მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ისტორიულად იყო ექიმთა პროფესიის თანმდევი გამოწვევა, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე, პაციენტების მოვლის ხარისხსა და მთლიანად ჯანდაცვის სექტორზე. უახლესი კვლევა, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის მონაცემების ანალიზს ეფუძნება, ასახავს ამ გამოწვევის “ევოლუციურ” დინამიკას. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია ექიმებში ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებზე მოთხოვნის ექსპონენციური ზრდა, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგად პოპულაციაში დაფიქსირებულ ტემპს.
კვლევის დეტალები:
ეს ფართომასშტაბიანი კოჰორტული კვლევა, რომელსაც დოქტორი დენიელ ტ. მირანი ოტავას ჰოსპიტალის კვლევითი ინსტიტუტიდან ხელმძღვანელობდა, მოიცავდა ონტარიოში (კანადა) რეგისტრირებულ 30,000-მდე ექიმს (კარიერის ადრეულ და საშუალო ეტაპებზე). მკვლევართა მიზანი იყო, დინამიკაში შეეფასებინათ, თუ რა სიხშირით სარგებლობდნენ ექიმები ამბულატორიული სერვისებით ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. აღსანიშნავია, რომ კვლევა მიზანმიმართულად ფოკუსირდა პანდემიამდელ და პანდემიის შემდგომ პერიოდებზე, რათა დადგენილიყო COVID-19-ის კონკრეტული ზეგავლენა ექიმთა შორის დახმარების მოთხოვნის მაჩვენებლებზე.
კვლევა მოიცავდა ოჯახის ექიმებს, ქირურგებს, ფსიქიატრებს, პედიატრებს, ანესთეზიოლოგებს, გადაუდებელი და კრიტიკული მოვლის სპეციალისტებსა და რადიოლოგებს. მთლიანობაში, კვლევის პერიოდში დაფიქსირდა, რომ ექიმთა 11%-მა ერთჯერადად მაინც გამოიყენა ამბულატორიული სერვისები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
პანდემიამდე (2003-2019): მსგავს სერვისებზე ყოველწლიური მიმართვიანობა ექიმებს შორის თითქმის 12%-ს შეადგენდა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შედარებით სტაბილური იყო. პანდემიის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 15%-დე გაიზარდა.
გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში ვიზიტების უმეტესი ზრდა შფოთვითი აშლილობებისა და ადაპტაციური სტრესული რეაქციების გამო დაფიქსირდა. სავარაუდოა რომ აღნიშნული ზრდა განპირობებულია, როგორც COVID-19-ის მწვავე ფსიქოლოგიური წნეხით, ისე სამედიცინო წრეებში დახმარების მოძიებისადმი სტიგმის შემცირებით.
კვლევამ ასევე გამოავლინდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისების მოხმარების არათანაბარი დინამიკა სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობას შორის. ფსიქიატრიულ დარგში მიმართვიანობა სტაბილურად შენარჩუნდა პანდემიის პერიოდში, რადგან მათ კრიზისამდე უკვე ჰქონდათ ყველაზე მაღალი საბაზისო მაჩვენებელი (28%). ამის საპირისპიროდ, ოჯახის ექიმებსა და სხვა სპეციალობების უმრავლესობაში დაფიქსირდა მკვეთრი ზრდა. ბევრი სპეციალისტებისთვის სწორედ პანდემია გახდა ის კატალიზატორი, რამაც აიძულა დახმარება ეთხოვათ მენტალური პრობლემების და/ან ფსიქოატიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო.
პანდემიამდე ვიზიტების წამყვან მიზეზებს წარმოადგენდა შფოთვითი და გუნება-განწყობის აშლილობები. პანდემიის პერიოდში კი დაფიქსირდა სერვისებზე მოთხოვნის მკაფიო ზრდა ADHD-ის, ადაპტაციური პრობლემებისა და შფოთვის გამო.
ეს მიგნებები ადასტურებს, რომ ექიმები განიცდიან ქრონიკულ, სისტემურ დატვირთვას ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, რაც პანდემიის პირობებში მხოლოდ გამწვავდა. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში უპირატესობა მიენიჭოს ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების საპრევენციო პროგრამების დანერგვას. ეს კი აუცილებელია ჯანსაღი და პროდუქტიული სამედიცინო სამუშაო ძალის შესანარჩუნებლად.
წყარო: Annals of Internal Medicine

