ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) 2025 წლის Practitioner Pulse Survey-ის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ფსიქოლოგების ნახევარზე მეტმა სცადა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენება საკუთარ პრაქტიკაში, თუმცა თითქმის ყველა მათგანი გამოთქვამს შეშფოთებას იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტექნოლოგიამ მათ პაციენტებსა და საზოგადოებაზე.
APA-ის მიერ 2025 წლის სექტემბერში 1,742 ფსიქოლოგის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ფსიქოლოგების 56%-მა აღნიშნა, რომ გასული 12 თვის განმავლობაში მუშაობის გასაუმჯობესებლად AI ინსტრუმენტები ერთხელ მაინც გამოიყენა, რაც 2024 წლის 29%-თან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ფსიქოლოგების დაახლოებით სამი მეათედი (29%) AI-ს ყოველთვიურად მაინც იყენებდა.
ფსიქოლოგები ტექნოლოგიას ძირითადად ადმინისტრაციული ტვირთის შესამსუბუქებლად იყენებენ. ყველაზე გავრცელებული გამოყენების სფეროებია: ელ. ფოსტისა და სხვა მასალების წერა (52%), კონტენტის გენერირება (33%) და კლინიკური ჩანაწერების ან სტატიების შეჯამება (32%).
რაც უფრო მეტად უღრმავდებიან ფსიქოლოგები AI-ს, მით უფრო მკაფიოდ ხედავენ მასში პოტენციურ რისკებს. გამოკითხულთა 92%-მა გამოხატა შეშფოთება AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემებია: მონაცემების გაჟონვის პოტენციალი (67%), მოულოდნელი სოციალური ზიანი (64%), მიკერძოება შეყვანილ და გამომავალ ინფორმაციაში (63%), რისკების შესამცირებლად მკაცრი ტესტირების ნაკლებობა (61%) და არაზუსტი გამომავალი ინფორმაცია ანუ “ჰალუცინაციები” (60%).
APA-ის აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ართურ კ. ევანსი უმცროსი, აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეამსუბუქოს ფსიქოლოგების წინაშე არსებული ზეწოლა ეფექტურობის გაზრდით, მაგრამ ადამიანის ზედამხედველობა აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგების 38% შიშობს, რომ AI მომავალში მათ სამუშაო მოვალეობებს ჩაანაცვლებს, ისინი ამ ტექნოლოგიას იშვიათად იყენებენ კომპლექსური კლინიკური ამოცანების შესრულებისას. AI-ის მომხმარებელი ფსიქოლოგების მხოლოდ 8%-მა გამოიყენა ის კლინიკურ დიაგნოზში დასახმარებლად, ხოლო 5%-მა შესთავაზა პაციენტებს ჩატბოტის გამოყენება. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე AI ძირითადად აღიქმება როგორც დამხმარე ინსტრუმენტი და არა როგორც სპეციალისტის შემცვლელი კლინიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
APA მკაცრ რეკომენდაციებს გასცემს კლინიკურ მუშაობაში AI-ის გამოყენებამდე. ეს მოიცავს: პაციენტებისგან ინფორმირებული თანხმობის მიღებას, AI ინსტრუმენტების შეფასებას პოტენციური მიკერძოების თვალსაზრისით, კონფიდენციალურობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და იმის გაგებას, თუ როგორ ხდება პაციენტის მონაცემების გამოყენება, შენახვა ან გაზიარება.
ფსიქოლოგების 46% ამბობს, რომ მათ ადგილი არ აქვთ ახალი პაციენტებისთვის, ხოლო 45% აღნიშნავს, რომ მათი პაციენტების სიმპტომების სიმძიმე იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი კვლავ მწვავედ დგას.
წყარო: APA

