მაიოს კლინიკამ ექიმებისთვის კლინიკური გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი AI-სისტემა დანერგა

გააზიარე

მაიოს კლინიკის პლატფორმამ (Mayo Clinic Platform) კლინიკური გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი (CDS) ახალი სისტემა დანერგა. ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა სამედიცინო პერსონალს უახლეს მტკიცებულებებსა და მაიოს კლინიკის სამეცნიერო ბაზაზე წვდომას უშუალოდ სამუშაო პროცესში სთავაზობს.

სისტემა ელექტრონული ჯანდაცვის ჩანაწერების (EHR) გარემოში ინტეგრირდება და ექიმებს პაციენტის ინდივიდუალური მართვისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას უმარტივებს. ის სხვადასხვა კლინიკურ ინსტრუმენტს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც გამორიცხავს სანდო ინფორმაციის მოსაძიებლად რამდენიმე დამოუკიდებელ პლატფორმაზე ნავიგაციის საჭიროებას.

2026 წლის ნოემბრიდან კლინიცისტებს ორ მთავარ ინსტრუმენტზე აქვთ წვდომა:

  • სპეციალიზებული ჩატი: დიდ ენობრივ მოდელზე (LLM) დაფუძნებული სისტემა, რომელიც 35-ზე მეტ სამედიცინო მიმართულებას ფარავს და EHR სისტემაშია ინტეგრირებული. ის ექიმებს რთული კლინიკური შემთხვევების გაანალიზებაში ეხმარება და პასუხებს რეცენზირებულ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით აგენერირებს. მონაცემთა ბაზა ყოველდღიურად ახლდება, რაც სპეციალისტებს უახლეს სამედიცინო მტკიცებულებებზე მყისიერ წვდომას აძლევს.

  • კლინიკური კალკულატორები: 22 ინსტრუმენტი, რომელთა გამოყენება ჩატით ან ხმოვანი კარნახით არის შესაძლებელი. სისტემა მოიცავს როგორც ინდუსტრიულ სტანდარტებს, ისე უშუალოდ მაიოს კლინიკის მიერ შემუშავებულ კალკულატორებს.

„ექიმებს უზარმაზარ სამედიცინო ცოდნაზე აქვთ წვდომა, მაგრამ კონკრეტული პაციენტისთვის რელევანტური ინფორმაციის მოძიება ძვირფას დროს მოითხოვს. ახალი სისტემით სანდო სამედიცინო ცოდნა პირდაპირ სამუშაო პროცესში შემოგვაქვს, რათა კლინიცისტებმა ნაკლები დრო დახარჯონ ინფორმაციის ძიებაზე და მეტად ფოკუსირდნენ პაციენტის მოვლაზე“, — განმარტავს მაიოს კლინიკის პლატფორმის ოპერაციული დირექტორი მანიშ გოიალი.

შემქმნელები ხაზს უსვამენ, რომ სისტემა ექიმს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება, მაგრამ მის პროფესიულ განსჯას არ ანაცვლებს.

„CDS სისტემის მიზანი სპეციალისტების მხარდაჭერაა და არა კლინიკური განსჯის ჩანაცვლება. მაიოს კლინიკის ექიმებმა თითოეული ინსტრუმენტი დეტალურად შეაფასეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სისტემა პაციენტის მოვლის ჩვენს სტანდარტებს სრულად ასახავს“, — აღნიშნავს მაიოს კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გელარეჰ ზადე.

მაიოს კლინიკის განცხადებით, პლატფორმა პასუხისმგებლიანი AI-ის პრინციპებს ეფუძნება, რაც უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და კლინიკური ღირებულების მკაცრ შეფასებას, ასევე მუდმივ ადამიანურ ზედამხედველობასა და მონიტორინგს მოიცავს.

წყარო: Mayoclinic.org

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები