ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებისა და ინფიცირების რეკორდული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელასგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის (PAHO) დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, აშშ აღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა ამ სტატუსს 2000 წლიდან ინარჩუნებდა.
საერთაშორისო სტანდარტით, ინფექცია ენდემიურად მიიჩნევა, თუ ქვეყნის შიგნით ერთი და იგივე შტამი ადამიანიდან ადამიანს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად გადაეცემა. აშშ-ში წითელას ამჟამინდელმა ეპიდაფეთქებამ სწორედ ეს ზღვარი გადაკვეთა. იუტას შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის მონაცემებით, 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის ივნისამდე შტატში წითელას ერთი და იგივე შტამი ვრცელდებოდა, რამაც 600-ზე მეტი შემთხვევა გამოიწვია. ინფექციის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვები დაფიქსირდა ნიუ-იორკის, პენსილვანიის, ვისკონსინისა და სამხრეთ კაროლინას შტატებშიც.
მიმდინარე წელს ქვეყანაში 5 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი იყო, ან მათი ვაქცინაციის სტატუსი უცნობი გახლდათ. ვირუსის გავრცელების სისწრაფესთან ერთად, მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც — ყოველი 9 პაციენტიდან ერთს კლინიკური მკურნალობა დასჭირდა, ხოლო 10 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინების განვითარების ცენტრის თანახელმძღვანელი, პიტერ ჰოტეზი სტატუსის დაკარგვას „წარმოუდგენლად სამარცხვინოს“ უწოდებს.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ წითელა არ არის უწყინარი ინფექცია, რომელიც მხოლოდ გამონაყრითა და სიცხით შემოიფარგლება. ჯონს ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორის, უილიამ მოსის განმარტებით, ვირუსს ე.წ. იმუნური ამნეზიის გამოწვევა შეუძლია — ის შლის იმუნური სისტემის მეხსიერებას, რის გამოც ორგანიზმი სხვა პათოგენების, მაგალითად, პნევმონიის მიმართ დაუცველი ხდება. იშვიათ შემთხვევებში კი ინფექცია წლების შემდეგ მძიმე, ფატალურ ნევროლოგიურ გართულებებს (ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტი — SSPE) იწვევს.
წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინის ორი დოზა ინფიცირების რისკს 97%-ით ამცირებს. მიუხედავად ამისა, ვაქცინების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის კლებამ და სამედიცინო ჩვენების გარეშე აცრებზე უარის თქმამ, ვირუსს არავაქცინირებულ თემებში სწრაფი გავრცელების საშუალება მისცა.
ექსპერტების შეფასებით, შეერთებული შტატებისთვის წითელასგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დაბრუნება რთული პროცესი იქნება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატუსი გასულ წელს, ხანგრძლივი ეპიდაფეთქების გამო, კანადამაც დაკარგა, მექსიკა კი ამავე საფრთხის წინაშე დგას.
წყარო: KSL

