აუტიზმის სპექტრი იმდენად გაფართოვდა, რომ დღესდღეობით ეს დიაგნოზი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაესვას. ამის შესახებ University College London-ის კოგნიტური განვითარების ემერიტუს-პროფესორი და აუტიზმის კვლევის ერთ-ერთი პიონერი, უტა ფრიტი აცხადებს. მისი შეფასებით, აუტიზმი სხვადასხვა მდგომარეობისთვის ერთგვარ „ყოვლისმომცველ დიაგნოზად“ იქცა და ახლა ის ნებისმიერი ასაკისა თუ ინტელექტის მქონე პირს შეიძლება დაუდგინდეს.
ჟურნალ Psychological Medicine-ში გამოქვეყნებულ ესეში მეცნიერი აღნიშნავს, რომ აუტიზმი აღარ არის მხოლოდ სამედიცინო ტერმინი და ის პოპულარული კულტურის ნაწილად იქცა. ფრიტის განმარტებით, სოციალურმა ქსელებმა ამ მდგომარეობის შესახებ გამარტივებული და შეცდომაში შემყვანი იდეების გავრცელებას შეუწყო ხელი, რის გამოც საზოგადოებაში აუტიზმის იარლიყის მიმართ ერთგვარი „მაგნიტური მიზიდულობა“ გაჩნდა.
პროფესორი იხსენებს, რომ 1940-იან წლებში, როდესაც აუტიზმი პირველად გამოვლინდა, ის მხოლოდ იმ ბავშვების მცირე ჯგუფს ეხებოდა, რომლებსაც სოციალური ინტერაქციის, კომუნიკაციისა და ქცევის მძიმე სირთულეები ჰქონდათ. დროთა განმავლობაში დიაგნოსტიკის ზღვარი შემცირდა და დღეს ის მოიცავს მსუბუქი მახასიათებლების მქონე პირებსაც, რომლებსაც ენობრივი ან სწავლის პრობლემები არ აღენიშნებათ. ამასთან, „ნეირომრავალფეროვნების“ იდეის პოპულარიზაციამ გააჩინა ტენდენცია, რომ აუტიზმი აღიქმებოდეს როგორც განსხვავებულობა და არა აშლილობა. ფრიტის თქმით, ეს სტიგმას ამცირებს, თუმცა აჩენს ლოგიკურ კითხვას: თუ ეს არ არის აშლილობა, რატომ ვიყენებთ სამედიცინო დიაგნოზს?
ფრიტის შეფასებით, დიაგნოსტიკური ზღვრის დაწევა დიდწილად პაციენტთა თვითშეფასებაზე დაყრდნობამ, საკუთარი იდენტობის ძიებამ და საზოგადოებაში ინტეგრაციის სურვილმა განაპირობა. მკვლევრის აზრით, ზუსტი კლინიკური დიაგნოზიდან „კულტურულად გაძლიერებულ იდენტობაზე“ გადასვლამ მოზარდებსა და ზრდასრულებში კლინიკურ შეფასებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაზარდა.
არასწორი დიაგნოზების თავიდან ასაცილებლად, მეცნიერი სპექტრის დაყოფისა და დიაგნოსტირების პროცესში მეტი სიზუსტის გამოყენების ინიციატივით გამოდის. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჟურნალ Nature Genetics-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც 5000 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით აუტიზმის ოთხი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინა, რაც სპექტრის უფრო ზუსტი კლასიფიკაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
წყარო: Telegraph

