 მარტს, მსოფლიო საზოგადოება და მათ შორის საქართველოც, 2012 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავს.

მარტოობა მხოლოდ სევდიანი განცდა არ არის, ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას. კვლევების თანახმად, ქრონიკული მარტოობა ორგანიზმისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანები 7-ჯერ უფრო ხშირად გრძნობენ თავს მარტოსულად, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა, რაც ხშირად შფოთვისა და დეპრესიის მიზეზი ხდება.

კამპანიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მარტოობა არჩევანი არ არის, ეს სტიგმის, დისკრიმინაციისა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვის შედეგია. ხშირად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები შეიძლება ფიზიკურად იმყოფებოდნენ სხვების გარემოცვაში, მაგრამ მაინც გრძნობდნენ იზოლაციას. ნამდვილი ინკლუზია გულისხმობს არა მხოლოდ ერთ სივრცეში ყოფნას, არამედ საერთო საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, მეგობრობას და იმის განცდას, რომ შენი ყოფნა ფასეულია.

მარტოობის დასაძლევად აუცილებელია სამი მთავარი კომპონენტი: რეალური ჩართულობა სკოლებში, სამსახურებსა თუ თემში; მეგობრული და უსაფრთხო გარემო, სადაც ადამიანი დაცულია სტიგმისგან; და შინაარსიანი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, პარტნიორებთან თუ მეგობრებთან. ეს არ არის მხოლოდ კეთილი ნება, ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც გაეროს კონვენციაც იცავს.

წყარო: world down syndrome day

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები