Merck-ი 9.2 მილიარდ დოლარად ყიდულობს სტარტაპს, რომელმაც გრიპის უნივერსალური ვაქცინა შექმნა

გააზიარე

სან-დიეგოში დაფუძნებლმა პატარა ფარმაცევტულმა კომპანია Cidara-მ შეძლო ის, რაზეც სამეცნიერო საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდა: სტარტაპმა შეიმუშავა ვაქცინა, რომელიც გრიპის ყველა ფორმას ებრძვის. წარმატებული კლინიკური კვლევების შემდეგ, ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ სტარტაპს 9.2 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც ორგანიზმს კონკრეტული შტამების ამოცნობას ასწავლიან და ხშირად მხოლოდ 30%-60%-იანი ეფექტურობით გამოირჩევიან, Cidara-ს მოლეკულა CD388 სრულიად ახალი კლასის ანტივირუსული პრეპარატია.

მასპინძელ უჯრედში რეპლიკაციის ციკლის დასრულების შემდეგ, ვირუსული ნაწილაკები ტოვებენ უჯრედის ზედაპირს სხვა უჯრედების შემდგომი ინფიცირებისათვის. CD388 აინჰიბირებს ამ პროცესს, რის შედეგადაც ვირუსი რჩება უჯრედის მემბრანაზე „მიჯაჭვული“, კარგავს გავრცელების უნარს და ხდება არაპათოგენური.

Phase 2b კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 5,000 ადამიანი მონაწილეობდა, პრეპარატმა 76%-იანი ეფექტურობა აჩვენა.ამჟამად მიმდინარეობს კვლევის დასკვნითი ფაზა 6,000 მონაწილით, მათ შორის 65 წელს გადაცილებული და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებით. კვლევის შუალედური შედეგები 2026 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, „გრიპის უნივერსალური ვაქცინა“ ხელმისაწვდომი 2027 წლის ზაფხულზე გახდება. აშშ-ის მთავრობამ პროექტს უკვე გამოუყო 339 მილიონი დოლარი, რადგან ამ პრეპარატის ადგილობრივ წარმოებას პანდემიისთვის მზადყოფნისთვის კრიტიკულ მიიჩნევს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ სტაინისთვის, ეს უკვე მესამე წარმატებული სტარტაპია, რომელიც დიდ კორპორაციაზე გაყიდა. თუმცა, ამ პროექტის გადარჩენა მარტივი არ ყოფილა.

კრიზისი 2023 წელს დაიწყო, როდესაც მთავარმა ინვესტორმა, Johnson & Johnson-მა, მოულოდნელად შეაჩერა ინფექციური დაავადებების კვლევის მიმართულება. პროექტის დახურვის საფრთხის წინაშე, სტაინმა უპრეცედენტო ოპერაცია განახორციელა: სულ რაღაც 24 საათში სამი ფუნდამენტური შეთანხმება გააფორმა. მან დაიბრუნა პრეპარატზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მოახდინა კაპიტალის რესტრუქტურიზაცია და მოიზიდა საჭირო ინვესტიციები კლინიკური კვლევების გასაგრძელებლად.

ამ სტრატეგიულმა მანევრმა ბაზრის მყისიერი ნდობა მოუტანა სტარტაპს. კომპანიის აქციების ღირებულება 50 ცენტიდან 220 დოლარამდე გაიზარდა, რამაც საბოლოოდ გზა გაუხსნა Merck-თან 9.2-მილიარდიან შეთანხმებას.

წყარო: Times West Virginian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები