პირველად საქართველოში, კლინიკა „MediClubGeorgia“-ში ინერგება პირველადი სიმსუქნის მართვის თანამედროვე ენდოსკოპიურ-ბარიატრიული პროცედურა – POSE-2.
POSE-2 წარმოადგენს ენდოსკოპიურ მეთოდს, რომელიც ენდოლუმინალური მიდგომით ხორციელდება. ღია ქირურგიული ბარიატრიისგან განსხვავებით, აღნიშნული მიდგომით განაკვეთის გარეშე, საყლაპავის გავლით კუჭი შიგნიდან იკერება, რის შედეგადაც მისი მოცულობა მცირდება, ყოველგვარი ღია ოპერაციული ჩარევის გარეშე.
POSE-2-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა რეაბილიტაციის მცირე დრო – პაციენტებს პროცედურიდან რამდენიმე საათში შეუძლიათ კლინიკის დატოვება და მოკლე დროში ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნება. პროცედურა დაახლოებით 20-30 წუთს გრძელდება, რაც რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო ხანმოკლესა და მარტივს ხდის.
პროცედურის შედეგად კუჭის მოცულობა 75-80%-მდე მცირდება, რაც იწვევს ადრეული დანაყრების შეგრძნებას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ჯანსაღი და სასურველი წონის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ ამ დროს კუჭის არც ერთი უბანი არ იკვეთება – ხდება მხოლოდ კუჭის შიგნიდან ამოკერვა და მისგან ე.წ. ვიწრო მილის ფორმირება.
POSE-2 -ის მეშვეობით თავდაპირველი წონა საშუალოდ 20%-ით მცირდება.
Primary Obesity Surgery Endoluminal 2.0 (POSE-2) ინოვაციური მიდგომაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2019 წლიდან გამოიყენება და აქტიურად ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი და სხვა.

22 დეკემბერს MediClubGeorgia-ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადმა ქირურგმა და ენდოსკოპისტმა ირაკლი ლაშხმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა ის პროფესიული გამოცდილება , რომელიც მან და მისმა გუნდმა POSE-2-ის პრაქტიკული ტრენინგის გავლის შედეგად მიიღო. ბატონმა ირაკლიმ შეხვედრაზე განიხილა ზემოთხსენებული ენდოსკოპიურ-ბარიატრიული მიდგომის მეთოდიკა, ჩვენებები, მოსალოდნელი შედეგები და პოსტოპერაციული მართვის პრინციპები.
შეხვედრის პარალელურად, ბატონ ირაკლი ლაშხს მედსკრიპტუმი ესაუბრა, რომელშიც მან დეტალურად განმარტა, თუ რა სამედიცინო და ორგანიზაციული პროცესები დახვდება MediClubGeorgia-ში მისულ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც POSE-2 პროცედურის ჩატარება სურს. ინტერვიუს ფარგლებში აღინიშნა POSE-2-ის უპირატესობა სხვა ინვაზიურ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით, ასევე მან მკითხველს პაციენტის შერჩევის კრიტერიუმებიც გაუზიარა.
რა არის POSE-2 და რა უპირატესობა აქვს მის არჩევას სხვა ტრადიციულ ბარიატრიულ მეთოდებთან შედარებით?
POSE-2 წარმოადგენს ენდოსკოპიურ-ბარიატრიულ პროცედურას, რომელიც გულისხმობს კუჭის განაკვეთის გარეშე, შიგნიდან გაკერვას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს კუჭის მოცულობის დაახლოებით 75-80%-მდე შემცირებას. პროცედურა გამოირჩევა რიგი მნიშვნელოვანი უპირატესობით: კანზე არ წარმოიქმნება ნაწიბურები და არ ხდება კუჭის ქსოვილის კვეთა, რაც მას არსებითად განასხვავებს ისეთი ინვაზიური ქირურგიული ჩარევისგან, როგორიცაა – ქირურგიული სლივ გასტრექტომია. იმის გამო, რომ POSE-2-ის დროს კუჭის ქსოვილი არ იკვეთება, პაციენტებს, როგორც წესი, არ უვითარდებათ ისეთი დარღვევები, როგორიცაა ელექტროლიტური დისბალანსი და ვიტამინოდეფიციტი, რომელიც თან ახლავს სლივ -გასტრექტომიას. შესაბამისად, პაციენტებს არ სჭირდებათ პერიოდულად ორგანიზმის ვიტამინებით და ელექტროლიტებით შევსება.
რა კრიტერიუმებით შეირჩევა პაციენტები, ჩატარდეს POSE-2 თუ ინვაზიური ქირურგიული ჩარევა?
პირველ რიგში, ეს არის სხეულის მასის ინდექსი (BMI), რომელიც უნდა მერყეობდეს 30-დან 40-მდე. ასაკობრივი კრიტერიუმის მიხედვით, პროცედურა რეკომენდებულია 25-დან 55 წლამდე ასაკის პაციენტთათვის. ამასთან, POSE-2 შესაძლებელია ჩატარდეს იმ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტისთვის ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია ან მაშინ, როდესაც პაციენტს არ სურს ინვაზიური მეთოდი და მისთვის უპირატესია სწრაფი რეაბილიტაცია და მოკლე დროში ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნება. აღნიშნული მიდგომა პაციენტებს საშუალებას აძლევს, მინიმალური ინვაზიის პირობებში შეუმცირდეთ კუჭის საერთო მოცულობა და ამ ფონზე დაიწყოს წონის ბალანსირებული კლება.
რა წინააღმდეგობა არსებობს ისეთი, რომლის დროსაც უკუნაჩვენებია POSE-2 ?
პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს საყლაპავის ისეთი პათოლოგია, რომლის დროსაც ენდოსკოპიური აპარატის გატარება ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება, მაგალითად, საყლაპავის შევიწროება (სტრიქტურა). ასევე წინააღმდეგჩვენებაა წყლულოვანი დაზიანებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარებისა და დაზიანებების შეხორცების შემდეგ, შესაძლებელია POSE-2 პროცედურის შესრულება. აქტიურ ფაზაში მყოფი წყლულოვანი დაავადების დროს ჩარევა არ არის რეკომენდებული და აუცილებელია დაავადების სტაბილიზაცია. პროცედურა არ ტარდება ღვიძლის ციროზის, პორტული ჰიპერტენზიისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების არსებობისას, ვინაიდან აღნიშნული მდგომარეობები ქმნის როგორც მექანიკური დაზიანების, ისე სისხლდენის რისკს, აპარატის საყლაპავში გატარებისას. გარდა ამისა, POSE-2 არ არის რეკომენდებული ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) დროს, როგორიცაა: წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება, რადგან ამ პათოლოგიების ფონზე იზრდება გართულებების განვითარების რისკი. ასევე გასათვალისწინებელია ნიკელზე ალერგიაც, რადგან კუჭის გაკერვისთვის გამოყენებული ნაკერები შეიცავს ნიკელს, რაც ალერგიული რეაქციის განვითარების საფრთხეს ქმნის. პრაქტიკაში დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც პაციენტმა წინასწარ არ იცოდა ნიკელზე ალერგიის არსებობის შესახებ, ასეთ ვითარებაში, პროცედურის შემდგომ გამოვლინდა ტკივილი, თუმცა მძიმე გართულებები არ აღინიშნებოდა.
როგორია პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი და ახლავს თუ არა გართულებები?
პროცედურის შემდგომ პერიოდში შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გულისრევის შეგრძნება და ტკივილი გამოვლინდეს, რომელიც მედიკამენტოზურად ეფექტურად მართვადია. აღსანიშნავია, რომ გართულებები, რომელიც აღწერილია სამედიცინო კვლევებში, მაგალითად, სისხლდენა, უმეტესად უკავშირდებოდა აღნიშნული პროცედურის ადრეულ ვერსიას -თავდაპირველ POSE მეთოდს(ამ დროს კუჭს შიგნიდან მრავლობითი ნაკერები ედებოდა. POSE-2-ის დროს კი ექვსი ნაკერი იდება და ფოკუსირებულია კუჭის სხეულის პლიკაციაზე. თანამედროვე POSE-2 ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, პრაქტიკულად არ აღინიშნება მნიშვნელოვანი გართულებები, რაც ამ მეთოდის უსაფრთხოების მაღალ დონეზე მეტყველებს. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის თვალსაზრისით, POSE-2 წარმოადგენს ამბულატორიულ ჩარევას, რის გამოც პაციენტი მალევე ეწერება კლინიკიდან და მოკლე დროში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სწორედ სწრაფი რეაბილიტაცია და მინიმალური ინვაზიურობა განაპირობებს აღნიშნული პროცედურის მნიშვნელოვან უპირატესობას ქირურგიულ სლივ-გასტრექტომიასთან შედარებით, რომელიც ღია ოპერაციული ჩარევით ხორციელდება და ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდით ხასიათდება.
რას სთავაზობს MediClubGeorgia კლინიკაში მოსულ პაციენტებს, რომლებსაც POSE-2 ის ჩატარება სურთ და როგორი იქნება პაციენტის პოსტოპერაციული მართვა?
კლინიკაში მულტიდისციპლინური გუნდი ოპერირებს, რომელშიც ოჯახის ექიმი, ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი და ფსიქიატრი შედის. პაციენტი პირველ ეტაპზე თითოეულ ამ სპეციალისტთან გადის კონსულტაციას, რის საფუძველზეც ფასდება მისი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა და დგინდება, რამდენად უსაფრთხო და მიზანშეწონილია აღნიშნული პროცედურის ჩატარება კონკრეტული ინდივიდისთვის. მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შემდეგ ვთავაზობთ პაციენტს POSE-2-ს. ბარიატრიული პროცედურის შემდეგ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტს ენიშნება დეტალურად გაწერილი კვების გეგმა, რომელიც ცვალებადია კვირების მიხედვით. აღნიშნული მეთოდი გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს წონის სტაბილურ და უსაფრთხო კლებას.
რამდენი წელია, რაც ეს პროცედურა ტარდება მსოფლიოს მასშტაბით? როგორია პროცედურის შემდეგ პაციენტებში წონის ცვლილების სტატისტიკა? რა მნიშვნელობა აქვს POSE-2-ის შეთავაზებას ქართველი მოსახლეობისთვის?
წონის კლება ის საკითხია, რომელსაც პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. სხვადასხვა კლინიკური კვლევის მიხედვით, POSE-2 პროცედურის შემდეგ სხეულის მასის საშუალო კლება დაახლოებით 20%-ს შეადგენს, თუმცა რიგი ავტორის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში აღნიშნული მაჩვენებელი 25%-საც აღწევს. სლივ-გასტრექტომიასთან შედარებით, კლება შედარებით ნაკლებია, თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაბალია გართულებების რისკი. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ხშირად ფიქსირდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ნაკერის უკმარისობა, ელექტროლიტური დისბალანსი, ვიტამინების დეფიციტი, რაც ხანგრძლივ და სისტემურ სამედიცინო კორექციას საჭიროებს.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში აღნიშნული ენდოსკოპიურ-ბარიატრიული პროცედურა აქამდე არ ტარდებოდა, MediClubGeorgia-მ გადაწყვიტა მისი დანერგვა და პაციენტებისთვის თანამედროვე, ე.წ. არაინვაზიური მეთოდის შეთავაზება, რომელიც ნაკლები გართულებებითა და მაღალი უსაფრთხოებით ხასიათდება. კლინიკის მიზანია, პროცედურა ხელმისაწვდომი გახდეს, არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი პაციენტებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ POSE-2 პროცედურა უკვე 5-6 წელია წარმატებით ტარდება. მისი წინამორბედი ტექნიკა, POSE, კი 8-10 წელზე მეტია გამოიყენება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
POSE-2 პროცედურის უპირატესობები:
- წონის სტაბილური კლება – ხელს უწყობს წონის თანდათანობით და უსაფრთხო კლებას;
- ხანმოკლე რეაბილიტაცია – პროცედურის შემდეგ პაციენტებს რამდენიმე საათში შეუძლიათ კლინიკის დატოვება და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან სწრაფი დაბრუნება;
- ნაწიბურების გარეშე – პროცედურა ტარდება განაკვეთის გარეშე, კანზე არ რჩება ჭრილობა;
- მინიმალური გართულებების რისკი;
- გრძელვადიანი შედეგები და ხარჯთეფექტურობა;
- პროფესიონალების დახმარებით ჩამოყალიბებული ჯანსაღი კვების ჩვევები.
კლინიკა MediClubGeorgia-ში დაგეგმილია POSE-2 ენდოსკოპიურ-ბარიატრიული პროცედურის ჩატარება წამყვანი ესპანელი ექიმ-ენდოსკოპისტის, რომან ტურროს მონაწილეობით. იგი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტია, რომელიც ყოველწლიურად 1000-მდე პაციენტს ეხმარება ჭარბი წონის მართვაში. იგი ისეთი საერთაშორისო კომპანიების სამედიცინო საკონსულტაციო ჯგუფის წევრია, როგორიცაა: USGI Medical, Aspire Bariatrics და Allurion. საქართველოში POSE-2 პროცედურა რამდენჯერმე განხორციელდება მისი უშუალო მონაწილეობითა და ზედამხედველობით, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვასა და აღნიშნული ინოვაციური მეთოდის მაღალ კლინიკურ სანდოობას.
ვებ-გვერდი: MediClubGeorgia

