გულისა და ფილტვის ტრანსპლანტაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISHLT) ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გულფილტვის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტთა მოვლასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია 1981 წლიდან კარდიოლოგებს, კარდიოქირურგებს, პულმონოლოგებს, ტრანსპლანტოლოგებს, მკვლევრებს, ექთნებსა და სხვა სამედიცინო სპეციალობის მქონე პირებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ISHLT თანამედროვე ტრანსპლანტაციის მეთოდების, კვლევის, კლინიკური რეკომენდაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიცინის განვითარებაში. საზოგადოება ასევე გავლენიან სამეცნიერო ჟურნალს The Journal of Heart and Lung Transplantation გამოსცემს და მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ რეესტრს აწარმოებს გულისა და ფილტვის ტრანსპლანტაციის შედეგების შესახებ. ეს ყველაფერი ISHLT-ს ამ სფეროში ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო ავტორიტეტად აქცევს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ISHLT გრანტების, ჯილდოებისა და საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების მეშვეობით, გლობალური მასშტაბით სამედიცინო მუშაკთა პროფესიულ განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ISHLT-ის სამოგზაურო/სავიზიტო სიტპენდია, რომელიც ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის ხუთამდე წარმომადგენელს გადაეცემა. პროგრამა მოკლევადიან საგანმანათლებლო ვიზიტებს აფინანსებს, რომლებიც, როგორც წესი, რამდენიმე კვირას გრძელდება და კლინიკური პრაქტიკის, კვლევითი საქმიანობისა და მულტიდისციპლინარული მუშაობის დაკვირვებას მოიაზრებს.
მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია, წელს მის ერთ-ერთ ბენეფიციარად ქართველი კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი დასახელდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედსკრიპტუმი ბატონ ზვიადს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.
როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას და რა სამომავლო მიზნებს ხედავთ?
“დიდი მადლობა მოლოცვისთვის ჩემთვის ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ამ ჯილდოს მიზანი გულისა და ფილტვის ტრანსპლანტაციისა და გულფილტვის უკმარისობის ბოლო სტადიის მკურნალობის შესახებ ცოდნისა და ტექნიკების გაცვლის ხელშეწყობაა. ასევე, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ინდივიდუალურ დაწესებულებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დასამყარებლად.”
სტიპენდია სამომავლოდ შესაძლოა კლინიკაში, საოპერაციო ოთახებსა თუ ლაბორატორიაში ახალი ტექნიკის შესასწავლად იქნეს გამოყენებული, ან უბრალოდ იმის გასაგებად, თუ როგორ უმკლავდებიან სხვები რთულ პრობლემებს.
ISHLT-ის მთავარი გვერდის თანახმად, ექიმი ზვიად ყიფიანი დაგეგმილი საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში ბრიგჰემისა და ქალთა ჰოსპიტალში (Brigham and Women’s Hospital), ბოსტონში, აშშ-ში გაემგზავრება.
Brigham and Women’s Hospital საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, როგორც გულის მძიმე უკმარისობის, მექანიკური სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერის, მათ შორის, ვენტრიკულური დამხმარე მოწყობილობების(LVAD) და გულის ტრანსპლანტაციის მულტიდისციპლინური პროგრამებით. ISHLT-ის განცხადების მიხედვით:
“ექიმი ყიფიანი სტიპენდიას გამოიყენებს, რათა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ისწავლოს. დაეუფლოს გულის უკმარისობის მართვის უახლეს უნარებს მექანიკური ცირკულაციური მხარდაჭერისა და ტრანსპლანტაციის სფეროებში. ეს სასწავლო გამოცდილება მას საშუალებას მისცემს დააკვირდეს და ისწავლოს LVAD ჩანერგვისა და ტრანსპლანტაციის პროცესები, მათ შორის, მრავალდისციპლინარული გუნდის კოორდინაცია. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს პაციენტების შერჩევის, ოპერაციის შემდგომი მართვის, გრძელვადიანი მონიტორინგისა და VAD კოორდინატორების ინტეგრაციის პროცესში.
ექიმი ყიფიანი იმედოვნებს, რომ ეს გამოცდილება შეუცვლელი იქნება საქართველოში მსგავსი პროგრამების განვითარების პროცესში.”
რატომ არის ეს სტიპენდია მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
ექიმი ზვიად ყიფიანის შერჩევა ISHLT-ის საერთაშორისო სტიპენდიატად რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
პირველ რიგში, ეს ქართველი სპეციალისტის პროფესიული კომპეტენციის საერთაშორისო აღიარებაა ისეთ რთულ და მაღალკვალიფიციურ სფეროში, როგორიც გულის მძიმე უკმარისობა და ტრანსპლანტოლოგიაა.
მეორე მხრივ, სტიპენდია ISHLT-ის ასოციაციის საქართველოსადმი ნდობის ინდიკატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში LVAD-ის ინპლანტაციის პრეცენდენტები არსებობს და ადგილი ამ მიდგომის ქვეყანაში დანერგვის მცდელობას აქვს. თითოეული ქართველი ექიმის ახალი გამოცდილება სფეროსთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

