back to top

ცხელი ამინდი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე

ცხელი ამინდი მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ის სერიოზულ  საფრთხეს უქმნის გულს და სისხლძარღვებს. კვლევების მიხედვით, ტემპერატურის მკვეთრი მატება 30%-მდე ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და სხვა გართულებების რისკს. განსაკუთრებით დაუცველნი ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები არიან. როგორ ავიცილოთ თავიდან ცხელი ამინდის პირობებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულება?  მედსკრიპტუმის  კითხვებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, კლინიკა ნეოლაბის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის გულის ცენტრისა და ჯერარსის ინტენსიური განყოფილების კარდიოლოგი,  გიორგი ჭოლაძე პასუხობს. 

 

ეკატერინე ჩიტიშვილი: ჰაერის ტემპერატურა სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. CNN-ის ინფორმაციით, მხოლოდ წელს  ევროპის ქალაქებში  ძლიერი სიცხეებს  2300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რომელი კატეგორიის ადამიანებისთვის არის სიცხე განსაკუთრებით საშიში და რთულად ასატანი?

გიორგი ჭოლაძე: პირველ რიგში, ეს გახლავთ ხანშიშესული პირები, რადგან  ასაკოვანი პოპულაციის თერმორეგულაციის სისტემას ძალიან უჭირს გარემოში არსებულ ტემპერატურასთან შეგუება. სხვადასხვა  მონაცემით, ხანშიშესული პირები, ბავშვები და ორსულები, ეს არის ყველაზე მოწყვლადი  სამი ჯგუფი. აქედან გამომდინარე,  მათ მეტი სიფრთხილე მართებთ ზაფხულის ცხელ დღეებში. ასევე, განსაკუთრებით საყურადღებოა, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები,  შაქრიანი დიაბეტით და გულ-სისხლძარღვთა სხვადასზვა პათოლოგიების მქონე პირები.

ეკატერინე ჩიტიშვილი: როგორ მოქმედებს სიცხე არტერიულ წნევაზე და რას ურჩევთ ჰიპერტონიკებს?

გიორგი ჭოლაძე:არტერიული ჰიპერტენზიის  მქონე პაციენტებს, ზაფხულში  წნევა შეიძლება პირიქით, ნორმაზე ქვემოთ დაეწიოს. ხშირად,  პაციენტები ადეკვატურ მკურნალობას იტარებენ, მაგრამ იმის გამო, რომ სიცხის დროს სისხლძარღვები ფართოვდება,  წნევა ქვეითდება, ამიტომ ხშირია დოზის კორექციის საჭიროება. ჰიპერტონიკებმა აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, განსაკუთრებით ზაფხულის დაწყებისას. ჩემი პაციენტების შემთხვევაშიც ასეა.  ითვლება, რომ ტემპერატურის ყოველი 10° C-ით  მომატება, 5-10 – ით ამცირებს არტერიულ წნევას.   სითხე და ელექტროლიტები იკარგება,  შედეგად  ვითარდება ჰიპოტენზია(დაბალი წნევა). აქედან გამომდინარე, ასეთი კატეგორიის  პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალ ექიმთან ვიზიტს. 

ეკატერინე ჩიტიშვილი:გულის უკმარისობა ქრონიკული დაავადებაა, სულ სამი ფორმა არსებობს:გულის უკმარისობა შენარჩუნებული განდევნის ფრაქციით, საშუალოდ დაქვეითებული გულის უკმარისობა შენახული განდევნის ფრაქციით და უკმარისობა დაქვეითებული განდევნის ფრაქციით.  ამ სამ ფორმას შორის, რომელი ჯგუფის პაციენტები ხვდებიან ყველაზე მაღალ რისკჯგუფში და რას ურჩევთ მათ?

გიორგი ჭოლაძე:პირველყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ განდევნის ფრაქცია(რამდენი სისხლი გადაიტყორცნება გულის მიერ ორგანიზმში), ძალიან მნიშნველოვანი პარამეტრია კარდიოლოგიაში. განსაკუთრებით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტების შეფასებაში. ცალსახად,მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან  დაქვეითებული განდევნის ფრაქციის მოქნე პაცეინეტები. ასეთ შემთხვევაში, რადგან მათ ისედაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ, გულის მიერ ნაკლები სისხლის გადატყორცნა ორგანიზმში კონკრეტულ დროს შეიძლება ასოცირდებოდეს  იშემიურ კარდიომიოპათიასთან (ამ დროს სისხლი ვერ მოეწოდება გულის კუნთს საკმარისად), დილატაციურ (გადიდებული გულის),  ან სარქვლოვან პათლოგიებთან. ეს თავისთავად, ზრდის გართულების რისკს. თუმცა, ასევე საყურადღებოა, თუნდაც იგივე შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტები. ამ დროს  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანხმლებ პათლოგიებს,  არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის არსებობას.

ეკატერინე ჩიტიშვილი- გულის უკმარისობის გამწვავებას ძირითადად რომელი ფაქტორები იწვევენ?

 გიორგი ჭოლაძე: ცხელი ამინდი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ორმაგ საფრთხეს ქმნის. ერთი მხრივ, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერვოლემია. მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ჭარბი სითხე გროვდება. ამ დროს სითხე ქვემო ღრუ ვენაში, პლევრაში და ზოგჯერ პერიკარდიუმშიც გროვდება, რის შედეგადაც, სუნთქვა მნიშვნელოვნად მძიმდება და ვითარდება დეკომპენსაცია.

მეორე მხრივ, შესაძლებელია საპირისპირო მდგომარეობაც განვითარდეს, დეჰიდრატაცია. სითხის ნაკლებობისას ორგანიზმი ცდილობს ადაპტაციას: გული ტაქიკარდიით ცდილობს კომპენსაციას, თუმცა ჟანგბადზე მოთხოვნილება იმატებს, მიწოდება და მოხმარება კი დისბალანსში შედის. შედეგად, ჩნდება ჰიპოტენზია (დაბალი წნევა), რომელიც საბოლოოდ კიდევ უფრო ამწვავებს გულის უკმარისობას. ეს საკმაოდ კარგად ნაცნობი ფენომენია და, შესაბამისად, ამიტომაც, პარადოქსულად, ზაფხულის პერიოდში გულის უკმარისობის დეკომპენსაციის რისკი 20–30%-ით იზრდება.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რამდენად მნიშვნელოვანია სეზონის ცვლილებისას ექიმთან ვიზიტი და პრეპარატების დოზების კონტროლი?

გიორგი ჭოლაძე: ბევრ პაციენტს არ ესმის, რომ სეზონის ცვლისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქრონიკული პროცესებია და მედიკამენტები ხშირად საჭიროებს კორექციას. მაგალითად, ზაფხულში ხშირია დაბალი წნევა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვინც შარდმდენებს იღებს. ასეთ დროს ექიმმა შეიძლება პრეპარატების დოზები შეცვალოს, რათა სიცხემ დამატებითი გართულებები არ გამოიწვიოს.

ეკატერინე ჩიტიშვილი: სიცხე თუ ცვლის წამლების ეფექტიანობას?

გიორგი ჭოლაძე: ზოგჯერ. ამიტომ მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. განსაკუთრებით გულის უკმარისობისას, სასურველია რეგულარული ულტრაბგერითი კვლევა, რათა დავინახოთ, რამდენად სჭირდება ორგანიზმს შარდმდენი ან სხვა პრეპარატი. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ინდივიდუალურად, ექიმის მიერ მიიღება.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რამდენად ხშირად მომართავენ ზაფხულში სიცოცხლისთვის საშიში პრობლემებით?

გიორგი ჭოლაძე: საკმაოდ ხშირად. სიცხისას ორგანიზმი კარგავს სითხესა და ელექტროლიტებს, ჩნდება დისბალანსი, რაც ზრდის თრომბოზის, ინსულტისა და ინფარქტის რისკს. ამიტომ აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რომელი სიმპტომებია ყველაზე საგანგაშო?

გიორგი ჭოლაძე: წნევის მკვეთრი მერყეობა, ფეხების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და გახშირებული გულისცემა, რომელიც მედიკამენტებზე აღარ რეაგირებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

ეკატერინე ჩიტიშვილი: შეიძლება თუ არა ფიზიკური აქტივობა სიცხეში?

გიორგი ჭოლაძე: არა, განსაკუთრებით პაციენტებისთვის. ჯობს ფიზიკური დატვირთვა დილით, შედარებით გრილ დროს. მზეზე ყოფნა და ხანგრძლივი სიარული არ არის რეკომენდებული. საჭიროა სითხის მიღება, ჩრდილში გაჩერება და კონდიციონერით სარგებლობა.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რა არის მზის დაკვრა და როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

გიორგი ჭოლაძე: ეს არის გადახურება, როცა ორგანიზმი ვეღარ აკონტროლებს ტემპერატურას. თავს იჩენს თავბრუსხვევით, დაღლილობით, გულისრევით და შესაძლოა გონების დაკარგვითაც. ასეთ დროს ადამიანი უნდა გადავიყვანოთ ჩრდილში, დავალევინოთ სითხე, შევუსვათ ცივი საფენები და საჭიროების შემთხვევაში დავრეკოთ 112-ში.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რამდენად საშიშია ცხელი გარემოდან უცბად ცივში გადასვლა?

გიორგი ჭოლაძე: ძალიან სწრაფად გადასვლა არასასურველია. სხეული უნდა გაგრილდეს ეტაპობრივად. განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან მათი თერმორეგულაცია სუსტად მუშაობს, საჭიროა ჩრდილში ყოფნა და წყალში ხშირი ბანაობა.

ეკატერინე ჩიტიშვილი: რა ვიცოდეთ პირველადი დახმარების შესახებ, თუ სიცხის გამო გონება დაკარგა ვინმემ?

გიორგი ჭოლაძე: გიორგი ჭოლაძე:მნიშნველოვანია ყველა ადამიანს შეეძლოს საბაზისო, პირველადი დახმარებისთვის  აუცილებელი მეთოდის ფლობა, მაგალითად როგორიცაა გულის არაპირდაპირი მასაჟი(CPR). როდესაც ადამიანს მზის დაკვრა აღენიშნება, მნიშნველოვანია შეფასდეს ცნობიერება დაქვეითებულია თუ არა. თუ მაგალითად პაციენტი გონებას კარგავს, პირველ რიგში უნდა დავრეკოთ 112-ში. შემდეგ პაციენტი გადავიყვანოთ უსაფრთხო გარემოში, ჩრდილში, დავაწვინოთ და ფეხები ოდნავ ავუწიოთ, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს. სასარგებლოა ცივი საფენები კისერზე და იღლიებში, ასევე სითხის მიწოდება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები