2025 წლის 24 ნოემბერს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ცნობიერების ამაღლების კვირეულის (18–24 ნოემბერი) ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვე გამოწვევები და ჯანდაცვის გლობალური საკითხები მიკრობიოლოგიაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით“. ღონისძიება მიეძღვნა ქართული მიკრობიოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას, პროფესორ თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს. პროფესორი კერესელიძე გლობალური ყვავილის(smallpox) ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე იყო, რისთვისაც ჯანმოს „ბიფურკაციის ნემსის ორდენი“ (Bifurcation Needle) მიენიჭა. მისი კარიერა ასახავდა იმ მნიშვნელოვან ხიდს, რომელიც კლინიკურ მიკრობიოლოგიასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვას შორის არსებობს. სწორედ ეს მიდგომაა საჭირო თანამედროვე ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გლობალური კრიზისი
1928 წელს პენიცილინის აღმოჩენისა და შემდგომი ანტიბაქტერიული პრეპარატების განვითარების შედეგად, გაჩნდა ახალი იმედი, რომ ინფექციური დაავადებები აღარ იქნებოდა მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ანტიმიკრობული თერაპიები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, ამ მედიკამენტების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ თავად წარმოშვა ახალი, მზარდი პრობლემა- ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR). AMR წარმოადგენს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების და პარაზიტების უნარს, განივითარონ მედიკამენტებისადმი გამძლეობა, რის შედეგადაც სტანდარტულად გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები ეფექტურობას კარგავენ.
2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით ბაქტერიული რეზისტენტობა დაახლოებით 1.27 მილიონი ადამიანის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი, ხოლო თითქმის 5 მილიონი პაციენტის სიკვდილის მიზეზთან იყო ასოცირებული.
აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ქვეყნების შემთხვევაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა მძაფრდება უკვე არსებული სისუსტეების ფონზე:
- ლაბორატორიულ შესაძლებლობებში გამოკვეთილი სხვაობები
- ანტიბიოტიკების გაყიდვის არასაკმარისი რეგულაცია,
- ჯანდაცვის სისტემის ფინანსური და სამუშაო ძალის შეზღუდვები.
2015 წელს ჯანმოს მიერ მიღებულ იქნა გლობალური მოქმედების გეგმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, განათლება და სასწავლო პროგრამების გაძლიერება.
გასული ათწლეულის განმავლობაში AMR–ზე აქცენტირებულმა კვირეულის მესიჯებმაც განიცადა ცვლილება. დასაწყისში სლოგანები, როგორიც იყო „მოვუფრთხილდეთ“ და „ეძიე რჩევები“, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უსვამდა ხაზს. თუმცა პრობლემის მასშტაბების ზრდასთან ერთად, ტონი უფრო საგანგაშო გახდა და სისტემური ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს. “ცვლილებები ვერ მოიცდის” („Change can’t wait“), “ჩვენი დრო იწურება” ( „Our time is running out“), ხოლო 2024 წელს “გაანათლე სხვები, იმოქმედე ახლა” („Educate. Advocate. Act now.“)
2025 წლის მესიჯი: ,,ვიმოქმედოთ ახლა, დავიცვათ დღევანდელობა და უზრუნველვყოთ მომავალი’(„Act Now: Protect Our Present, Secure Our Future“) კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დროული მოქმედების მნიშვნელობას.
თსსუ-ის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ცნობიერების გაზრდის კვირეული
თსსუ-ში ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ცნობიერების კვირეული წარიმართა როგორც კოორდინირებული, უნივერსიტეტის მასშტაბით დაგეგმილი კამპანია, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოქმედი კლინიკური ბაქტერიოლოგი პროფესორი თამარ დიდბარიძე (MD, PhD). 2015 წლიდან იგი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიაში კლინიკურ მიკრობიოლოგად. მისი ლაბორატორია არის CAESAR ქსელის ნაწილი. გარდა ამისა, პროფესორი დიდბარიძე ხელმძღვანელობს ერთობლივ კვლევით პროექტებს Walter Reed Army Institute of Research (WRAIR)-თან და სხვა ამერიკულ პარტნიორებთან AMR-ის მიმართულებით. 2025 წლიდან იგი მოღვაწეობს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანტიმიკრობული მეთვალყურეობის კომიტეტის (AMJ) თავმჯდომარედ.

ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, პროფესორმა დიდბარიძემ შეიმუშავა ერთკვირიანი პროგრამა, რომელმაც გააერთიანა:
- საჯარო ღონისძიებები,
- სტუდენტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობები,
- სამეცნიერო დისკუსიები.
კამპანიის მიზანი იყო არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლება, არამედ რეალური, შინაარსობრივი დიალოგის მოტივირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის გაძლიერება როგორც ექიმებში, ასევე ფართო საზოგადოებაში.
კვირეული გაიხსნა პროფესორ თამარ დიდბარიძის საჯარო ლექციით – „ყველაფერი ანტიმიკრობულ რეზისტენტობის შესახებ“. მოხსენება შეეხებოდა:
- კლინიკური მიკრობიოლოგების ცენტრალურ როლს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობაში,
- ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ზუსტი დიაგნოსტიკისთვის,
- რეზისტენტობის კლასიფიკაციებს (MDR, XDR, PDR),
- გლობალურ და რეგიონულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს.
- რეზისტენტობის მექანიზმებსა და მისი გავრცელების გზებს.
„ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური საფრთხეა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს არის ყოველდღიური კლინიკური პრობლემა,“ განაცხადა პროფესორმა დიდბარიძემ.
„უნივერსიტეტებისა და სასწავლო კლინიკების მინიმალური ვალდებულებაა, უზრუნველყონ, რომ ჩვენი სტუდენტები და თანამშრომლები ამ საკითხს იმდენად კარგად იცნობდნენ, რომ შეძლონ ანტიბიოტიკის დანიშვნის დროს ეს მზარდი პრობლემა გაითვალისწინონ.“
სტუდენტების მიერ თანატოლებისა და სკოლის მოსწავლეების განათლება
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა კვირეულის განმავლობაში ჩაატარეს საგანმანათლებლო ტრენინგები თანატოლებისთვის, სადაც განიხილეს:
- ანტიბიოტიკების ზედმეტი გამოყენების როლი რეზისტენტობის გავრცელებაში.
- პრაქტიკული ნაბიჯები, რომლითაც ექიმებს შეუძლიათ ანტიბიოტიკების ეფექტურობა შეუნარჩუნონ .
„ეს მზარდი პრობლემა მათ მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს მიიღებს. თუ ისინი AMR-ს ‘სხვის მოსაგვარებელ პრობლემად’ აღიქვამენ პოლიტიკა ვერ იმუშავებს. თუ თავიდანვე ერგებიან პროცესს, ცვლილებები უფრო მდგრადი გახდება.“ განაცხადა პროფესორმა დიდბარიძემ.
სტუდენტური გუნდები უნივერსიტეტს გარეთაც გავიდნენ, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც VII–IX კლასელ მოსწავლეებს ჩაუტარეს განათლების სესიები:
- ინფექციის პრევენციაზე
- ვაქცინაციაზე,
- თვითმკურნალობის რისკებზე
- გავრცელებულ მცდარ წარმოდგენაზე, თითქოს ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს მკურნალობს.
სტუდენტებმა, პროფესორ დიდბარიძის თანხლებით, თბილისის მასშტაბით ხუთ სკოლას ესტუმრნენ და მარტივად ახსნილი მიკრობიოლოგიური კონცეფციებით აუხსნეს მოზარდებს, რატომ არის აუცილებელი ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება და როგორ ზეგავლენას იქონიებს ეს პრობლემა მათ მომავალზე.

კვირის ცენტრალური ღონისძიება: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსსუ-ში
კვირის ცენტრალური ღონისძიება იყო თსსუ-ში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის,ივ. თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების და ადგილობრივ–რეგიონული პარტნიორების ორგანიზებით, შეხვედრამ გააერთიანა თამაზ კერესელიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) თანამედროვე გამოწვევების წინხედვით განხილვა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის კონტექსტში.
სპიკერთა სია მკაფიოდ ასახავდა, თუ რამდენად მყარად არის საქართველო ინტეგრირებული საერთაშორისო მიკრობიოლოგიური და ინფექციური დაავადებების ქსელებში. მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ: რობერტ ლეო სკოვი, ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) პრეზიდენტი; სტივენ ბეკმანი- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი; მარიამ ჯაში- გლობალური სეფსისის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ნუნე დოლიანი- ჯანდაცვის კოორდინაციისა და პარტნიორობის ტექნიკური ოფიცერი WHO-ში, რომელმაც ეროვნული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პოლიტიკის გლობალურ ინიციატივებთან შესაბამისობის მნიშვნელობა გაუსვა ხაზი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ასევე მაიორი თომას მიუზიკი- უოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR–EME) ევროპის–შუა აღმოსავლეთის მიმართულების სამეცნიერო დირექტორი და პროგრამის მენეჯერი. მან მიმოიხილა WRAIR-ის სტატუსი, როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უდიდესი ბიოსამედიცინო კვლევითი სტრუქტურა, და წარმოადგინა რეგიონში განხორციელებული ინფექციური დაავადებების კვლევისა და ზედამხედველობის ფართო სპექტრი. WRAIR-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს თსსუ-თან, განსაკუთრებით ჰოსპიტალში შეძენილ ინფექციებსა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით, რაც მის ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც საქართველოს, ისე მთელი რეგიონის AMR შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

რეგიონული გამოცდილება და სამეცნიერო დიალოგი
საკვანძო ლექციებთან ერთად, პროგრამა რეგიონული ექსპერტების მიერ წარმოდგენილმა სამეცნიერო სესიებმაც გაამდიდრა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და კლინიცისტებმა საქართველოში არსებული ანტიმიკრობული რეზისტენტობისა (AMR) და ჰოსპიტალურ ინფექციებთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს, ხოლო სომეხმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა საკუთარი მონაცემები, ზედამხედველობის შედეგები და სტიუარდშიპის მიდგომები წარმოადგინეს.
მეზობელ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებამ ცხადყო, რომ აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ კავკასია მსგავსი მიკრობიოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას, რაც კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. კონფერენციის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სტუდენტური სესია, სადაც ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა, რეზიდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა საკუთარი კვლევები წარმოადგინეს, როგორც ზეპირი მოხსენების, ისე პოსტერების სახით.
დასკვნითი პანელი: One Health და მომავალი მიმართულებები
ღონისძიება დასრულდა პანელური დისკუსიით – „AMR და One Health: რა არის შემდეგი ნაბიჯი გლობალურ ბრძოლაში რეზისტენტობის წინააღმდეგ“. პანელისტებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ადამიანების, ცხოველების და გარემოს ჯანმრთელობის პოლიტიკის უკეთ შერწყმა რეგიონში და როგორ შეიძლება კონფლიქტურ კონტექსტებში მიღებული გამოცდილება უფრო ფართო სტრატეგიებში აისახოს.
სპეციალურ სესიას წარმოადგენდა „ანტიმიკრობული რეზისტენტობა უკრაინაში: საბრძოლო გარემოში მიღებული ჭრილობების ინფექციები“, სადაც მაიორმა მიუზიკმა საბრძოლო-ტრავმების მიკრობიოლოგიური პროფილი, მზარდი რეზისტენტობის ტენდენციები და მათი გავლენა სამხედრო და სამოქალაქო ჯანდაცვაზე განიხილა.
„პანელური დისკუსიებისას პრინციპებზე შეთანხმება მარტივია“, აღნიშნა პროფესორმა დიდბარიძემ, – „რეალური გამოწვევა ის არის, თუ რამდენად ეფექტიანად აისახება ეს პრინციპები პროტოკოლებსა და ყოველდღიურ პრაქტიკაში მომდევნო თვეების განმავლობაში“.

